კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონთან ბარიკადებია აღმართული

23 იანვარი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის კარზე დაკლული ღორის თავის მიჭედებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა. ეს შემაშფოთებელი ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებამ და მთავრობამ ცალსახად დაგმო. თუმცა, ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. მართლადიდებელ მოქალაქეთა ჯგუფი პანსიონის ამოქმედების წინააღმდეგია და პანსიონთან მისასვლელი გზა ჩახერგილი აქვს. კონფლიქტურ სიტუაციაში პოლიცია დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება და კანონის თუ მოქალაქეთა დაცვისათვის ეფექტურ ზომებს არ მიმართავს.

ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩა N13-ში მუსლიმთა პანსიონი 2014 წლის 15 სექტემბერს უნდა გახსნილიყო და სწავლაც დაწყებულიყო. თუმცა, 10 სექტემბერს პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს და მისი თავი პანსიონის კარზე მიამაგრეს. 

ამ დრომდე პანსიონში სწავლა არ დაწყებულა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფს 2015 წლის 16 იანვარს შენობის შესასვლელთან ხის მასალითა და ავტომანქანის ბორბლებით გაკეთებული ბარიკადები დაგვხვდა. შენობაში მისასვლელი გზისკენ პანსიონში მცხოვრებმა ერთადერთმა მუსლიმმა, კახა კახაძემ მიგვითითა. მისი თქმით, შენობის წინ საპროტესტო ტრანსფარანტებიც მუდმივად არის გაშლილი, მაგრამ წვიმიანი ამინდის დროს მათ გამოფენას ერიდებიან. ბარიკადების წინ კი, რამდენიმე თვეა, მართლმადიდებლების მიერ აღმართული ჯვარი დგას.

კახა კახაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ლექციებზე ქობულეთიდან დადის. იგი ერთადერთი მუსლიმია, ვისაც ადგილობრივებმა პანსიონში ცხოვრების ნება დართეს. რა არის ამის მიზეზი, არ იცის. „იმისთვის, რომ შენობა უპატრონოდ არ დარჩენილიყო, ნება დაგვრთეს, რომ ერთი ადამიანი დარჩენილიყო“, - ამბობს კახა კახაძე. იგი 10 სექტემბრის მოვლენების დროს ქობულეთში არ ყოფილა. შენობაში 15 სექტემბრიდან იმყოფება. 

„როცა მარტო დავრჩი, ლანძღვა და დაძაბულობა არ ყოფილა. სამი თვის განმავლობაში პოლიცია პატრულირებდა და იცავდა შენობას. მართლმადიდებლებს არ უნდათ, რომ აქ მუსლიმური სასწავლებელი იყოს. შემოსასვლელი გზა ჩახერგეს.  ჰგონიათ, რომ მინარეთს მივადგამთ და მეჩეთი გაკეთდება, რაც არ არის სიმართლე. მე ვერ დავარწმუნე ისინი, რომ ეს ასე არ იქნება. არც სხვებს უჯერებენ“, - აცხადებს კახა კახაძე.

საკმარისია, შენობასთან რამდენიმე წუთი გაჩერდე, რომ ადგილობრივები ფანჯრებიდან ყურებას იწყებენ. ფოტოაპარატის დანახვისთანავე ფარდებს წევენ და, წვიმის მიუხედავად, გარეთ გამოდიან. ჟუჟუნა კალაძე პანსიონის გვერდით მდებარე სახლში ცხოვრობს. იგი აცხადებს, რომ მართლმადიდებელი მოსახლეობა მუსლიმებს პანსიონის გახსნის უფლებას არ მისცემს: „ჩვენ რელიგიას არ ვებრძვით. მამაოებმაც რომ მოითხოვონ, ქრისტიანული ეკლესიის გახსნა, უფლებას არც მათ მივცემთ. არ არის აქ რელიგიური სალოცავის ადგილი. აქ მართლმადიდებლები ვცხოვრობთ. ერთი ადამიანიც კი არ არის მუსლიმი. თუ ქველმოქმედები არიან და სასწავლებელს აკეთებენ, მაშინ ქართველი ბავშვები მოიყვანონ და ქართულად ასწავლონ, ქრისტიანულად აღზარდონ, რადგან ქართველი მუსლიმი არ არსებობს“.

