კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ოჯახში ძალადობის ფაქტებმა იმატა

10 ნოემბერი, 2014
 ნინო ახობაძე, humanrightshouse.org 

2 ოქტომბერი _ ოზურგეთში ქმარმა ცოლი, ბავშვების თვალწინ, ნაჯახით მოკლა და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა. 17 ოქტომბერი _ ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 19 ოქტომბერი _ გურჯაანში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით  მოკლა.

29 ოქტომბერი _ დედოფლისწყაროში 31 წლის ორსული ცოლი ქმარმა სასტიკად სცემა. ინციდენტს მათი 13 წლის შვილი შეესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის იანვრიდან ივნისამდე ოჯახში ფიზიკური ძალადობის - 77, ფსიქოლოგიური ძალადობის კი, 122 ფაქტი დაფიქსირდა. ოჯახში ძალადობის ფაქტებს ბოლო ერთი წლის მანძილზე 30-მდე   ქალი ემსხვერპლა. 

ძალადობის მსხვერპლი, როგორც წესი ქალია. რაგიონების მიხედვით კი, ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი დედაქალაქში ფიქსირდება.

(თანდართული ცხრილები იხილეთ ქვემოთ)

სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა, ოფიციალურ სტატისტიკაში ნაჩვენებზე გაცილებით მეტია, რადგან ოფიციალურ სტატისტიკაში მხოლოდ ის ფაქტებია ასახული, რომლის შესახებაც პოლიცია იყო ინფორმირებული. ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალადობის მსხვერპლები პოლიციას არ მიმართავენ. 

„ეს ოჯახის საქმეა“ - საზოგადოების პასუხისმგებლობა

რატომ არ მიმართავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სამართალდამცავ უწყებებს? ან რატომ არის მსხვერპლის მეზობელი, ნათესავი, მეგობარი ჩუმად, როცა იცის რომ მის გარშემო ოჯახში ძალადობის ფაქტი ხდება? როგორც სფეროს ექსპერტები განმარტავენ, ამის მთავარი მიზეზი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპები და სტიგმაა:

„ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რეალურ სურათს, რადგან  ჩვენს გარშემო ძალადობის უამრავი შემთხვევა ხდება, რომლის შესახებაც არავის განუცხადებია პოლიციაში. ძალადობის მსხვერპლი ქალები სამართალდამცავებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ. ამის მიზეზი სხვადასხვაა,  საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის არქონა, მძიმე სოციალური მდგომარეობა, უნდობლობა საკანონმდებლო რეგულაციებისა და სამართალდამცველების მიმართ, საზოგადოებაში არსებული სტიგმა - ესაა ის მთავარი მიზეზები, რის გამოც ქალი, ოჯახში ძალადობის შემთვევაში სამართალდამცველებს არ მიმართავს“, - აღნიშნავს  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი. 

ამის შესახებ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშშიცაა საუბარი: „საზოგადოება კვლავ სტერეოტიპულ გარემოში ცხოვრობს, სადაც უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებულია. კვლავ დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ოჯახში ძალადობისას გაუმართლებელია გარეშე პირთა ჩარევა, რადგან აღნიშნული საკითხი მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს“. 

ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულებას კარგად ასახავს საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის  2013 წლის კვლევა. თბილისში, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და კახეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით,  რესპონდენტთა 34,6 % მიიჩნევს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია, თუკი ის შვილებს არ აქცევს ყურადღებას, ქმარს ეჩხუბება, საჭმელს ცუდად აკეთებს, უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე, ან უნებართვოდ გადის სახლიდან.

„საზოგადოება ხშირად არატოლერანტულია შევიწროების მსხვერპლის მიმართ და ის ორმაგ დისკრიმინაციას განიცდის. რიგ შემთხვევებში კი, თავად მსხვერპლი ვერ აცნობიერებს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ან ირჩევს ითმინოს იგი საზოგადოების მხრიდან გაკიცხვისაგან თავის ასარიდებლად,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში. 

სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების ცნობიერების დონე ძალიან დაბალია. მისთვის სწორი და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებაში მედიას უდიდესი როლი ეკისრება:

„მედიას დიდი როლი  აქვს მოვლენების სწორად  გაშუქებაში. ეს ის თემაა, რომელიც საზოგადოებისთვის მტკივნეულია და პულსირებს. არასწიორად გაშუქებულო ინფორმაცია, როგორც ინფექციის ტალღა ისე მოედება ხოლმე საზოგადოებას. არსებობს დაკვირვებები, თუ როგორ იზრდება მოვლენის სენსაციური გაშუქების შედეგად ჰომიციდები და სუიციდები. შესაბამისად, ჟურნალისტებმა უნდა აირიდონ ისეთი სიუჟეტის გაკეთება, სადაც საკუთარ განცდებს მხატვრულად ჩადებს, სადაც სენსაციის ეფექტი იქნება წამყვანი და არა პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართვა. ეს არის ის ველი, სადაც ჟურნალისტები, შესაძლებელია,  “ინფექციის გადამტანის როლში” აღმოჩდნენ“, - ამბობს ფსიქოლოგი სოფო ტაბაღუა. 

