კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაპირისპირება ახმეტაში – დაჭრილია 1, დაშავებულია 2 ადამიანი

13 ნოემბერი, 2014
 
ნათია დანელიშვილი ,კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გუშინ, საღამოს ახმეტაში ქართველებსა და ეთნიკურ ქისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიჭრა ვანო დავითაშვილი. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტის შედეგად დაშავებულები ნოდარ ჭიჭიაშვილი და ჯოყოლა აჭიშვილიც საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

ქართველებსა და ქისტებს შორის დაპირისპირება „ქართული ოცნების“ წევრების რუსლან და ბესლან ალხანაშვილების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ნოდარ ჭიჭიაშვილის ცემას მოჰყვა. კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ ჭიჭიაშვილმა განუცხადა, რომ ალხანაშვილები მას თავს დაესხნენ ახმეტაში, ყოფილი ლიცეუმის ტერიტორიაზე გიგა კულალაღაშვილის სახლთან და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მეგობრის სახლიდან გარეთ ვიყავი გამოსული. რაღაც ჩამარტყეს და მერე მცემეს. მეტი არაფერი მახსოვს“, – ამბობს ნოდარ ჭიჭიაშვილი.

უგონოდ მყოფი ნოდარ ჭიჭიაშვილი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, რუსლან და ბესლან ალხანაშვილებს თან მესამე პირიც ახლდათ. პოლიციამ თავდაპირველად სამივე დააკავა. ისინი მალევე გაათავისუფლეს – მას შემდეგ, რაც ახმეტის პოლიციის შენობაში „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური მივიდა.

რუსლან და ბესლან ალხანაშვილები ზურაბ ზვიადაურის მეგობრები და მისი ნდობით აღჭურვილი პირები არიან. ამავე დროს რუსლან ალხანაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელია სოფელ ხალაწანში. ამაზე ქვემოთ გიამბობთ.

ნოდარ ჭიჭიაშვილის თქმით, მან ზუსტად არ იცის ალხანაშვილებმა ის რატომ ცემეს. „2 წლის წინ, მანქანით გაიარეს და სარკე გატეხეს. ამაზე ვიკამათეთ, მაგრამ სხვა დროს შეხება არ გვქონია“, – ამბობს ნოდარ ჭიჭიაშვილი.

ნოდარ ჭიჭიაშვილის ცემის შემდეგ დაპირისპირება გაგრძელდა. ერთმანეთს ქართველები და ეთნიკური ქისტები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებულების გასაშველებლად ახმეტაში სპეციალური დანიშნულების რაზმიც გამოიძახეს. მთელი ღამის განმავლობაში პოლიციას შეზღუდული ჰქონდა მოძრაობა ახმეტა – დუისის დამაკავშირებელ გზაზე. ჩხუბის შედეგად დაიჭრა ახმეტელი ვანო დავითაშვილი, დაშავდა ეთნიკური ქისტი, „ყოფილი პოლიტმატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წევრი ჯოყოლა აჭიშვილი. ვანო დავითაშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული ჯოყოლა აჭიშვილიც. მას თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ჭიჭიაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით მიმდინარეობს. შს სამინისტრო ჭიჭიაშვილის ცემის ფაქტზე ვინმეს დაკავებას არ ადასტურებს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება ხულიგნობის მუხლით (სსკ 239) არის დაწყებული ჭიჭიაშვილის ცემის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებაზე. დაკავებულები არიან: 1990 წელს დაბადებული გიორგი ბ; 1991 წელს დაბადებული ბექა ყ; 1982 წელს დაბადებული ვისურ მ და 1981 წელს დაბადებული ლევან მ. გამოძიებას ახმეტის პოლიცია აწარმოებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დაკავებულებიდან ორს პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რათა ეღიარებინათ, ჩხუბის დროს ვინ დაჭრა ვანო დავითაშვილი. შსს დაკავებულების ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ადასტურებს.

რაც შეეხება ზურაბ ზვიადაურის და ალხანაშვილების მეგობრობას, ზვიადაური პანკისის ხეობაში მცხოვრებ ალხანაშვილებს მას შემდეგ დაუმეგობრდა, რაც ე.წ. „ვაჰაბიტებმა“ მისი ძმა ცემეს.  

