კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას აგვიანებს

27 იანვარი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

22 წლის მერი ნადირაშვილი ონკოლოგიური პაციენტია, საზღვარგარეთ მკურნალობის თანხა 20 ათასი ევრო  შეუგროვდა, თუმცა მისი უცხოეთში გაგზავნა გვიანდება. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც თანდათან უფრო მძიმდება. ნადირაშვილის მშობლები მათი შვილის ჯანმრთელობის გაუარესებაში ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. 

მერი ნადირაშვილს სიმსივნის დიაგნოზი 2 წლის წინ დაუსვეს. ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტი დიაგნოზის დასმისას 3 თვის ორსული იყო. მძიმე დიაგნოზის გამო მერი მეუღლემ მიატოვა. პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. 

პაციენტის მშობლების ინფორმაციით, 9 იანვარს მათ ქალბატონი დაუკავშირდა და აცნობა, რომ მერი ნადირაშვილი გერმანიაში გასაფრენად გაემზადებინათ. 13 იანვარს კი, გურჯაანის კატასტროფის სამედიცინო ბრიგადა მივიდა მათთან და თბილისში, ონკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს.

,,წაგვიყვანეს, სისხლის ანალიზი გაუკეთეს, სხვა არაფერი. ანალიზებს ხომ გურჯაანშიც აუღებდნენ. უთხრეს, გერმანიიდან უარყოფითი პასუხი მოვიდაო. რის გამოც მერიმ ინერვიულა და ჯანმრთელობა გაუუარესდა“, - განაცხადა მერის დედამ, მარიკა ნადირაშვილმა.

მერი ნადირაშვილის ოჯახმა არ იცის, ვისი ინიციატივა იყო პაციენტის ონკოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა.

”რისთვის გადაგვიყვანეს არ ვიცი. იქიდან რაც მოვედი ბავშვი ძალიან დამძიმდა. კარგ მდგომარეობაში წავიყვანეთ: საუბრობდა, ჭამდა, ამბობდა ჩემი ფეხით მივალ და თვითმფრინავში ჩავჯდებიო,  ონკოლოგიურში რა ნემსები გაუკეთეს არ ვიცი, იქიდან ბავშვი მომაკვდავი გამომატანეს. რაც მოვედით სახლში სულ გათიშულია. გასაოცარი ის არის, რომ მოდის კატასტროფის ბრიგადა და მეუბნება, თბილისში უნდა წავიყვანოთ და გერმანიაში გადასაყვანად მოვამზადოთო. 

თბილისში ხელახალი გადაყვანის შემდეგ, ანალიზები აუღეს და გერმანიაში გადააგზავნეს, ამის შემდეგ მითხრეს, გერმანიიდან ცუდი პასუხი მოვიდაო. ჩემმა შვილმა ინერვიულა, ისეთ მდგომარეობაში ვარ, მერის რომ რამე დაემართოს, არავის ვაპატიებ“,- განაცხადა მარიკა ნადირაშვილმა.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა თეა შარაშიძემ განუმარტა, ჯანდაცვის სამინისტრომ მერი ნადირაშვილის მკურნალობისთვის 20 000 ევრო გამოყო. 

„პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო და, აგრეთვე, ოჯახის მოთხოვნით, თანხა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაირიცხება. ხელშეკრულება უკვე დადებულია“, - განაცხადა  თეა შარაშიძემ. 

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით, როგორც კი თანხა ჩაირიცხება ანგარიშზე, პაციენტს სამკურნალოდ გადაიყვანენ. 

მერი ნადირაშვილის მამის, თამაზ ნადირაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროდან თურქეთში თანხის გადარიცხვა ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არ არის გადარიცხული, რაც ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობას  საფრთხეს უქმნის. 

ტელეკომპანია "გურჯაანის" ფოტო

ახალი ამბები