კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების შესახებ

6 ოქტომბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი. 

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, საიმიგრაციო პროცესების დარეგულირების მიზნით, ძალაში შევიდა ახალი კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. კანონით რეგულირდება უცხოელთა საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა. კანონით ძირითად პრინციპებად აღიარებულია: ოჯახის ერთიანობის პრინციპი, დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი, არგაძევების პრინციპი, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი. თუმცა, ერთია კანონით დაწესებული ნორმები და მეორეა მათი შესრულების მდგომარეობა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს ათეულობით უცხოელმა მომართა, რომელთაც ბოლო პერიოდში უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უარის თქმის საფუძველს უმეტესად წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ადამიანის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ასეთ უფლებამოსილ ორგანის საქართველოში წარმოადგენს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომლის „დასკვნა“ სულ რამდენიმე წინადადებისაგან შედგება და მთავრდება ვერდიქტით: „კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“. 

არც ერთ საქმეში მხარისათვის არაფერია ცნობილი იმ „არგუმენტების“ შესახებ რაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაშია აღნიშნული. თუმცა, ამ ფაქტს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არავითარ ყურადღებას არ აქცევს და უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში დროებით ცხოვრებაზე უარს ეუბნება. პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ არგუმენტებით არც სასამართლო ინტერესდება. სასამართლო ხელმძღვანელობს კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით, რომლის შესაბამისადაც კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და არ შეიძლება გამოყენებული იქნას სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისთვის ასევე მომართა რამდენიმე უცხოელმა მოქალაქემ, რომლებიც დაქორწინებული არიან საქართველოს მოქალაქეებზე. მათ ჰყავთ შვილები, რომლებიც ქართულ სკოლაში დადიან და სურვილი აქვთ, ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, როცა იუსტიციის სამინისტრო მათ ბინადრობის ნებართვაზე უარს ეუბნება, ოჯახი დგება არჩევანის წინაშე - ან ოჯახი ინგრევა ან მიემგზავრება სხვა ქვეყანაში. ფაქტობრივად, სახელმწიფო აიძულებს თავის მოქალაქეს,  დაანგრიოს ოჯახი, ანუ მამას წავიდეს თავის ქვეყანაში და დედა და შვილი დატოვოს საქართველოში. ეს კი უკვე არის ოჯახის ერთიანობის დანგრევა და არავის აქვს უფლება, ასე უხეშად ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში. მით უმეტეს, ასეთ შემთხვევებზე უკვე არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ მოქალაქეთა სასარგებლოდ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

იუსტიციის სამინისტროს, გადახედოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობის პრაქტიკას და საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისას გასცეს მხოლოდ დასაბუთებული უარი. 

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაწოდოს რეალური ინფორმაცია და უცხოელ მოქალაქეთა საქართველოში ბინადრობაზე უარი გაამყაროს არგუმენტირებული დასკვნით.

საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და შეცვალოს როგორც კანონმდებლობა, ისე პრაქტიკა, რათა ქვეყანაში აღმოიფხვრას უცხოელთა უფლებების შელახვისა და დისკრიმინაციის ფაქტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები