კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი ვექტორი

26 დეკემბერი, 2014
 
გიორგი ჯანელიძე
 
საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთის” ინიციატივით და  „გლობალური ფონდის”, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” და ევროკავშირის მხარდაჭერით 2012 წლის 17 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალ ვექტორში” პირველი დროპ-ინ ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

„ახალი ვექტორი” ნარკოტიკების მომხმარებელთა პირველი თვითორგანიზაციაა საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ცენტრში C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტთა თვითორგანიზაცია „ჰეპა პლიუსიც” საქმიანობს. ნარკოტიკების მომხმარებლებს დროპ-ინ ცენტრში შეუძლით უფასოდ მიიღონ სტერილური საინექციო მასალები,  სტომატოლოგიური მომსახურება და ფსიქოთერაპევტთან, ან ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაცია. აქვე მათ აივ/შიდსზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე შემოწმებაც უფასოდ უტარდებათ. მომსახურება მათთვის კონფიდენციალურია.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მონიტორინგის მობილური ჯგუფი "ახალ ვექტორს" ესტუმრა და ბენეფიციართა პრობლემები ადგილზე შეისწავლა. გარემო მართლაც უჩვეულო დაგვხვდა. აქ ადამიანები ერთმანეთს გვერდში უდგანან და სირთულეების დაძლევაში ეხმარებიან. ისინი ყველანი ერთად ცდილობენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დამარცხებას: „მთავარი პრობლემა არის ის, რომ ნარკოლოგიურ ტესტირებაზე ადამიანის  წასაყვანად მხოლოდ "გონივრული ეჭვია" საჭირო", -  ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი.  ის ორგანიზაცია "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელს" წარმოადგენს. ქსელში ამჟამად ნარკოტიკების მომხმარებელთა შვიდი სათემო ორგანიზაციაა გაერთიანებული. მას მთელი საქართველოს მასშტაბით 300-მდე  წევრი ჰყავს.

ქსელის წევრები სახელმწიფო პოლიტიკას აპროტესტებენ: „ჩვენი პირველი მასშტაბური ღონისძიება შსს-სთან ქუჩის ტესტირებას და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე შემოწმების მიზნით  ნარკოლოგიურ დისპანსერში  მოქალაქეთა მასობრივ გადაყვანას მიეძღვნა," - აცხადებს ერთ-ერთი ბენეფიციარი. 

ნარკოტიკების მომხმარებლებს ბევრ  სხვა პრობლემასთან ერთად ნარკოტიკის მცირე დოზისთვის გამოტანილი სასჯელის მკაცრი ზომებიც აწუხებთ. 

სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ფლობა ნებისმიერი ოდენობით სისხლის სამართლის დანაშაულია. კანონი არც ნარკოტიკების მომხმარებელს და გამსაღებელს და არც მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს ერთმანეთისგან არ მიჯნავს. 260-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშულების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის დამზადება, შეძენა-შენახვა ან გასაღება მცირე ოდენობით  11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების (ჰეროინის შემთხვევაში 1 გრამზე მეტი) შენახვა კი 8-დან 20 წლამდე თავისუფლების, ან თავისუფლების უვადო აღკვეთით. მაშინ, როდესაც იგივე კანონმდებლობა, გაუპატიურების შემთხვევაში  დამნაშავეს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას უსჯის, განზრახ მკვლელობის ჩამდენს კი 7-15 წლით აპატიმრებს. 

კანონმდებლობით სათანადოდ არც ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებია განსაზღვრული. 2003 წლის პარლამენტის დადგენილებაში, რომელშიც განსაზღვრულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობები, ბევრ ნივთიერებას არ აქვს განსაზღვრული მცირე ოდენობა, რის გამოც ნებისმიერი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობა დიდ ოდენობად ითვლება და სასჯელის მკაცრ ზომას ითვალისწინებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი და მონიტორინგის მობილური ჯგუფის წევრი  ეკა ქობესაშვილი "ახალი ვექტორის" ბენეფიციართა მდგომარეობას ასე აფასებს: „ამ კატეგორიის ბენეფიციარებს პრობლემები ექმნებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. სამართალდამცავები ნარკოლოგიურ დისპანსერში გადაყვანის და შემოწმების მიზნით მათ  სისტემატიურად აკავებენ. უსარგებლოდ  იკარგება საკმაოდ დიდი დრო და სახელმწიფო რესურსი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ 2006 წელს დაფუძნდა. მისი შექმნის მიზანი ნარკოტიკის მომხმარებელთათვის ქმედითი დახმარების გაწევაა. ამ ადამიანებს აქ ერთმანეთის ყველაზე მეტად ესმით. შესაბამისად, შედეგიც უფრო ეფექტურია. 

ახალი ამბები