HUMANRIGHTS.GE
არასამთავრობო ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, მედიის ინსტუტუტი და იურისტ ქალთა კავშირი, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ წინადადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგონოს ქალბატონ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა.
არასამთავრობო ორგანიზაციები თავის მიმართვაში აცხადებენ, რომ იზიარებენ პრეზიდენტის მიერ გაცხადებულ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა.
„სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით, ვფიქრობთ, ნინო გვენეტაძე გამორჩეულია თავისი მაღალი სამართლებრივი კვალიფიკაციით, მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და გრძელვადიანი მოღვაწეობით, პრინციპულობით, სამართლიანობითა და შეუვალობით. რაც მთავარია, იგი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, რაც დამატებით უზრუნველყოფს მის მიუკერძოებლობას და ობიექტურობას ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს აქვს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ და მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება. ამ თანამდებობებზე მუშაობისას იგი ჯერ კიდევ 2005 წლიდან იბრძოდა საქართველოში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის, რის გამოც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, იგი იქცა დევნილად, როდესაც რეალურად მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მანკიერი სასამართლო სისტემის დაუმორჩილებელი მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად ნინო გვენეტაძე 2006 წელს გაერთაინდა არსამათავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იბრძოდა საქართველოში დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში, რომელსაც პრეზიდენტის კანცელარიაში დღეს წარადგენენ.
გარდა ამისა, როგორც მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, ნინო გვენეტაძე საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით, აქვს შესაბამისი პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, იგი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და წარმატებით მუშაობს აკადემიური მიმართულებით.