კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას უვადო პატიმრობაში მყოფი თეიმურაზ შარაშენიძის საქმის შესწავლის თაობაზე

24 ნოემბერი, 2014
 
არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი და „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, დაიწყოს ფართო დისკუსია უვადო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების საქმეების შესწავლის თაობაზე.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით , კომისია დაინტერესებულია უვადო პატიმრობამისჯილი მსჯავრდებულების საქმეებით და ამ ეტაპზე უკვე არის 7 მსჯავრდებული, რომელთა საქმეები აკმაყოფილებს განხილვის კრიტერიუმებს . აღნიშნული კრიტერიუმებიდან კომისიის თავმჯდომარე გამოყოფს კანონმდებლობით დაწესებულ ვადებს, რომლის თანახმად, უვადო პატიმრობაში მყოფი პირების განცხადებების განხილვა ხდება, როცა მათ მოხდილი აქვთ თავისუფლების აღკვეთის 15 წელზე მეტი. 

მიგვაჩნია, რომ უვადო პატიმრობაში მყოფი პატიმრების საქმეების შესწავლისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ერთი მხრივ, ბრალდების სიმძიმე და ჩადენილი დანაშაულით დამდგარი შედეგები, მეორე მხრივ კი მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა განსაკუთრებული გარემოებები.  

საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განსაკუთრებული გარემოების შემთხვევაში, შეიწყალოს უვადო პატიმრობაში მყოფი პირი, იმის მიუხედავად, გასული არის თუ არა შეწყალების კომისიის მიერ საქმის შესწავლისათვის დაწესებული პატიმრობის მინიმალური ვადა - 15 წელი.

ჩვენი ორგანიზაციების წარმოებაში არსებული საქმეების სპეციფიკიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პრეზიდენტს, განსაკუთრებულ გარემოებად მიიჩნიოს მართლმსაჯულების ხარვეზები, რამაც განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში დიდი დაღი დაასვა სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს. ხარვეზები, ძირითადად, განპირობებული იყო როგორც სასამართლო ხელისუფლებაზე პროკურატურის ზეგავლენითა და უკანონო დიქტატით, ისე პოლიტიკური ან სხვა მსგავსი სუბიექტური მოტივებით. ამასთან, გასაჩივრების ვადების გასვლის გამო, მსჯავრდებულთა უმრავლესობა მოკლებულია შესაძლებლობას, სასამართლოს გზით გააგრძელოს დავა, რის გამოც შეწყალების აქტით მათი გათავისუფლება ან სასჯელის შემცირება, ფაქტობრივად, მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთი გზაა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ვიცავთ უვადო პატიმრობაში მყოფ მოქალაქეს, თეიმურაზ შარაშენიძეს, რომელიც არის პროფესიონალი სამხედრო, უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი, მონაწილეობდა აფხაზეთის ომში და დაჯილდოებულია მხედრული მამაცობისთვის. იგი გასამართლებულია და სასჯელს იხდის განზრახ მკვლელობის მუხლით, მაგრამ, როგორც აცხადებს, მკვლელობა არ ჩაუდენია და მისი პატიმრობა რეალურად განპირობებულია მის მიერ დაპატენტებულ მომგებიან გამოგონებასთან და ბიზნეს საქმიანობასთან, რის გამოც მას დევნიდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ ხელთ არსებული ძალაუფლების ბერკეტების გამოყენებით. 

საქმის მასალებიდან იკვეთება მთელი რიგი უხეში პროცესუალური დარღვევები, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ თეიმურაზ შარაშენიძის მიმართ წაყენებული ბრალდება და განაჩენი, შესაძლოა, მართლაც იყოს განპირობებული პატიმრის მიერ დასახელებული სუბიექტური ფაქტორებით. 

მივმართავთ შეწყალების კომისიას, დეტალურად შეისწავლოს თეიმურაზ შარაშენიძის საქმე და განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვადაზე ადრე მიმართოს პრეზიდენტს რეკომენდაციით, რომ გამოსცეს შეწყალების აქტი კონკრეტულ საქმეში არსებული უხეში ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის აღსადგენად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის

ახალი ამბები