კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“სინდისის პატიმარი” - რასულ ჯაფაროვის საქმე

2 თებერვალი, 2015
 
ქეთევან ღვედაშვილი, Liberali.ge

27 იანვარი, აზერბაიჯანი, ბაქო, ვურგუნის ქუჩის კუთხე. მძიმე დანაშაულებისთვის განკუთვნილი სასამართლოს გვერდითა შესასვლელთან ხალხის რაოდენობა სულ უფრო იზრდება - მოქალაქეები, უცხოელი დამკვირვებლები და ჟურნალისტები აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან. ცდილობენ ადგილი კართან  რაც შეიძლება ახლოს დაიკავონ - შესაძლოა, პროცესი იმდენად მცირე დარბაზში ჩატარდეს, ყველამ ვერ შეძლოს შესვლა. ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ასე ხშირად ხდება.

გზის პირას მდგარი 3-სართულიანი შენობა საცხოვრებელ კორპუსს უფრო ჰგავს, ვიდრე სასამართლოს. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ კარი იხსენება, პასპორტისა და მობილური ტელეფონის დატოვების შემდეგ მეორე სართულზე, სასამართლო პროცესისთვის მოუხერხებელ, გრძელ და ვიწრო დარბაზში შევდივართ.

ხის მოაჯირით ორად გაყოფილი ოთახის ერთი ნაწილის ბოლოს მოსამართლისთვის გამოყოფილ შემაღლებულ ადგილზე გრძელი მაგიდა დგას. მარცხენა მხარეს რკინის გისოსებით შემოსაზღვრულ ადგილს მაშინ იყენებენ, როცა ბრალდებული არა ერთი, არამედ რამდენიმე პირია. თუმცა ამჟამად მასში რასულ ჯაფაროვია. მარჯვენა მხარეს მაგიდები და სკამები დგას. აქ ადვოკატები, მოწმეები და  ბრალდებულები ერთად სხდებიან. მაშინ, როცა პროკურორის მაგიდა მოსამართლესთან ახლოს, ოდნავ შემაღლებულ ადგილზე დგას. პროცესზე ბრალდების მხარეს პროკურორი მუბარიზ მირილი წარმოადგენს. 

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ორი ადვოკატი პირველ მაგიდასთან ზის. მათ უკან ოთხი დაზარალებული - ანარ ჯაბიევი, აჰმად ნეიბატოვი, ჯაჰანგირ აჰმადოვი და ნიჟატ იმრანილი სხედან. 

ოთახის მეორე ნაწილში სკამები დგას პროცესზე დასწრების მსურველთათვის.

დარბაზში მოსამართლე ელდარ ისმაილოვი და მისი ორი თანაშემწე შემოდის, ყველა ფეხზეა. პროცესი იწყება. მოსამართლე ბრალდებულს უფლებებს განუმარტავს და ბრალს აცნობს. 

იურისტსა და არაფორმალური ჯგუფის „ადამიანის უფლებათა კლუბის“ დამფუძნებელ რასულ ჯაფაროვს ბრალად არაკანონიერი მეწარმეობა (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლი), გადასახადებისთვის თავის არიდება (213-ე მუხლი), თანამდებობის ბოროტად გამოყენება,(308-ე), სხვისი ქონების მისაკუთრება (179.3.2-ე მუხლი) და საბუთების გაყალბება (313-ე მუხლი) ედება.

რასული დანაშაულს უარყოფს. მისთვის ბუნდოვანია, რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრალდება. ის პროკურატურისგან მეტ დასაბუთებულობას ითხოვს. პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიება სათანადოდ ჩატარდა, საგამოძიებო ორგანოებმა რასულის ორგანიზაცია შეამოწმეს. ბრალი სრულიად გასაგები და დასაბუთებულია. ბრალდების მხარე რასულს უხსნის, რომ მისი საქმიანობა არაკანონიერი იყო, რადგან უცხოელი დონორებიდან მიღებულ გრანტებს ორგანიზაციისა და ამ თანხების რეგისტრაციის გარეშე ხარჯავდა.

