კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა

12 ნოემბერი, 2014
 
ნინო ახობაძე

2014 წლის პირველ კვარტალში „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა „ ფონდ ღია საზოგადოება  – საქართველოს“ დაკვეთით ჩაატარა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 2003–2012 წლების პერიოდში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის ფართომაშსტაბიანი რაოდენობრივი კვლევა. 

კვლევაში მონაწილეობას იღებდა საქართველოში არსებული სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაცია, მათ შორის: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“, „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“, „საზოგადოებრივი დამცველი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, და  სხვა.

როგორც კვლევის ანგარიშშია მითითებული, კვლევის მიზანი იყო 2003 წლიდან დღემდე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა ცხოვრების პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის პრაქტიკების გამოვლენა. ასევე,  პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის მიზნისა და კონტექსტის შესწავლა.

გამოიკითხნენ როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი პატიმრები. სულ გამოიკითხა 1199 რესპონდენტი, აქედან 598 ახლანდელი, ხოლო 601 ყოფილი პატიმარია.რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.  გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს გზით, რესპონდენტთა ანონიმურობის დაცვით.

ინტერვიუს დროს რესპოდენტებს სთხოვეს სუბიექტურად შეეფასებინათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და არა იმ მუხლების მიხედვით რითიც გაასამართლეს. ყოფილ და ამჟამინდელ პატიმართა 23–დან 30 %–მდე თვლის, რომ ბოლო ნასამართლეობის პერიოდში მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

დანაშაულის როგორც ოფიციალურ კვალიფიკაციაში, ასევე სუბიექტური შეფასებისას ყოფილ და ამჟამინდელ პატიმართა მიერ ბოლო ნასამართლეობისას ჩადენილ დანაშაულთა შორის ყველაზე ხშირი იყო წამალდამოკიდებულება, ქურდობა და შემდეგ ყაჩაღობა.

კვლევა გვიჩვენებს, რომ გამოკითხულთა აშკარა უმრავლესობა - 74% აცხადებს, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ დანამდვილებით იცოდნენ მანამ, სანამ ისინი გამჟღავნდებოდა. იგულისხმება ტელევიზიის მეშვეობით წამების ამსახველი კადრების გასაჯაროება.

კვლევის შედეგებით იკვეთება, რომ პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა დამახასიათებელი იყო არა მხოლოდ საპატიმროებში, არამედ გავრცელებული იყო სხვადასხვა დაწესებულებებში, როგორებიცაა: პოლიციის იზოლატორები, პოლიციის განყოფილებები და უშიშროების იზოლატორი, კერძოდ ე.წ. „მოდულის“ შენობა.

რესპონდენტები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებაზე, არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასა და არაადამიანურ, ღირსების შემლახავ პატიმრობის პირობებზზე მიუთითბენ.

„გამოკითხულთა სამი მეოთხედი  ამბობს, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ, ხოლო რესპონდენტთა  84,2 % აღნიშნავს, რომ მას ფსიქოლოგიურად აწამებდნენ.“

კვლევამ აჩვენა, რომ მსჯავრდებულთა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები გავრცელებული იყო სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა და სტრუქტურებში.

„რესპონდენტების მონათხრობიდან იკვეთება, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ფაქტები არ წარმოადგენდა ერთი რომელიმე კონკრეტული სასჯელაღსრულებითი ან სხვა დაწესებულების პრაქტიკის ნაწილს, არამედ გავრცელებული იყო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა თუ სტრუქტურებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკური წამების შემთხვევათა 54% გლდანის სასჯელაღსრულებით დაწესებულებას უკავშირდება“- აღნიშნულია ანგარიშში.

მათ მიმართ განხორციელებულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ინტენსივობის შესახებ საუბრისას, იმ რესპოდენტთა  39%, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ  ფიზიურად აწამებდნენ, აღნიშნავს, რომ ასე თითქმის ყოველდღე ექცეოდნენ. ასევე იმ პატიმართა  64%, რომლებიც მათ მიმართ ფსიქოლოგიურ წამებაზე მიუთითებენ, აცხადებენ, რომ მათ მიმართ ამ ტიპის წამება თითქმის ყოველდღიურ ხასიათს ატარებდა.   ყოფილ და ახლანდელ პატიმართა უმრავლესობამ მათ მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უმთავრეს მიზნებად საპატიმროში საყოველთაო შიშის დანერგვა და პიროვნების დამორჩილება/დათრგუნვა დაასახელა, ხოლო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ფოტო/ვიდეო დოკუმენტირების მიზნებად  გამოკითხულთა უმრავლესობა რამდენიმე ფაქტორს მიიჩნევს, მათ შორის პატიმრის და მისი ოჯახის წევრისათვის რაიმე ქმედების იძულება, პატიმრების დამცირება, ღირსების შელახვა,მწამებელთა და წამების ორგანიზატორთა მიერ სიამოვნების მიღება.
კვლევაში საუბარია ასევე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების იმ მეთოდებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ასევე პატიმრობის შედეგებზე. ყოფილ და ამჟამინდელ პატიმართა უმრავლესობა მიუთითებს, რომ ციხეში ყოფნამ ისინი  ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანა, ასევე მიუთითებენ სხვა დაავადებებზე, შრომის უნარის დაკარგვას ან დაქვეითებასა და ოჯეხის წევრებთან ურთიერთობის პრობლემებზე.

ყოფილ და ახლანდელ პატიმართა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ისინი თითქმის, ან საერთოდ არ შეხვედრილან უფლებადამცველებს,სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს, არც საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახაზინო ადვოკატს. შეხვედრის შემთხვევაშიც კი ისინი არ აცნობდნენ მათ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ.ამის მიზეზად გამოკითხულთა უმრავლესობა ასახელებს, რომ ისინი თვლიდნენ, რომ ამით არაფერი შეიცვლებოდა და პირიქით, შეიძლებოდა ამ შეხვედრის შემდეგ უარესად დაესაჯათ საპატიმროში.

ციხეში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გასაჯაროების შემდეგ  წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მსგავსი ფაქტები ხშირი არ იყო. თუმცა კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხული პატიმრები განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ.

„გამოკითხულთა გამოკვეთილი უმრავლესობა (70,2%) სრულად იზიარებს მოსაზრებას, რომ პატიმრის წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო მთავრობის სასჯელაღსრულებითი პოლიტიკის მიზანმიმართული ნაწილი და არა ციხის ადმინისტრაციის ან ციხეში მომუშავე ცალკეული პირების ინიციატივა“ ვკითხულობთ ანგარიშში. 

გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ნაწილობრივ, ან სრულად აღმოიფხვრა. 

ახალი ამბები