კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზისუბანში დაკარგული მოხუცის ძვლები იპოვეს

18 ნოემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში დაკარგული 79 წლის ანზორ ღარიბაშვილის ჩონჩხი იპოვეს. სავარაუდოდ, მოხუცი გარეულმა ნადირმა შეჭამა.

მისი სხეულის ნაწილები გაბნეული ნახეს სოფელში „გოგნაანში“ არსებული საცდელი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მამაკაცი მიმდინარე წლის 17 ივლისს, დაიკარგა.  მას შსს გურჯაანის რაიონული სამმართველო, კახეთის რეგიონალური სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა სამი თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. 

12 ოქტომბერს, სოკოს მოსაკრეფად გამოსული საცდელი სადგურის თანამშრომელი შემთხვევით დაკარგულის პასპორტს წააწყდა და ოჯახის წევრებს აცნობა.

ოჯახმა კი, დასახმარებლად ისევ რაიონულ სამმართველოს მიმართა აღნიშნული ტერიტორიის დასათვალიერებლად. ძებნის დროს თავის ქალა იპოვეს, ვერცხლისფერი კბილებით, რითაც ამოიცნეს შვილმა და მეზობლებმა. შორიახლოს კი ხერხემალი და კიდურების რამდენიმე ძვალი სხვადასხვა ადგილებზე აღმოაჩინეს. სხეულის ზოგიერთი ნაწილი არსად ჩანდა. ტანსაცმელი დაფლეთილი ეყარა.

ოჯახის წევრები  ძვლების დროულად გადმოცემას და ოჯახში დაბრუნებას ითხოვენ, რათა ცხედარი პატივით დაკრძალონ. მათი თქმით, პოლიციამ ძვლები თბილისში გადაგზავნა ექსპერტიზაზე შემდგომი იდენტიფიკაციის დასადგენად. პოლიციას ოჯახისთვის უთქვამს, რომ პასუხს ერთი თვე დაჭირდება.

„ამდენი ხანი ჯერ დაკარგული გვყავდა, შემდეგ ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვიპოვეთ. ხომ ამოვიცანით კბილებით?! კიდევ რაღა იდენტიფიკაცია უნდოდა?! როგორც გვითხრეს, პასუხი ერთი თვის შემდეგ იქნებაო. ასე თუ ველოდეთ ექსპერტიზის ჩატარებას, ხომ დაგვაწყდა ნერვები ლოდინით?! იქნებ დაგვეხმაროთ, რომ დროულად მოხდეს მისი გადმოსვენება. ჩვენც ხომ გვინდა, რომ ის, რაც დარჩა ამ კაცისგან, პატივით დავასაფლაოთ. ძალიან გაურკვევლობაში ვართ“, - განუცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრს გარდაცვლილის რძალმა მაია ღარიბაშვილმა. 

საინტერესოა, მოხუცს ნადირი თავს ცოცხალს დაესხა თუ იგი მანამდე რაღაც სხვა მიზეზით გარდაიცვალა? მაია ღარიბაშვილის თქმით, მამამთილი ისეთი უწყინარი ჰყავდა, მას არავინ მოკლავდა და უდავოდ მგლების ან ტურების მსხვერპლი გახდა. ძალიან უყვარდა ხისგან ნივთების გამოთლა და იმ ტერიტორიაზე შესაძლოა, ტოტების მოსაჭრელად იყო. მოხუცი ცალკე ცხოვრობდა სხვა უბანში, იქვე ახლოს არის საცდელი სადგური, სადაც სხვადასხვა ჯიშის ხეები დგას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეეცადა შსს რაიონული სამმართველოს უფროსს გია კრაწაშვილს დაკავშირებოდა. მისგან კომენტარზე უარი მივიღეთ - შსს სამინისტროს პრესსამსახური გაგცემთ პასუხსო. პრესსამსახურში კი ჩვენს ოფიციალურ წერილზე პასუხად, მივიღეთ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების დასრულებამდე საქმის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიდნენ. 

სოფლის მოსახლეობა აღშფოთებულია მომხდარით. როგორც ისინი ამბობენ, მგლები და ტურები ისე მომრავლდნენ სოფელში, ღამით მათი გაბმული ყმუილი არ აძინებთ, დღისით კი სასოფლო სამეურნეო სავარგულებში მარტოებს ვეღარ უმუშავიათ. 

„ვენახებშიც დაწანწალებენ. ძროხისა და ცხვრის ფარეხსაც ესხმიან. სოფელში ეზოებშიც შესულან, სადაც საქონელი გვყავს. როგორც კი დაზამთრდება, მგელი სოფელში შემოდის. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რათა მონადირეთა ჯგუფი შეიქმნას და ნებართვა გასცენ მის მოკვლაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს. მისი თქმით, ექსპერტიზა მისი  პრეროგატივა არ არის და ვერ ჩაერევა. 

თვითონ ექსპერტიზას კი თავისი წესი და დრო აქვს. ყველა პროცედურა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. 

რაც შეეხება სოფლებში მგლების შემოსევას, ეს მარტო გურჯაანის მუნიციპალიტეტის  პრობლემა არ არის და ცენტრალური ხელისუფლება ფიქრობს, ეს პრობლემა როგორ მოაგვაროს. 

ახალი ამბები