ადვოკატები რასულის გისოსებიდან გამოშვებას, აღკვეთის ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლას, მიკროფონში საუბარსა და დაზარალებულებისთვის მოწმის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. 
პროკურორი დაცვის მხარის არცერთ შუამდგომლობას არ ეთანხმება და სასამართლოს მათ უგულებელყოფას სთხოვს. 

მოსამართლე ელდარ ისმაილოვი მხოლოდ ერთ შუამდგომლობას აკმაყოფილებს და რასულს ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლებას აძლევს.

როგორც ადგილობრივი იურისტები განგვიმარტავენ, პროკურატურისთვის უპირატესობის მინიჭება და დაცვის მხარის შუამდგომლობების უგულებელყოფა აზერბაიჯანის სასამართლოს ტენდენციის ნაწილია. ამაზე სასამართლოში მხარეებისთვის განკუთვნილი ადგილებიც მეტყველებს. 

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არც მას მერე დააკმაყოფილა, რაც დაზარალებულებმა სტატუსის შეცვლა თავადაც ითხოვეს. დარბაზში მყოფი ოთხი დაზარალებულიდან სამმა განაცხადა, რომ რასულს მათთვის ზიანი არ მიუყენებია და სურთ, საქმეში როგორც მოწმეები, ისე მოიხსენონ. დარბაზში არ იმყოფებოდა მეხუთე დაზარალებული, მაგრამ როგორც პროცესზე გახდა ცნობილი, სტატუსის შეცვლას ისიც ითხოვდა. მათ პოზიციას მხოლოდ ერთი დაზარალებული არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ რასულმა  ოფისის ქირა არ გადაუხადა. 
იურისტებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა არსებობდეს ბრალდება, როცა საქმეში არსებული ხუთი დაზარალებულიდან ოთხი ადამიანი რასულის მიერ მათთვის მიყენებული ზიანს უარყოფს.

„ეს ბრალდებას აბათილებს და მისი ყველა მიგნება ალოგიკური ხდება. გაუგებარია, რას ემყარება”, - ამბობს აზერბაიჯანელი იურისტი, რომელიც უსაფრთხოების გამო ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.

სასამართლო პროცესი სრულდება. მცირე ხნით დარბაზიდან გასული მოსამართლე ბრუნდება და იქ მყოფებს მომავალი პროცესის გეგმებს აცნობს.  10 თებერვალს ჩანიშნულ პროცესზე საქმის არსებითი განხილვა იგეგმება - სასამართლო მტკიცებულებების გაცნობასთან ერთად ბრალდებულს, მოწმეებსა და მსხვერპლებს მოუსმენს.
 
***
30 წლის აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა რასულ ჯაფაროვმა „ადამიანის უფლებათა კლუბი“ 2010 წლის 10 დეკემბერს დააფუძნა. ის ასევე კამპანიებს „იმღერე დემოკრატიისთვის” და „ხელოვნება დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელობდა.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც რასულ ჯაფაროვი ყოველთვის აპელირებდა და ევროსაბჭოში მოხსენებითაც წარსდგა, აზერბაიჯანელ პოლიტიკურ პატიმრებს უკავშირდება.

მისი, როგორც უფლებადამცველის საქმიანობა, აზერბაიჯანული ხელისუფლებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ალიევის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აღიქმებოდა. ადგილობრივი მედიასაშუალებები ხშირად იხსენიებდნენ მას, როგორც ამერიკის აგენტს, რომელიც მრავალმილიონიანი გრანტის სანაცვლოდ ქვეყანაში რევოლუციას უწყობდა ხელს. ამავე აზრს იზიარებდნენ პოლიტიკოსებიც.

2014 წლის 28 აგვისტოს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრისას უფლებადამცველები სინდისის გაყიდვაში დაადანაშაულა: „ქვეყანაში არიან გამცემები, რომლებმაც თავიანთი სინდისი გაყიდეს“.

