კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წყალტუბოში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირები ახალი საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვენ

3 დეკემბერი, 2014
 
გიორგი ჯანელიძე, humanrightshouse.org

წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობასა" და "მეტალურგში" მცხოვრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ახალი საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვენ - საბჭოთა საქართველოს ერთ დროს ფეშენებელური სანატორიუმები ამჟამად ამორტიზებულია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ყოფილი სანატორიუმების ბინადრებს საქართველოს სხვა რეგიონებში განსახლება შესთავაზა. იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილს წყალტუბოდან სხვაგან გადასვლა არ უნდა: ამბობენ, რომ მიცვალებულთა საფლავები და შეჩვეული გარემო არ ეთმობათ. 

ლალი ბაბლიძე ყოფილ სანატორიუმ “მეტალურგის” შენობაში 20 წელზე მეტია  ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის ტუფის ქვით ნაგები, უნიკალური ნაგებობის სარდაფში მიგვიძღვება: წყალი აქ თითქმის მთელ კიბის უჯრედს ფარავს: სანატორიუმის ყოფილ შენობაში საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან არის გამოსული. წყალი სახურავიდანაც ჩამოდის. "მეტალურგის" ბინადრები ამბობენ, რომ ავდარში ოთახებშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ.

აქ მაცხოვრებლებს არც შეშა აქვთ და არც დენი. ლალი ბაბლიძე: "23 ლარი დაგვიმატეს 22 ლარზე და ეს დამატებული თანხა დენის გადასახადის სახით ისევ უკან მიაქვთ. დავალიანების გამო შუქი გაგვითიშეს. ელექტრომეურნეობაში გვეუბნებიან, რომ ჩვენმა ვალმა 10 000  ლარს მიაღწია. სად მოვძებნოთ სამართალი, აღარ  ვიცით. ლტოლვილთა სამინისტროს მივმართეთ წერილით, მაგრამ პასუხი არ ჩანს.  ვფიქრობთ, რომ ვაუჩერების გამო კეთდება ეს  ყველაფერი. ასეთ მდგომარეობაში ჩვენ მარტო არ ვართ. გამრიცხველიანება დააგვიანეს და ამის გამო 7-8 სანატორიუმს  800-900 ლარი გადაახდევინეს. რისთვის  გვაძლევენ ამ ვაუჩერებს, თუკი  ფული ისევ უკან უნდა წაიღონ? ჯერ არ ამიღია ვაუჩერი, მაგრამ  მთელ ფულს დენის გადასახადში თუ გადამახდევინებენ, ზამთარში თავი როგორ შევინახო? თვეში 90 ლარის პური და 16 ლარის ზეთი  მჭირდება, საჭმელზე აღარაფერს ვამბობ”. 

მურად აბლოთია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების დეპარტამენტის უფროსია. ის აცხადებს, რომ  სანატორიუმ "მეტალურგის" მაცხოვრებლებმა თავის დროზე გამრიცხველიანების პროგრამაში ჩართვაზე უარი განაცხადეს: “გამრიცხველიანების პროგრამა განხორციელდა 2013 წლის ბოლოდან 2014 წლის ივლისამდე. მაშინ სანატორიუმ "მეტალურგის" მაცხოვრებლებმა გამრიცხველიანების პროგრამაში ჩართვაზე უარი განაცხადეს. თუმცა, ამ დროისთვის ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. მინისტრის მოადგილე შეხვდა იძულებით გადაადგილებულ პირებს და ისინი გამრიცხველიანების პროგრამაში ჩაერთნენ". 
 
ჩიტო მანაგაძე ყოფილ სანატორიუმ “მეგობრობაში” ცხოვრობს. ამბობს, რომ იქაც ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც "მეტალურგში". განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ შენობა, სადაც ერთ დროს სანატორიუმი "მეგობრობა" იყო განთავსებული, გასული საუკუნის 90-იან წლებში  უკვე ამორტიზებულად ითვლებოდა: “1993 წელს არ შემოგვიშვეს ამ შენობაში იმ მოტივით, რომ ის ავარიულ მდგომარეობაში იყო. შემოვსახლდით და მას მერე ვწვალობთ. საკუთარი სახსრებით შევაკეთეთ ოთახები.  ამასობაში იძულებით  გადაადგილებული პირებისთვის აშენდა ბინები. ჩვენც გვპირდებოდნენ გაყვანას, მაგრამ დღემდე  აქ ვართ. შემოგვთავაზეს  ბათუმსა და ფოთში განსახლება, მაგრამ ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვით. თითო ოჯახში 2-3 გარდაცვლილი მაინც არის და საფლავების მეორედ დატოვება ძალიან გვიჭირს. გარდა ამისა, ბაზარში ნაცნობები გვყავს. როცა ფული არ გვაქვს, პროდუქტებს ნისიად გვაძლევენ და მოგვიანებით ვუხდით.”

თამუნა მამარდაშვილიც "მეგობრობაში" ცხოვრობს. ამბობს, რო მცირეწლოვანი შვილის გამო ამორტიზებულ შენობაში ცხოვრებას განსაკუთრებით განიცდის: “ ჩემმა შვილმა ახლა აიდგა ფეხი და სულ მეშინია, რომ სადმე არ ჩავარდეს. პატარა მიწისძვრაც რომ მოხდეს, თავზე დაგვენგრევა ეს შენობა. მშვენიერი სანატორიუმები იყო „ივერია“ და „შახტიორი“, ოთახებში სველი წერტილებიც ჰქონდათ. იმ სანატორიუმებში მცხოვრებ ხალხს აუშენეს ბინები და იქედან გაიყვანეს. 22 წელია ამ გაჭირვებაში ვცხოვრობთ და აქედან ჩვენს გადაყვანაზე არავინ ფიქრობს". 

მურად აბლოთია აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს "მეტალურგსა" და "მეგობრობაში" ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირების განსახლებაზე. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მონიშნულია მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც სამინისტროს უნდა გადაეცეს, მონიშნულ ნაკვეთებზე კი ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება, სადაც ის კონტინგენტი გადავა, რომელსაც სხვა რეგიონში, ან ქალაქში გადასვლა არ უნდა:  “სამინისტროს განსახლების რამდენიმე პროგრამა აქვს. "მეტალურგსა" და "მეგობრობაში" ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს იმერეთის რამდენიმე ახლად რეაბილიტირებულ შენობაში გადასვლა შევთავაზეთ. გარდა ამისა, გვაქვს სოფლად სახლების შესყიდვის პროგრამაც. ამ პროგრამის ფარგლებშიც  შევთავაზეთ, რომ  თვითონ შეერჩიათ სასურველი სახლები და სამინისტრო მათ ამ სახლებს უყიდდა. ნაწილმა მიიღო ეს შეთავაზება და ისინი ახალ სახლებში გადავიდნენ კიდეც. იმ ნაწილისთვის კი, რომელსაც ამჟამინდელი საცხოვრებელი გარემოს შეცვლა არ უნდა, ახალი საცხოვრებელი კორპუსები ადგილზე აშენდება". 

ახალი ამბები