კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეში დარღვევები დაადგინა

4 თებერვალი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე (არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ან დასჯას), მეხუთე (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მეექვსე (სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება) და მეთოთხმეტე მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) - სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის 23 ოქტომბერს სულხან მოლაშვილის საქმე დახურა და გადაწყვიტა, რომ მოლაშვილის მიმართ ევროპული კონვენციის 4 მუხლი დაირღვა. 

სულხან მოლაშვილმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სარჩელით 2004 წელს მიმართა. 10 წლის შემდეგ კი, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მოლაშვილისათვის 20 000 ევროს ოდენობით კონპენსაციის გადახდა დააკისრა. 

გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილი აღიარების საფუძველზე მიიღო. საქმე ისაა, რომ 2014 წლის 11 მარტს  საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგს წერილობით აცნობა, რომ ის აღიარებს დარღვევებს სულხან მოლაშვილის საქმეში. ამასთან, ქართულმა მხარემ სტრასბურგისგან მოლაშვილის საქმის ხელახალი გამოძიების უფლებაც მოითხოვა.  აღსანიშნავია, რომ მორიგების წინადადებით ევროპულმა სასამართლომ მხარეებს ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების პირობებში მიმართა, თუმცა მაშინ მხარეები არ მორიგებულან.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2004 წელს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ თანამდებობის ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვისა და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სულხან მოლაშვილის განცხადებით, პატიმრობისას ოთხმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა იგი საკანში აწამა. მძიმე ავადმყოფობისა და პატრიარქის მიმართვის საფუძველზე მოლაშვილი 2008 წელს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

„დაკავებიდან პირველივე ღამეს ელექტროშოკით და სიგარეტით მაწამეს, შემდეგ გადამიყვანეს №7 საპყრობილეში, რომელიც ერთხელ ნახეს ჟურნალისტებმა და არასამთავრობოებმა 10 წუთის მანძილზე. ვიდრე ისინი შემოვიდნენ, იქ 1 თვე ვიყავი, არსებობს სურათებიც. 28 დღის განმავლობაში 32 კილო დავიკელი, რაც ცხადყოფს ჩემი იქ ყოფნის პირობებს. მეუხერხულება საუბარი, თუმცა არ არსებობდა ნივთი, საყოფაცხოვრებო დანიშნულებისაც კი, დაწყებული ხელის საპნიდან, დამთავრებული გაზეთის ნაგლეჯით, აღარაფერს ვამბობ კბილის ჯაგრისზე და შუქზე, - სანთელზე, რომ რაღაც დამენახა. შუა საუკუნეების შემდეგ, ასეთი წყვდიადი ალბათ მხოლოდ კინოებშია. ვიკვებებოდი მეზობელი საკნიდან მოწოდებული საკვებით. „საქაერონავიგაციის" ხელმძღვანელი, ცხონებული ზურაბ ჭანკოტაძე მაწვდიდა საკვებს", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა 2014 წლის 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. სულხან მოლაშვილმა წამების შემკვეთად მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ზედამხედველად - გიგა ბოკერია დაასახელა. 

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სულხან მოლაშვილის საქმის ხელახალი გამოძიებისთვის ერთი წლის ვადა მისცა.

ახალი ამბები