კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართლიანობის აღდეგნის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა

10 თებერვალი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

6 თებერვალს, ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულე 19 წლის ნანა გიგლემიანს ავტომანქანა დაეჯახა. დაჯახების შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველთა განმარტებით, მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, მიიმალა. დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც,  გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, უდანაშაულოა. მათი თქმით,  რეალურ დამნაშავეს სამართალდამცველები ხელს აფარებენ.

„19 წლის ანგელოზი სიცოცხლეს გამოასალმა და იმის მაგიერ, რომ მანქანა გაეჩერებინა, გადმოსულიყო და დახმარება გაეწია ბავშვისთვის, გაიქცა. მიმალვაში მას პოლიცია დაეხმარა. პატრულმა, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე წამში შემთხვევის ადგილზე გაჩნდა, არაფერი იღონა, რომ კვალს მიჰყოლოდა. ისევე, როგორც ამას, ამ ბოლო დროს, ხშირად აკეთებს“, - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

გარდაცვლილის ახლობლების განმარტებით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ავტომობილს, რომელიც ნანა გიგლემიანს დაეჯახა, ქალი მართავდა.

„ის ბიჭი, რომელიც დაკავებული ჰყავთ, უდანაშაულოა. როგორც ამბობენ, პატრონი არ ჰყავს და უნდათ, ეს ცოდვა აჰკიდონ. სინამდვილეში ქალია ჩვენი გოგოს მკვლელი, რომელსაც სამართალდამცველები ხელს აფარებენ, რადგან, სავარაუდოდ, იგი პოლიციელის მეუღლეა. ამოიღონ ვიდეოჩანაწერი და ჩვენს თვალწინ გაშიფრონ. მაგრამ ეს ხელს არ აძლევთ და გვეუბნებიან, რომ იმ დროს კამერები ვერ გადაიღებდნენ, რადგან შუქი იყო გათიშული. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ იმ დროს შუქი გათიშული არ იყო. მაგრამ ეს არავის აინტერესებს. ჩვენ არავინ გვისმენს. მომხდარის ადგილზე ექსპერტიზა მას შემდეგ ჩაატარეს, როცა გაწმინდეს და დანაშაულის კვალი გააქრეს“, - აცხადებს გარდაცვლილის ბებია ნაირა ნანავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახი სამართალდამცველებს უნდობლობას უცხადებს და საქმის ობიექტურ მოკვლევას მოითხოვს. 9 თებერვალს, სიმართლის დადგენის მოთხოვნით, მათ აღმაშენებლის გამზირი (შემთხვევის ადგილი) გადაკეტეს. გარდაცვლილის ნათესავებს რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დღეს საქართველოში სამართალდამცველები უსამართლობას ემსახურებიან.

„რას აკეთებს პროკურატურა, რას აკეთებენ გამომძიებლები, რატომ ძინავს ყველას, როცა დედას ერთადერთ შვილს უკლავენ და მკვლელები გარბიან. აღარაფერს ვამბობ პატრულზე, რომელიც იმის მაგიერ, რომ ასეთ დროს ფხიზლობდეს, თვალს ხუჭავს და დუმს. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გავერთიანდებით და სიმართლის სადარაჯოზე არ დავდგებით. ბევრი უბედურება შერჩათ სამართალდამცველების მიერ ხელდაფარებულ ადამიანებს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს და დროა, ეს  გახდეს უკანასკნელი შემთხვევა. დამნაშავე უნდა დაისაჯოს განურჩევლად იმისა, პოლიციელის ოჯახის წევრია ის თუ არა. მათ ის გამომძიებელ-პროკურორები უნდა მიჰყვნენ, ვინც დამნაშავეს ხელს აფარებს და უსამართლობას ემსახურება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

გარდაცვლილის დედა რუსუდან ნანაძე კი ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის პროტესტის უკიდურეს ფორმას გამოიყენებს და ერთადერთ შვილს მანამ არ დაასაფლავებს, სანამ რეალურ მკვლელს  არ დააკავებენ. 

ახალი ამბები