კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

15 წელი სასმელი წყლის გარეშე

21 იანვარი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 15 წელია, ონკანებში სასმელი წყალი არ მოდის. ადგილობრივები წყალს კვირაცხოვლის ეკლესიის ჭიდან ეზიდებიან. 

„უპატრონოები ვართ, წყალს რატომ უნდა ვეზიდებოდეთ შორი მანძილიდან, თან  საათობით რიგში ვდგავართ. ხელისუფლება რომ ამბობს, პრიორიტეტია ყველა სოფელში  წყალი იყოსო, არ გვჯერა. ვის აღარ შევჩივლეთ ჩვენი გაჭირვება და დაპირებების მიუხედავად, საშველი არ ჩანს”, - განაცხადა ლეილა ბაბუხაძემ.

ეკატერინე შათირიშვილის თქმით, მოსახლეობამ ოფიციალური განცხადებით მიმართა ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელს დახმარებისთვის. მათ შორის იყვნენ: კახეთის გუბერნატორები - გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ადმინისტრაცია. ასევე წერილობით მიმართეს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კახეთის  რეგიონული ფილიალის, თელავის სერვისცენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე შათირიშვილს, რომელიც ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელია. მოსახლეობის მიმართვა არც ერთმა ხელისუფლების წარმომადგენელმა არ დააკმაყოფილა. 

,,ჩვენს განცხადებებზე მოდიოდა პასუხები,  მოგხედავთო. გვეუბნებიან,  მილებში წყალს ვუშვებთო, მაგრამ ჩვენამდე არ მოდის. რომ მივდივართ პასუხს ვერ გვცემენ ნორმალურად. ვის მივმართოთ, აღარ ვიცით. წლებია, წყალი არ მოგვდის და გადასახადებს კი გვაკისრებენ, უკვე დიდი დავალიანებაც დაგვიგროვდა. ამ ზაფხულს ძალიან რომ შევწუხდით, ადგილობრივ ხელისუფლებას წყალი რეზერვუარებით მოჰქონდა”, - აღნიშნა მანანა ჯავახიშვილმა.

სოფლის რწმუნებულმა გურამ ბახურაულმა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას განაცხადა, რომ სოფელ კურდღელაურს წყლის მარაგი არ გააჩნია, ამიტომ მოსახლეობას წყალი თელავიდან მიეწოდება. 

„კურდღელაური სასმელი წყლით თელავიდან მარაგდება. თანხებს რაც შეეხება,  მრიცხველებია დაყენებული.  ფულს ზედმეტად არავინ არა თხოვთ. 

სოფელი ოთხ უბნად გვაქვს დაყოფილი. ოთხ დღეში ერთხელ მისდის ხოლმე მოსახლეობას წყალი. თუ ორ დღეში ერთხელ მოგვაწვდის თელავი  წყალს, მაშინ თითო უბანს რვა დღეში ერთხელ მისდის წყალი.
 
გეგმაშია, რომ სოფელს ყოველდღიურად ჰქონდეს წყალმომარაგება. პროექტი უკვე დაწყებულია, რომელიც ორი წლის წინ სანახევროდ შესრულდა. დაწყებული საქმე უნდა განახლდეს მიმდინარე წელს, გაზაფხულიდან",- განაცხადა სოფელ კურდღელაურის რწმუნებულმა გურამ ბახურაულმა.

მისივე თქმით, ზაფხულში 2 აუზი აშენდება და ამის შემდგომ გაუმჯობესდება სოფლის  წყლით მომარაგება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ალექსანდრე შათირიშვილს დაუკავშირდა, თუმცა გამგებლის განცხადებით, ის საქმის კურსში არ არის, თუ რა ხდება სოფელ კურდღელაურში. 

კურდღელაური თელავის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი სოფელია, სადაც 1486 კომლი ცხოვრობს, დაახლოებით 5 000–მდე მოსახლე. ისინი წინა ხელისუფლების მიერ, სოფლის ქუჩებში,  დაწყებული წყალგაყვანილობის დასრულებას ითხოვენ. 

ახალი ამბები