შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
სამშენებლო კომპანია „გრინვეის“ თანამშრომლები უკვე მეორე დღეა გაფიცული არიან. ისინი კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.
„აქ ჩვენი კომპანია „გრინვეი“ თითქმის არაფერ შუაშია. ყოველ შემთხვევაში, ხელმძღვანელობა ასე გვეუბნება. „გრინვეი“მხოლოდ შემსრულებელია,სამშენებლო კომპანია „აკორდის“ მიერ დაქირავებული, რომელიც დაკვეთებს ასრულებს. ჩვენ ჩვენს საქმეს პირნათლად და პროფესიონალურად ვაკეთებთ. შედუღებაზე ვმუშაობთ, საკმაოდ მძიმე პირობებში. ისინიც ვალდებულნი არიან, შრომის საფასური აგვინაზღაურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უმაღლეს ფორმას მივმართავთ,“ - ამბობს კომპანია „გრინვეის“ თანამშრომელი მათე დარსაძე.
აღნიშნული კომპანიის 60-მდე მუშა ორი თვის სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვს, რომელიც საშუალოდ 1000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება „აკორდს,“ რომელიც აზერბაიჯანული კომპანიაა და საქართველოში გზების მშენებლობას ახორციელებს, გაუცემელი სახელფასო დავალიანებების გამო არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. humanrights.ge შეეცადა მის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას, თუმცა, ამაოდ.