ნინო ახობაძე
4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში უსახლკაროთა პრობლემების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა ქალაქ თბილისის მერს, დავით ნარმანიას, რომ ზამთრის პირობებში გააძლიეროს ძალისხმევა და ყურადღება უსახლკარო მოქალაქეთა დასახმარებლად.
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ნელი ლეკიაშვილს, რომელიც ქუჩაში ათევს ღამეებს. ქალბატონი ნელი 57 წლის, მეორე ჯგუფის ინვალიდი, ინსულინდამოკიდებული ქალბატონია, რომელსაც რამდენჯერმე გადატანილი აქვს ინსულტი და ინფარქტი, შესაბამისად მისი ქუჩაში ცხოვრება საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
„არ შეიძლება ამ ადამიანის ქუჩაში ცხოვრება. ეს მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის. ადამიანის უფლებათა ცენტრი ყველა ღონეს ხმარობს მის დასახმარებლად, თუმცა შედეგს ვერ მივაღწიეთ,“ -აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი.
ქალბატონმა ნელიმ და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა არაერთხელ მიმართეს მერიას და მოითხოვეს მერთან შეხვედრა, თუმცა ამ თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია და მხოლოდ სატელეფონო საუბრისას აუხსნეს ნელი ლეკიაშვილს, რომ მსგავსი პრობლემა უამრავ ადამიანს აქვს და ჯერ მისი რიგი არ მოსულა. ერთადერთი რასაც სთავაზობენ, არის მოსკოვის გამზირზე მიუსაფართათვის გამართული კარვები, რომლებშიც გაუსაძლისი პირობებია, მით უმეტეს ადამიანისთვის, რომელსაც დღეში სამჯერ ინსულინის ნემსის გაკეთება სჭირდება.
„ოთხჯერ მივედი კარვების ქალაქში, თუმცა ოთხივეჯერ მითხრეს, რომ აქ შენნაირი დაავადების მქონე ადამიანი ვერ გაძლებსო, თან ადგილიც არ არისო. ისედაც მიჭირს ლაპარაკი და მოძრაობა ამდენი ინფარქტისა და ინსულტის შემდეგ და იქ როგორ ვიქნები, მით უმეტეს სულ წყალი დგას იმ კარვებში და ვერც სისუფთავის შენარჩუნებას შევძლებ,“_ აღნიშნა ნელი ლეკიაშვილმა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ქალაქ თბილისის მერს, მიიღოს სასწრაფო ზომები და ნელი ლეკიაშვილს გამოუყოს სათანადო საცხოვრებელი ფართი, ან გადაუხადოს ქირა. ამასთანავე, ნელი ლეკიაშვილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური სამედიციო მკურნალობითა და საკვებით,“_ აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მერისადმი მიმართვაში.