კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ISFED გოგა ხაინდრავასგან ცილისმწამებლური ფაქტების უარყოფასა და საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს

6 თებერვალი, 2015
 
isfed.ge

2015 წლის 1 თებერვალს, ტელეკომპანია“ იმედის“ თოქშოუში - „იმედის კვირა“,  ბ-ნმა გოგა ხაინდრავამ „სამართლიანი არჩევნებს“ და მის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ლომჯარიას უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლიტიკური კორუფციის სქემაში მონაწილეობაში დასდო ბრალი. ხაინდრავას განცხადებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ „დიდ კორუფციულ სქემაში“, რომელიც დაკავშირებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (SIDA) საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. მისი განცხადებით, „SIDA-ს უნდა დაეფინანსებინა სიღარიბის დაძლევის პროგრამები და იგი ფულს ურიცხავდა NDI-ს და ევრაზიის განვითარების ფონდს, ეს ფული კი იხარჯებოდა კვლევებში და არჩევნების გაყალბებაში „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ და მათი რეჟიმის შესანარჩუნებლად.

„ისფედი ღებულობდა მილიონობით დოლარს, ფულს, სიღარიბის პროგრამის დაძლევისთვის გამოყოფილს, რომელიც სხვადასხვა კვლევებში მიდიოდა, რომელიც პოლიტიკური ხასიათის კვლევები იყო ... თქვენ პირადად, თქვენ ორგანიზაციას ამ წლების  განმავლობაში 2-დან 4 მილიონამდე გრანტი გაქვთ მიღებული“ - მიმართა ხაინდრავამ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ლომჯარიას. ბ-ნი ხაინდრავა ამტკიცებდა, რომ მას გააჩნია მტკიცებულებები, რომ ISFED-მა ეს თანხა მიიღო: „მე ანგარიშები მიდევს, რომლითაც თქვენ მიიღეთ მილიონები, და თუ უარყოფთ გამოვაქვეყნებ ანგარიშებს, იმიტომ რომ აქ, ამ სქემას სააკაშვილი ფარავდა,  მე ინფორმაცია მივიღე შვედეთიდან... თქვენ იცით რომ მიღებული გაქვთ ეს ფული... მე კი არ ვამბობ, რომ თქვენ კორუფციულ ფულს იღებდით, არამედ ეს სქემა იყო კორუფციული“ - განაცხადა ხაინდრავამ.

უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), რომელიც მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს, საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და დონორი ორგანიზაციაა. საქართველოში მისი  საქმიანობის პრიორიტეტებს წარმოადგენს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვა, ბაზრის განვითარება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. 

ჯანდაცვის, განათლების, ჰუმანიტარული დახმარების, ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი და სხვა პროექტების ხელშეწყობის მიზნით SIDA-ს მხოლოდ 2013 წელს საქართველოს ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის მხარდასაჭერად დახარჯული აქვს 115 095 206 შვედური კრონა, რაც დაახლოებით 14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. SIDA-სგან დაფინანსების მიღება შრომატევადი, კონკურენტული და გამჭვირვალე პროცესია. 

რაც შეეხება გოგა ხაინდრავას ბრალდებებს ორგანიზაციისა და მისი დირექტორის, ნინო ლომჯარიას მიმართ, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არის სიცრუე და მიზნად ისახავდა არამარტო საქართველოში მოქმედი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებას, არამედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული უანგარო დახმარების დისკრედიტაციას.  „სამართლიანი არჩევნები“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს (რისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარმოვუდგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები - კონტრაქტები, აუდიტის დასკვნები), რომ 2011 წლის ოქტომრიდან, (მას შემდეგ რაც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ ნინო ლომჯარია),  „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ორი მცირე გრანტი ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისაგან (EPF), რომელიც დაფინანსებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და ამ დაფინანსების საერთო თანხა შეადგენდა 34 371 აშშ დოლარს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც ერთი გრანტი არ წარმოადგენდა პოლიტიკური ხასიათის პროექტს. 