რასულ ჯაფაროვის წინააღმდეგ საქმე გენერალურმა პროკურატურამ 2014 წლის მაისში აღძრა. ამავე წლის 7 ივლისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს, 25 ივლისის, ასევე სასამართლოს ბრძანებულებით, ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. რასული მოწმის სტატუსით  პროკურატურაში რამდენჯერმე დაიბარეს. მაგრამ 2 აგვისტოს დაკითხვაზე მისულს სტატუსი შეუცვალეს, დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

2014 წლის 4 აგვისტოს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რასულ ჯაფაროვი უცხოელი დონორებისგან მიღებულ თანხებს ისე იღებდა, როგორც ფიზიკური პირი, არ არეგისტრირებდა ხარჯებს და ამით სახელმწიფოსთვის თანხის გადახდას არიდებდა თავს: „ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ცენტრალურ ბანკში „ადამიანის უფლებათა კლუბის“ მიერ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებში დარღვევები აღმოაჩინა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯომარე რასულ ჯაფაროვი იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციაში კვლევა ჩატარდა. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ რასულ ჯაფაროვი ამერიკელი და სხვა უცხოელი დონორებისგან მიღებულ გრანტს არ არეგისტრირებდა. ეს თანხა შეადგენდა 147 900 მანეთს, გადასახადების დამალვით მან ბიუჯეტს 6 162 მანათის ღირებულების ზიანი მიაყენა“. 

იურისტები განმარტავენ, რომ ჯაფაროვი როგორც ფიზიკური პირი, ისე მოქმედებდა, რადგან “ადამიანის უფლებათა კლუბი” არ იყო დარეგისტრირებული, როგორც არასამთავრობო. მათი თქმით, სხვადასხვა პროექტებში რასული კოორდინატორის სტატუსით იყო ჩართული. შესაბამისად, მას სახელმწიფოსთვის თანხის გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა და ვერც არარსებულ თანამდებობას გამოიყენებდა ბოროტად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რასულ ჯაფაროვს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება. საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-მა ის „სინდისის პატიმრად“ აღიარა. 

რასულ ჯაფაროვის დაკავებას წინ საკანომდებლო ცვლილებები და სხვა უფლებადაცმველთა დაკავება უძღოდა. 2013 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების, გრანტებისა და გადასახადების შესახებ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რამაც არასამთავრობოთა მუშაობა მნიშვნელოვნად შეზღუდა. ცვლილებების თანახმად, ყველა გრანტი უნდა დარეგისტრირებულიყო, მისი გაცემა კი მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, რაც იუსტიციის სამინისტრო საგრანტო ხელშეკრულებას დაადასტურებდა. არარეგისტრირებული გრანტით მუშაობა ადმინისტრაციულ დანაშაულს წარმოადგენს, მაგრამ სასამართლოს შეუძლია, ეს თანხები პირად საკუთრებად ჩათვალოს და მიმღებ პირს გადასახადებისთვის თავის არიდების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს. 

17 მარტს ცენტრალურმა ბანკმა არარეგისტრირებული გრანტების გაცემა აკრძალა და 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში დაიბლოკა.

2014 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლებას ადგილობრივი ან უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის აკრძალვის უფლებას აძლევდა. აღნიშნული კანონის დარღვევა ჯარიმით ისჯება.

ამის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ აღიძრა.

2014 წლის 30 ივლისს “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორი და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის წევრი ლეილა იუნუსი დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად სახელმწიფოს ღალატი, თაღლითობა, ყალბი დოკუმენტების დამზადება, გადასახადებისგან თავის არიდება და უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ედება. ბრალი მის მეუღლეს არიფ იუნუსოვსაც წარუდგინეს, თუმცა მოგვიანებით, 5 აგვისტოს დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

2014  წლის 8 აგვისტოს უფლებადამცველი და Legal Education Society-ის თავმჯდომარე ინტიგამ ალიევიც დააკავეს. მას ბრალად გადასახადებისათვის თავის არიდება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და  უკანონო სამეწარმეო შემოსავლის მიღება ედება. 

2013 წლის 16 დეკემბერს კი არასამთავრობო ორგანიზაცია “არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევების ცენტრის” თავმჯდომარე ანარ მამადლი გადასახადებისთვის თავის არიდების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავეს. 2014 წლის მაისში კი პატიმრობა მიუსაჯეს.

მათ დაკავებას ადგილობრივ და უცხოურ მედიასთან ერთად ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ, როგორიცაა Amnesty International და Human Rights Watch, ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ისინი მიიჩნევენ, რომ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული და მათ საქმიანობას უკავშირდება.  

ახალი ამბები