2014 წლის 5 ივლისს, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის გამგებლობის კანდიდატმა ბექა ბაიდაურმა პანკისის ხეობის სოფელ დუისში წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაშალა იმის გამო, რომ მას კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ესწრებოდა, ბაიდაურს თან რუსლან და ბესლან ალხანაშვილები ახლდნენ. ალხანაშვილებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რის შემდეგაც რუსლან ალხანაშვილმა ჟურნალისტს ხელი გადაუგრიხა და კამერის წართმევა სცადა. პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა.

მომხდარის შემდეგ, ალხანაშვილებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს შეუთვალეს, რომ 12 ივლისს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ან მანამდე, წინასაარჩევნო პერიოდში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები პანკისის ხეობაში არ ასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტები ხეობიდან დასახიჩრებულები წამოვიდოდნენ. მუქარასთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართა,თუმცა ალხანაშვილებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

28 ოქტომბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. ზურაბ ზვიადაურმა პრემიერს „ქართული ოცნების“ წევრები, ძმები ალხანაშვილები გააცნო და პრემიერთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

ზურაბ ზვიადაური ადასტურებს, რომ რუსლან და ბესლან ალხანაშვილები, რომლებმაც ჭიჭიაშვილი ცემეს, მისი მეგობრები არიან, თუმცა მისი თქმით, ამ საქმეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი აქ აქვს. 

„რა შუაშია, რა „ქართული ოცნება“, რა შუაშია ზვიადაური? რატომ გინდათ რომ ერთმანეთში  ჩხუბი მოახდინოთ. მერე რა რომ რუსლან ალხანაშვილი საჯარო მოხელეა, ჩხუბი მოხდა, არ შეიძლება? შეიძლება მეც მომივიდეს ვინმესთან ჩხუბი და რა შუაშია აქ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“, ან კიდევ ზვიადაური. რა ხელებს მაწმენდავთ ან აწმენდავთ „ქართულ ოცნებას“ ვერ გავიგე. იმიტომ ვყვირი, რომ არ შეიძლება მსგავსი ინფორმაციების გავრცელება“, – განუცხადა ზვიადაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი: ნოდარ ჭიჭიაშვილის ოჯახი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, წლების განმავლობაში ხე – ტყის ბიზნესით იყო დაკავებული. 2012 წლის 22 აგვისტოს, მამა–შვილმა ოსიკო და ნოდარ ჭიჭიაშვილებმა, რომლებიც იმ დროისთვის შს მინისტრის მოადგილესთან გია ლორთქიფანიძესთან და მის ძმასთან, კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსთან დავით ლორთქიფანიძესთან დაახლოებული პირები იყვნენ, ახმეტაში სტუდია „GNS“–ის ჟურნალისტები ვასილ დაბრუნდაშვილი და ბაჩო ბულისკერია ცემეს. სასამართლომ ნოდარ ჭიჭიაშვილს 2 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 8000 ლარის ოდენობით ჯარიმა და 7045 დოლარის ოდენობით ზარალის ანაზღაურება დააკისრა. მომხდარის შემდეგ რამდენიმე თვეში ნოდარ ჭიჭიაშვილის მამა გარდაიცვალა.

რაც შეეხება გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს ნაცემ ვანო დავითაშვილს, ისიც ახმეტაში ხე – ტყის უკანონო ჭრით იყო დაკავებული. 2014 წლის 22 იანვარს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა სტატია „ახმეტაში ხე – ტყის უკანონოდ ჭრაზე მფარველობის კვალი ზვიადაურებამდე მიდის“. კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაშინ ახმეტიდან აცნობეს, რომ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს შს ახმეტის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი ლექსო წულუკიძე. არსებული ინფორმაციით, წულუკიძეს, ახმეტაში მცხოვრებმა ვანო დავითაშვილმა, რომელიც ხე – ტყეს უკანონოდ ჭრიდა და მასალას ყიდიდა, მფარველობის სანაცვლოდ „კარაბინი“ აჩუქა. აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციის ხელმძღვანელობამ შეიტყო. წულუკიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი ახმეტის მაჟორიტართან ზურაბ ზვიადაურთან დაახლოებული პირია და არ დაუპატიმრებიათ.

ახალი ამბები