კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა სახლის მიმართვა სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

28 ოქტომბერი, 2014
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილური ჯგუფი 23 ოქტომბერს, მონიტორინგის მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. ორგანიზაცია სოფელში ადგილობრივ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის არსებულ დაძაბულობას შემაშფოთებლად მიიჩნევს და სახელმწიფოს მოუწოდებს, გამოძებნოს კომპრომისული გადაწყვეტილება, რათა დროულად განიმუხტოს სიტუაცია. 

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა სოფლის ერთ-ერთი შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვს. მათი თქმით, ამ შენობაში 1944 წლამდე მეჩეთი იყო. სოფლის მართლმადიდებელი მოსახლოება კი, ამბობს, რომ ამ შენობაში მეჩეთი არასოდეს ყოფილა და იქ, საბჭოთა კავშირის დროს, სოფლის კლუბი ფუნქციონირებდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში კი, შენობა პრაქტიკულად უფუნქციო იყო.

მოხეში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გამგეობამ შენობის რეაბილიტაცია და იქ კულტურის ცენტრის მოწყობა გადაწყვიტა. მუსლიმების თქმით, ყოფილ მეჩეთში კულტურის სახლის მოწყობა მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. მათ 22 ოქტომბერს პროტესტის ნიშნად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება, ეწარმოებინათ ყოფილი კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საპროტესტო აქციის დროს 14 ადამიანი დააკავეს. როგორც მუსლიმი მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აცხადებს, პოლიციელები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ. მათივე თქმით, პოლიციამ მოქალაქეების დაკავებისას გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც 15- ამდე ადამიანი   დაშავდა. ამჟამად ყველა დაკავებული გათავისუფლებულია და შეხლაშემოხლის დროს დაზარალებული მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. 

ადგილზე არსებულ სიტუაციას სახალხო დამცველის აპარატიც გაეცნო. სახალხო დამცველის ოფისის განცხადების მიხედვით,  ადგილობრივი მუსლიმების ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ 22 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმები კი ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. 

ამ ეტაპზე, სადავო შენობის პერიმეტრს სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სამართალდამცავები იცავენ. იქ ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც შენობის წინ გაკრული აბრიდან ირკვევა, შენობაში ახალი ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება. 

სოფელ მოხეში მუსლიმები, რომლებიც მოსახლეობის 80 %-ს შეადგენენ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან შენობაში ბიბლიოთეკის ან კულტურის სახლის გახსნას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ეს არის ძველი მეჩეთის ნაგებობა და მას უნდა დაუბრუნდეს თავისი სტატუსი. მათ იგივე თხოვნით ჯერ კიდევ 90 წლებში მიმართეს მთავრობას, რაზეც უარი ეთქვათ. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოფლის მუსლიმი მოსახლეობა ერთ-ერთ ნაქირავებ სახლში ლოცულობს. მათივე თქმით, ეს სახლი ლოცვისთვის შეუსაბამოა, რადგან შესაბამისად არაა მოწყობილი და ის ვერ ჩაანაცვლებს მეჩეთს. უახლოესი მეჩეთი კი, სოფლიდან დაახლოებით 5 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. 

ადგილობრივი მუსლიმების მოთხოვნას, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობა. ვინაიდან სოფელში არ არსებობს ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი კულტურული ცენტრი, მართლმადიდებელი მოსახლეობა მიესალმება ადიგენის მუნიციპალიტეტის შენობის რეაბილიტაციის ინიციატივას, სადაც უახლესი ინფორმაციით, ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება.

ამჟამად სოფელ მოხეში საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თემურ ბერიძის განცხადებით, მიმდინარე პროცესების გამო, შეჩერებულია სასწავლო პროცესი - მუსლიმი მოსახლეობა, პროტესტის ნიშნად, ბავშვებს სკოლაში არ უშვებს. ამ ფაქტით უკმაყოფილოა მართლმადიდებელი მოსახლეობა.

როგორც თავად მოსახლეობა აღნიშნავს, სოფელ მოხეში აჭარიდან და რაჭიდან ჩამოსახლებული სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ეთნიკური ქართველები ყოველთვის მშვიდობიანი თანაცხოვრობით გამოირჩეოდნენ. ამ ფაქტამდე, მათ შორის დაძაბულობა პრაქტიკულად არასოდეს ყოფილა. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მოუწოდებენ მთავრობას, გადადგას ეფექტური ნაბიჯები, უზრუნველყოს მოსახლეობის სწორი და ადეკვატური ინფორმირება და მათთან ერთად, ორივე მხარის ჩართულობით, გამოძებნოს კომპრომისული გამოსავალი. 

ასევე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 22 ოქტომბრის აქციის მონაწილეების დაკავების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების საქმის გამოძიებას. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
მედიის ინსტიტუტი
ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი - კავკასია
კავშირი საფარი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

ახალი ამბები