წარმოგიდგენთ ინფორმაციას SIDA-სგან მიღებული დაფინანსების მიზნობრიობისა და შედეგების თაობაზე:

1) პროექტის დასახლება  - „საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგი“ - მე-2 ეტაპი (1-ლი ეტაპი ჩატარდა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე); 

 ბიუჯეტი - 14 380 აშშ დოლარი; 
 დონორი - NDI/SIDA

აღნიშნული პროექტი განხორციელდა 2012 წლის 1 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, სამართლიანი არჩევნებისა (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის („საია“) მიერ საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესწავლა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ ეთიკის კოდექსის შესრულების, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობების დაკისრების მონიტორინგი. დაკვირვების შედეგად დადგინდა საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის სტატისტიკური მონაცემები გენდერული ბალანსის და პარტიული კუთვნილების მიხედვით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა საუბნო საარჩევნო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები და 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაკისრებული კომისიის წევრების ხელახალი დანიშვნის ფაქტები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინა რეკომენდაციები დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით. იხილეთ კვლევის შედეგები დეტალურად.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტიდან ორგანიზაციის არცერთი თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურება არ გაცემულა და მთლიანი ბიუჯეტი პროექტულ საქმიანობებს მოხმარდა.

2) პროექტის დასახელება:  „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“;
ბიუჯეტი - 19 991.22 აშშ დოლარი; 
დონორი - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF)/SIDA. 

აღნიშნული პროექტი დაიწყო 2012 წლის 20 იანვარს,  დასრულდა 2012 წლის 20 დეკემბერს და განხორციელდა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო-ქართლის და შიდა ქართლის 6 მუნიციპალიტეტში. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგისა და კონტროლის კუთხით ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების, მედიის, მოქალაქეების უნარ-ჩვევების გაზრდა. პროექტის შედეგად დატრენინგდა და მონიტორინგში მონაწილეობა მიიღო 100-მდე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა. პროექტის მიმდინარეობისას ადგილობრივ თვითმმართველობებს წარედგინათ რეკომენდაციები მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. ამასთან, მოქალაქეებისა და ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საადვოკაციო კამპანიის მეშვეობით მიღწეულ იქნა კონკრეტული შედეგები. შედეგების შემაჯამებელ პრეზენტაციაზე პროექტში მონაწილე აქტიური მოქალაქეების დაჯილდოვება განხორციელდა. იხილეთ პროექტის შედეგები დეტალურად.

რაც შეეხება 2006-დან 2011 წლამდე შვედეთის საერთაშორისო განვთარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, ორგანიზაციას მიღებული აქვს ორი გრანტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისგან (NDI):
• პროექტის დასახელება -  „საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომლექტების მონიტორინგი“ – 1-ლი ეტაპი; ბიუჯეტი - 15 000 აშშ დოლარი; ხანგრძლივობა - 2010 წლის 1 აპრილი - 30 ივნისი; პარტნიორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
• პროექტის დასახელება -  „2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი“; ბიუჯეტი - 56 999.24 აშშ დოლარი; ხანგრძლივობა- 2007-2008 წწ 10 მაისი-10 აპრილი.

საერთო ჯამში, 1995 წლიდან  დღემდე,ორგანიზაციის არსებობის 20 წლის განმავლობაში „სამართლიან არჩევნებს“ SIDA-ს არაპირდაპირი დაფინანსების სახით მიღებული აქვს 106 370 დოლარი და არც ერთი პროექტი არ იყო პოლიტიკური ხასიათის კვლევა.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს წარმოვუდგინოთ ჩვენი დაფინანსების ოდენობისა და დანიშნულების თაობაზე ნებისმიერი დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები“ მიმართავს ბ-ნ გოგა ხაინდრავას, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს „მტკიცებულებები“, რომლებიც ადასტურებენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მილიონობით დოლარის მიღებას პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადოს საჯარო ბოდიში ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახავი განცხადების გავრცელებისთვის.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - SIDA-ს უდიდესი წვლილი საქართველოში დემოკრატული ინსტიტუტების მშენებლობის და ქართველი ხალხის კეთილდღეობის მხარდასაჭერად.

ორიგინალი: http://www.isfed.ge/main/844/geo/       

ახალი ამბები