პანსიონის შენობა ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის თავმჯდომარეს შამილ კაკალაძეს ეკუთვნის. როგორც იგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პანსიონის შენობა შპს mb-ს საკუთრებაა. სწორედ მისგან აქვს ნაქირავები შენობა ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“.  „შპს mb“-ს ჩვენთვის შენობა საჩუქრად უნდა გადმოეცა, მაგრამ შპს-ს თურქი მფლობელი საბაჟოზე არ გამოუშვეს. ჩვენც აღარ გადავსულვართ თურქეთში. ჩუქებაზეც უარი ვთქვით, მოსახლეობაში ეს ფაქტი ცუდად რომ არ წარმოჩენილიყო. შესაბამისად, ქირავნობა გავაფორმეთ“, - აცხადებს შამილ კაკალაძე.

„ერთ წელზე მეტია, ეს შენობა გვაქვს შესყიდული და განსაკუთრებული პრობლემები 2014 წლის 10 სექტემბრამდე არ გვქონია. შენობა რემონტდებოდა. 15 სექტემბერს სწავლა უნდა დაწყებულიყო. შენობა კი მოსწავლეების მისაღებად მზად უნდა ყოფილიყო. 10 სექტემბერს საშინელი ფაქტი მოხდა. ადგილობრივებმა ღორი დაკლეს და მისი თავი პანსიონატის კარზე მიაჭედეს. ეს არ იყო მარტო იმ ადგილის, ბავშვების ან პედაგოგების შეურაცხყოფა. ეს იყო, ზოგადად, მუსლიმების შეურაცხყოფა. ეს იყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში მყოფი მუსლიმები აღიზარდონ ისე, როგორც ისლამს შეეფერება და არა ისე, როგორც რაიმე დაჯგუფების წევრები. ნუთუ ამ სახელმწიფოში მუსლიმებს არ აქვთ უფლებები?! ჩვენ ხომ არაფრით განვსხვავდებით სხვებისგან, ყველანი ერთი სახელმწიფოს შვილები ვართ. თუმცა ისე წარმოაჩინეს, რომ საქართველოში მყოფი მუსლიმები აღმოჩნდნენ სხვა გზის მატარებელნი. ძალიან უმძიმთ მუსლიმებს, როცა მათი მისამართით ესმით: „თათარო“, „მუსლიმებს ამ ქვეყანაში არ გესაქმებათ“, „სად გაგონილა, ქართველი მუსლიმი ყოფილიყოს“ და ამგვარი შეურაცხმყოფელი გამონათქვამები“, - აცხადებს ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის თავმჯდომარე შამილ კაკალაძე. 

შამილ კაკალაძის თქმით, ადგილობრივების მხრიდან მუქარები 10 სექტემბრამდეც იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას იგი იხსენებს: „მუქარები მანამდეც იყო. სექტემბრამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე შენობასთან ინვენტარი რომ მივიტანეთ, ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა არ დაგვაცლევინეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიცია გამოვიძახე, რამაც შედეგი გამოიღო. შემდგომ პერიოდშიც სულ იყო მუქარა, რომ აქ არ გაგვახსნევინებდნენ პანსიონს“.

ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის თავმჯდომარე პოლიციის უმოქმედობაზეც საუბრობს: „ადგილობრივებმა ღორის თავი პანსიონის კარს პოლიციის თვალწინ მიაჭედეს. პოლიციის მხრიდან კი არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, - ამბობს შამილ კაკალაძე. პოლიციის უმოქმედობას ხაზს უსვამს სახალხო დამცველის აპარატიც.

„საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებებით, 2014 წლის 15 და 16 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივი მუსლიმები იმყოფებოდნენ შენობაში და მათ აქციის მონაწილეები არ  აძლევდნენ შენობის დატოვების შესაძლებლობას. ხოლო, მოსწავლეებს პანსიონში არ უშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დღეს პანსიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აკვირდებოდნენ საპროტესტო აქციის მიმდინარეობას, მათ არ უზრუნველყვეს აქციის მონაწილეების განცალკევება იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, მოსწავლეები შესულიყვნენ პანსიონში ან/და, მეორე მხრივ, შენობაში მყოფ პირებს მისცემოდათ შენობის დატოვების შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ 2014 წლის 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ქობულეთში მიმდინარე მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულებაა: „მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება. პანსიონში სწავლისა და ცხოვრების მსურველ ბავშვებს ეზღუდებათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის - განათლების  უფლება და რელიგიის თავისუფლება“.

ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის თავმჯდომარის, შამილ კაკალაძის თქმით, სიტუაციის ამგვარი დაძაბვა, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესი იყოს: „ჩემი აზრით, ვიღაცამ მაგათ ბიძგი მისცა. წელიწადნახევარია, მე იქ დავდივარ და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ჩვენთვის ხელის შესაშლელად კი ხალხი გამოიყენეს. თუმცა, ჩვენ წინასწარ ვერავის დავადანაშაულებთ. მუსლიმი ტყუილს არ ამბობს. შესაბამისად, ცილს ვერავის დავწამებთ. გული მტკივა, როცა დავინახე, რომ მღვდელი იყო მოსული და ეუბნებოდა მრევლს: „ბიჭებო, მიაწექით!“ ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცის დასჯა. ყველამ თავისი უფლებები უნდა იცოდეს. სახელმწიფოს კი აქვს ის ძალა, რომ უთხრას ხალხს, რისი უფლება აქვთ და რისი არა, მაგრამ ამას არავინ აკეთებს. როგორც ჩანს, სახელმწიფოს ნება არ არის ამ სიტუაციის მოგვარება. ამ საქმის გაჭიანურება კი მუსლიმი საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს“.

მომხდარიდან მეორე დღესვე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ეს პროვოკაციაა, რომელიც ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც საქართველოში დესტაბილიზაციის სურათის შექმნა სურს. „პრინციპულად ვგმობ იმ პროვოკაციას, რომელიც გუშინ ქობულეთში მოხდა - ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რასაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება. ეს პროვოკაცია ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ შესაძლო პროვოკაციის თაობაზე მითითებით, ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს რელიგიური კონფლიქტის რეალური სურათი და ის მიზეზები, რომელიც საზოგადოებაში რელიგიურ სიძულვილსა და ძალადობას განაპირობებს. „სხვა შემთხვევების მსგავსად (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა), ქობულეთში გამოვლენილი რელიგიური აგრესიის ანალიზი აჩვენებს, რომ დაპირისპირებას კომუნალური ხასიათი აქვს და ის საზოგადოებაში არსებული შეუწყნარებელი, ისლამოფობიური, თურქოფობიური განწყობებით არის განპირობებული. ხელისუფლების არაეფექტური პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების მიმართ და რელიგიური ხასიათის დაპირისპირებების დროს მისი გაუმართლებელი ლოიალობა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ კი, იწვევს ძალადობის ზრდას და ექსტრემიზმის გაღვივებას საზოგადოებაში“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები ქობულეთის მუნიციპალიტეტის უმოქმედობაზეც საუბრობენ: „პოლიციის მსგავსად, უმოქმედოა ქობულეთის მუნიციპალიტეტიც, რომელმაც თითქმის 2 თვის განმავლობაში არ უზრუნველყო პანსიონის კანალიზაციის სისტემასთან მიერთება. ის საკუთარ პასიურობას ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგობით ხსნის“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„კანალიზაცია რომ გვქონოდა, 1750 ლარი გადავიხადეთ. მას შემდეგ 6 თვე გავიდა და ამ დრომდე არ ჩაურთავთ. წყალკანალში გვპასუხობენ, რომ მოსახლეობა არ გვართვევინებსო. პოლიცია კვლავაც არაფერს აკეთებს“, - აცხადებს შამილ კაკალაძე.

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მუსლიმებისთვის რელიგიური განათლების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის, რომ ბავშვები თურქეთში განათლებას იღებენ, ქვეყანაში შექმნილი პირობებიდან გამომდინარეობს: „თურქეთში გასულ წელს სხვადასხვა პროგრამით, დაახლოებით 70 ბავშვი გაიგზავნა. მათ სპეციალური ლიმიტები აქვთ გამოცხადებული უცხოელებისთვის. აღსანიშნავია, რომ 70-მდე ბავშვიდან მხოლოდ 4 კაცი არის აჭარიდან წასული. ვერავინ იტყვის, რომ ბავშვები სხვა ქვეყანაში სასწავლებლად არ უნდა წავიდნენ. თუ ვიტყვით, რომ მუსლიმმა უცხოეთში რელიგიური განათლება არ უნდა მიიღოს, მაშინ საქართველოში რელიგიური სასწავლებელი უნდა შექმნან. იმას არ კითხულობენ, რამდენად უნდათ, აჭარლებს რელიგიური განათლება თურქეთში მიიღონ. ეს კითხვა დაისვა როდესმე?! შეუქმენი ეს პირობები ქვეყანაში, თუ გინდა, რომ ძლიერი ქვეყანა იყოს“, - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

მიუხედავად პრემიერის მოწოდებისა, სამართალდამცავ სტრუქტურებს სასწრაფოდ გამოეძიათ 2014 წლის 10 ოქტომბერს მომხდარი ფაქტი და სათანადოდ ეგოთ პასუხი ინციდენტში მონაწილე ყველა პირს, დღემდე გრძელდება მუსლიმი მრევლის შევიწროვება. მართლმადიდებლები მათ შენობასთან მიახლოების უფლებასაც კი არ აძლევენ. პანსიონის გახსნა კი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.

ახალი ამბები