როგორ ვებრძვით ოჯახში ძალადობას?

საქართველოს პარლმენტმა 2006 წელს მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, რომელიც  ძალადობის მსხვერპლთა კანონიერ დაცვასა და მოძალადეთა შესაბამისად დასჯას ითვალისწინებს.  აღნიშნული კანონის მე–3 მუხლში განმარტებულია ოჯახში ძალადობის რაობა: „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, ან იძულებით.”

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი განმარტავს ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით: „ძირითადად, არსებობს რეგულაციები, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული, ესაა შემაკავებელი და დამცავი ორდერები. თვითონ პოლიციელს აქვს შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლება, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლის დაცვის ბერკეტებს, დაშორიშორებას მსხვერპლისა და მოძალადის. დამცავ ორდერს გამოსცემს პირველი ინსტანციის სასამართლო. ოჯახში ძალადობა ასევე სისხლის სამართლებრივად დასჯადია, კერძოდ ამას ითვალისწინებს 126–ე პრიმა მუხლი.“

თამარ ავალიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი ხარვეზიანია, რადგან სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე, არსებული სანქცია, რაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ძალიან არარეალური და  ზედმეტად მსუბუქია. ის მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ აღნიშნული მუხლში ცვლილებების შეტანის ინიციატივა გამართლებულია იმდენად, რამდენადაც ოჯახური ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამისად,  უნდა დაიწყოს გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 126–ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილში მოძალადისათვის პრევენციულ ზომად თავისუფლების აღკვეთის შემოტანის ინიციატივას ეხმაურება იურისტი, კავშირ „საფარის“ წარმომადგენელი ბაია პატარაია და მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ბევრმა მსხვერპლმა თავი შეიკავოს პატრულის გამოძახებისაგან. ის აღნიშნავს, რომ 126–ე  პრიმა მუხლი  მოიცავს ფიზიკურ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიური ძალადობის გარკვეულ კომპონენტებს და ის არის ყველაზე მსუბუქი მუხლი, რადგან პრევენციული ხასიათისაა; მე–11 პრიმა მუხლი კი მოიცავს უფრო მძიმე დანაშაულებს.

„126–ე პრიმა მუხლი ძირითადად პრევენციული ხასიათისაა, რომ უფრო მძიმე დანაშაულში არ გადაიზარდოს ოჯახში ძალადობის ყველაზე საწყისი ფორმა. თავის დროზე, როდესაც ეს მუხლი მუშავდებოდა, მეც აქტიურად ვიყავი ჩაბმული და თავისუფლების აღკვეთა სპეციალურად არ ჩაიწერა. იდეა იყო ის, რომ ამას ჰქონდა პრვენციული ეფექტი და ბევრ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს არ შეეკავებინა თავი პოლიციისათვის მიმართვაზე, იმის შიშით, რომ მოძალადეს ეგრევე დააკავებდნენ. ძალიან ბევრ ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომლებიც თუნდაც „საფარს“ მომართავენ იურიდიული ან სხვა ტიპის კონსულტაციების მისაღებად, უჭირთ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ პოლიცია ჩართონ საქმეში. სჭირდებათ გარანტიები, რომ თუ ძალადობა ძალიან მძიმე ხასიათს არ ატარებს, მოძალადეს ეგრევე ასეთი მძიმე სანქცია არ დაეკისროს. ამის მიზეზი ის არის, რომ ხშირად მოძალადე ოჯახში ერთადერთი შემომტანია და შესაძლოა ოჯახს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნას, თუ მოძალადეს დაიჭერენ და ის სამსახურს დაკარგავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იმსჯელოს ამაზე, დაასაბუთოს რატომ აპირებს 126–ე პრიმა მუხლის დამძიმებას. უნდა მოძებნოს სხვა გამოსავლები, რადგან სხვა ინტერესები არ დავაზიანოთ.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში კი, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

საიტზე ასევე მითითებულია, რომ შ.ს.ს–ს აკადემია ყოველწლიურად ახორცილებს ოჯახში ძალადობის საგნის სწავლებას საბაზისო კურსით. ასევე სამინისტრო სამართალდამცავთა გადამზადების საკითხებში თანამშრომლობს ადაგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მონაწილეობას ღებულობს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებში. მიხედავად ამისა, სფეროში მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ღონისძიებები არასაკმარისია, რადგან პოლიციელთა ნაწილს არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია ძალადობის ფაქტების პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით, მით უფრო რეგიონებში. იურისტი თამარ ავალიანი ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის ადგილზე გამოძახებული სამართალდამცავის  პასიურობის ბევრ ფაქტს შესწრებია. მისი თქმით სამართალდამცველები პრაქტიკაში  შემაკავებელ ორდერს იშვიათად იყენებენ, ძირითადად ისინი მოძალადის სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან ხოლმე. 

ახალი ამბები