კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუპატიურების ფაქტზე აღძრული საქმის გამოძიება ჭიანურდება

11 ნოემბერი, 2014
 
ნინო ახობაძე

ნატა 24 წლისაა. 2014 წლის ზაფხულში მეგობარ გოგონასთან ერთად ზღვაზე, ქობულეთში ისვენებდა. იქ გაიცნეს გოგონებმა 28 წლის გ.მ. როგორც ნატა ყვება, პლაჟზე სეირნობისას მას კაბა დაუსველდა და გამოსაცვლელად მარტო დაბრუნდა სასტუმროში. (გოგონები საოჯახო ტიპის სასტუმროში იყვნენ დაბინავებულები). სწორედ ამ დროს აედევნა მას გ.მ. ის სასტუმროს ნომერში შეუვარდა ნატას და მასთან ძალის გამოყენებით ცდილობდა სექსუალური კავშირის დამყარებას.

„იმ მომენტში არავინ იყო იქ. შემდეგ  გაიგონა ჩემი ხმა სასტუმროს მეპატრონემ, დავუნახივარ, როგორ მცემდა ეს პიროვნება და თითონვე გამოიძახა პატრული. მოძალადე  ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევდა. ყელში მიჭერდა, პირზე ხელს მაფარებდა, რომ არ მეყვირა. საერთოდ ვერაფერს ვახერხებდი, გარდა იმისა, რომ ბოლოს გამოვექეცი. საშინლად მეპყრობოდა, სექსუალური აქტის დამყარება რომ ვერ მოახერხა, თითის საშუალებით დამირღვია საქალწულე აპკი,“ -იხსენებს დაზარალებული.

შემთხვევის ადგილზე მოსულ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ეჭვმიტანილი უკვე გაქცეული დახვდათ, თუმცა დარჩა საათი და ფსკვნილი. როგორც ნატა ამბობს, პოლიციელთა მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა.

„მთელი ოთახი განადგურებული იყო, წინააღმდეგობას ხომ ვუწევდი, რაღაც ნივთები დალეწილი, ფარდები ჩამოცვენილი, ფანჯარა ჩამომტვრეული იყო, რადგან ფანჯრიდან გადახტა მოძალადე. ხელ-ფეხიდან სისხლი მდიოდა. არანაირი ღონისძიება არ ჩაუტარებია პატრულს, ელოდნენ გამომძიებელს. მოვიდა ვინმე მელქაძე, რომელმაც ასეთი რამ მითხრა: „გოგო, შენ გაქვს იმის თავი, რომ სასამართლოებზე იარო ქობულეთში?!“

ნატა ამბობს, რომ გამომძიებელმა მას მიაწერინა მოძალადისთვის, რომ შეხვედროდა, რათა მასთან დარჩენილი ნივთები დაებრუნებინა. შეხვედრისას ნატას პოლიციელები ახლდნენ თან და აიყვანეს გ.მ. და შემდეგ ჩაატარეს ამოცნობის პროცედურა. გ.მ.-ს მხოლოდ  დააწერინეს, რომ ახლოს არ გაეკარებოდა ნატას, არ შეაწუხებდა დაზარალებულს და ამ პირობით გაუშვეს.  თუმცა, როგორც ნატა ამბობს,  გ.მ. შემდეგაც წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ემუქრებოდა. 

საქმეს ქობულეთის რაიონული სამმართველო იძიებს. როგორც ნატა აღნიშნავს, ის საქმეში დაზარალებულად არ იქნა მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის პასუხი საპირისპიროს ადასტურებს.

„მაშინვე წამიყვანეს ექსპერტიზაზე,მე წარვადგინე ყველა საჭირო ნივთი, რის საფუძველზეც დაადგინეს, რომ სწორედ იმ დღეს დამიზიანდა საქალწულე აპკი. თუმცა გამოძიება მიიჩნევს, რომ მსუბუქი დაზიანებები მაქვს და  არ ვარ დაზარალებული. ექსპერტიზის პასუხებს არ მაცნობდნენ, თუმცა დასახმარებლად „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მივმართე. შემდეგ დამირეკეს და გამაცნეს დასკვნა, თუმცა ერთ-ერთი გამომძიებელი დამცინავი ტონით მესაუბრებოდა. არ მაყენებენ საქმის კურსში. მხოლოდ მეუბნებიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება.“ 

როგორც ნატა აღნიშნავს, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ მოძალადის ჩვენებაც შეცვლილია. თუ აქამდე ამბობდა, რომ სექსუალური კავშირი ჰქონდა დაზარალებულთან, ამაზე ექსპერტიზის  უარყოფითი პასუხის შემდეგ, ამას აღარ უთითებს ჩვენებაში.  როგორც ნატა აღნიშნავს, გ.მ.-ს ჰყავს ოჯახი, ის ერთხელ უკვე ნასამართლევია ნარკოტიკის  შენახვისა და გამოყენების ფაქტზე და გირაოს სანაცვლოდ არის გამოშვებული. დაზარალებული ქობულეთის რაიონულ სამმართველოს საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანასაულებს.

„Humanrights.ge” დაუკავშირდა ქობულეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ივანე ღვინიანიძეს, რომელიც უშუალოდ იძიებს ამ საქმეს. მან საქმის დეტალების შესახებ საუბარს თავი აარიდა, თუმცა აღნიშნა,რომ გამოძიება მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს გამოძიება, გვაქვს ექსპერტიზის პასუხები. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და მიმდინარეობს გაუპატიურების, გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის,ძალადობის მუხლით.“

დაზარალებულს სამართლებრივ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  იურისტი ნესტან ლონდარიძე უწევს.

„საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების დროს ბევრი პრობლემა წარმოიშვა. გამომძიებელი ივანე ღვინიანიძე ცდილობდა დაზარალებულისათვის არ გაეცნო მისთვის ჩატარებული ექსპერტიზის მასალა. ჩვენი ჩარევის შემდეგ, ტელეფონით გააცნეს პასუხები, თუმცა ადგილი ქონდა ირონიულ დამოკიდებულებას, მაშინ, როცა ფსიქოლოგიურად ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს და ამგვარ დანაშაულს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოკიდებოდნენ. ექსპერტიზის პასუხი ადასტურებს იმას, რასაც დაზარალებული გოგონა ამბობს. თუმცა ის მაინც არ არის საქმეში დაზარალებულად მიჩნეული. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აღნიშნული ქმედება  მოხდა ზუსტად იმ დროში, რა დროსაც დაზარალებული მიუთითებს, ასევე ექსპერტიზა მიუთითებს დაზიანებებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გაუპატიურების ფაქტთან გვაქვს. მაშინ, როცა საქართველოში ასეა მომატებული ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, სამართალდამცავთა მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება შემაშფოთებელია.“ _აღნიშნავს დაზარალებულის ადვოკატი.

(დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე, სტატიაში ნახსენები სახელი პირობითია)

ახალი ამბები