კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ქ. თბილისის მერს უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით

3 დეკემბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ქალაქ თბილისის მერს, დავით ნარმანიას, ზამთრის პირობებში გააძლიეროს ძალისხმევა და ყურადღება უსახლკარო მოქალაქეების დასახმარებლად, მიიღოს სასწრაფო ზომები მათ დასაბინავებლად, როგორც სათანადო საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის, ისე ფინანსური რესურსების მობილიზების გზით.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისში, მოსკოვის გამზირზე სახელდახელოდ მოწყობილი კარვები სრულად ვერ უზრუნველყოფს უსახლკარო მოქალაქეთა საჭიროებებს. არსებობენ მოქალაქეები, რომლებსაც ამ დროებით თავშესაფარში არსებულ მკაცრ პირობებში ცხოვრება არ შეუძლიათ. ამდენად მნიშვნელოვანია, ასეთი კატეგორიის პირთათვის გამოიძებნოს ალტერნატიული საშუალებები მანამდე, ვიდრე კაპიტალური თავსესაფარი აშენდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, ნელი ლეკიაშვილს. მას ისნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წ. 31 ივლისის #36-850 დადგენილების საფუძველზე, შეუწყდა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საკომპენსაციო თანხების გაცემა. 8 აგვისტოდან იგი არის უსახლკარო, თავშესაფრის გარეშე და ცხოვრობს ქუჩაში. ნელი ლეკიაშვილი ღამეს ათევს ხან რუსთაველის გამზირზე, ხან - სხვა ქუჩებში. მას არა აქვს საკვები, საცხოვრისი და დარჩენილია სამედიცინო დახმარების გარეშე. ნელი ლეკიაშვილს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დანიშნული აქვს პენსია, რომელსაც „ლიბერთი ბანკი“ უკავებს თავდებობის გამო. იგი დარჩენილია საარსებო მინიმუმის გარეშე.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა არაერთხელ მიმართა ისნის რაიონის გამგეობას, ქ. თბილისის მერს და  მოსთხოვა, სასწრაფო რეაგირება მოეხდინათ მოქალაქე ნელი ლეკიაშვილის დასახმარებლად, გამოეყოთ მისთვის შესაბამისი  ფართი, უზრუნველეყოთ საკვებით და აუცილებელი სამედიცინო დახმარებით. ამასთანავე, წერილით მოთხოვნილი იყო თბილისის მერთან შეხვედრა, რაზეც მერიიდან ორგანიზაციას პასუხი დღემდე არ მიუღია. 

ნელი ლეკიაშვილი დღემდე ცხოვრობს ქუჩაში. იგი არის მძიმე ავადმყოფი,   რამდენჯერმე გადატანილი აქვს ინსულტი, რის გამოც უჭირს მეტყველება.  მას ასევე აქვს შაქრიანი დიაბეტი და არის ინსულინის მომხმარებელი. ბოლო პერიოდში ქუჩაში რამდენჯერმე გადაიტანა მიკროინფარქტი. თავშესაფრის, საკვებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარეშე  ნელი ლეკიაშვილის დატოვება,  არსებით საფრთხეს უქმნის მის  სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ქალაქ თბილისის მერიამ ნელი ლეკიაშვილს შესთავაზა მიუსაფართათვის მოსკოვის გამზირზე არსებულ კარვებში ცხოვრება, მაგრამ ადგილზე მას უთხრეს, რომ იქ გაუსაძლისი პირობებია დაავადებული ადამიანისთვის და თან ადგილიც არ არის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ქ. თბილისის მერს, მიიღოს სასწრაფო ზომები და  ნელი ლეკიაშვილს გამოუყოს სათანადო საცხოვრებელი ფართი ან გადაუხადოს ქირა ისე, რომ ბინის მესაკუთრესთან თავად მერიამ განახორციელოს ანგარიშსწორება. ამასთანავე, ნელი ლეკიაშვილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობითა და საკვებით.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები