კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოსახლება გორგასლის ქუჩიდან

9 იანვარი, 2015
 
 გიორგი ჯანელიძე

3 დეკემბერს გორგასლის პირველი ჩიხის N75-დან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოთხი ოჯახი გამოასახლეს. კოპალიანების, მეშველიანების, ნაჭყებიებისა და გრიგოლიების ოჯახები აქ 2000 წლიდან ცხოვრობდნენ. 

ნუნუ მეშველიანი, რომელსაც აფხაზეთის ომში ორი ძმა მოუკლეს, აცხადებს, რომ გორგასლის პირველი ჩიხის N75-ში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონების თხოვნით ეკონომიკის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართეს და მზად იყვნენ, ნაკვეთში 45 000 აშშ დოლარი გადაეხადათ: „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან არაფერს ვითხოვთ და ამ უწყებისგან 22-ლარიანი ყოველთვიური დახმარების გარდა არასოდეს არაფერი მიგვიღია. ეკონომიკის სამინისტროს რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით. ვითხოვდით, რომ ჩვენი კუთვნილი საკომპენსაციო თანხის ნაცვლად იმ მიწის ნაკვეთის და შენობის შესყიდვის უფლება მოეცათ, სადაც ვცხოვრობდით. ვართ გაზის, დენის და სხვა გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელები.ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენი საბუთები გვერდზე  გადადო, მთავრობამ კი უცხოელ ინვესტორებს ეს ადგილი 1 ლარად მიჰყიდა.  აქ 2000 წლიდან ვცხოვრობდით. 18-წლიანი ნარგავები გვაქვს, ვენახები გვაქვს გაშენებული, კიტრი, პამიდორი და სიმინდი მოგვყავდა და ვირჩენდით თავს. ელიავას ბაზრობაზე ნაყიდი სამშენებლო მასალაც კი არ დაგვიტოვეს. ყველაფერი დაანგრიეს და წაიღეს“.  

გამოსახლების გადაწყვეტილების აღსრულებას რამდენიმე პოლიციელი ესწრებოდა. ჩვენი კითხვები მათ უპასუხოდ დატოვეს. 

ალექსანდრე კოპალიანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. ის აფხაზეთის ომის ვეტერანი, ერთი ფეხი დაზიანებული აქვს და საკუთარ თავს „ცალფეხა კაცს“ უწოდებს: „პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და პარლამენტის წევრმა  ვახტანგ ხმალაძემ წერილობითი განცხადებით მიმართეს ეკონომიკისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებს, რომ შეექმნათ კომისია და ჩვენი საკითხი შეესწავლათ. მაგრამ, ჩვენი საბუთები და თხოვნა არ განიხილეს  და  ეს მიწა სრულიად უცხო ხალხს მისცეს 1 ლარად. ომის ვეტერანი, ცალფეხა კაცი ვარ და ძლივს აშენებული სახლი დამინგრიეს. ჩემს მეზობელს დისშვილი მოუკვდა, მის დაკრძალვაზე ვიყავით წასულები. რომ მოვედით, სახლი უკვე დანგრეული დაგვხვდა“. 

გორგასლის პირველი ჩიხის N75-ში არსებული მიწის ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „არ ავნერ და ჰანა“-მ იყიდა.  კომპანიის წარმომადგენელმა, დავით აბრამიშვილმა ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა: „კომპანიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ოფიციალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ტერიტორია ჩვენმა კომპანიამ შეიძინა თებერვალში და აქ სკოლის მშენებლობას ვგეგმავთ“.  

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მონიტორინგის მობილური ჯგუფის წევრი, იურისტი ირინა კასრაძე ადგილზე შექმნილ სიტუაციას ასე აფასებს: „ალექსანდრე კოპალიანს ჰყავს ადვოკატი, რომელიც იცავს მის უფლებებს სასამართლოში და ეხმარება მას ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში. გამოსახლების მომენტისთვის მისი ადვოკატი იქ არ მინახავს. ეს არ იყო სპონტანური გამოსახლება: შესაბამისმა სამსახურებმა  ეს ოჯახები გამოსახლების თაობაზე ერთი თვით  ადრე გააფრთხილეს. მიწა, რომელზეც ისინი ცხოვრობდნენ სახელმწიფო საკუთრება იყო. სახლი, სამწუხაროდ, არ იყო მიწასთან მყარად დაკავშირებული ისეთი კონსტრუქცია, რაც ამ ოჯახებს მიწის დაკანონების მცირე შანსს მაინც მისცემდა. თვითონ აღნიშნავდნენ, რომ იყვნენ აბონენტები, რადგან  დენის და გაზის გადასახადებს იხდიდნენ. წესით, ეს მიწის დაკანონების საფუძველი უნდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, საქმის მასალებს არ ვიცნობ დეტალურად და უფრო კვალიფიციური კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“.  

როგორც იურისტი ამბობს, გორგასლის პირველი ჩიხის N75-ში არსებული სახლი არ წარმოადგენდა მყარად ნაგებ კონსტრუქციას. ის კუსტარულად აშენებული, ბარაკის ტიპის, ტიხრებით იზოლირებული ნაგებობა იყო, რომელსაც ოთხი ოჯახი იყოფდა. 

ახალი ამბები