კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ჯარიაშენში ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოები განახლდა

10 თებერვალი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

რუსეთის და სამხრეთ ოსეთის საჯარისო ნაწილებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოები კვლავ განაახლეს. გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში მავთულხლართების გავლების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივების სახნავ-სათესი მიწების ნაწილი მოექცა. როგორც ჯარიაშენში აცხადებენ, ერთკილომეტრიან ზოლზე, ოკუპაციის ხაზმა მნიშვნელოვნად გადმოიწია.

ადგილობრივ მცხოვრებლებს რუსი სამხედროები მავთულხლართებთან ახლოს, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი არ აძლევნ მიწის ნაკვეთების დამუშავების საშუალებას. „მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად როდესაც მივედით, ხუთი კაცი მოვიდა და გვითხრეს, ან წადით აქედან, ან ფული მოიტანეთ 500 ლარი. თუ არადა, წაგიყვანთ აქედან ცხინვალშიო. გაზაფხული მოდის და მიწის ნაკვეთების დამუშავების საშუალებას არ გვაძლევენ. შველას ვითხოვთ და მშველელი არავინ არის“,- აღნიშნა ჯარიაშენის მკვიდრმა მზიური გოგიაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა ადგილობრივებს მავთულხლართებით შემოსაზღვრულ საოკუპაციო ხაზთან ახლოს სამუშაო იარაღები ჩამოართვეს და საკუთარი ნაკვეთებიდან გამოყარეს.

„ადამიანი თავის ნაკვეთში მიწას ამუშავებდა და რუსმა სამხედროებმა ხელის ტრაქტორი ე.წ. ,,მოტობლოკი“ წაართვეს, რითიც მიწას ამუშავებდა“, - განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა, დავით ტატიაშვილმა.

ადგილობრივების თქმით, ე.წ. „საზღვარი“ სოფელ ჯარიაშენში დღითიდღე იწევს.

„ადრე ეს ნაკვეთები ჩვენი იყო და ვამუშავებდით, ყოველდღიურად იწევიან და იწევიან. რამენაირად უნდა გვეშველოს, ჩვენც ცოდონი ვართ. ჯარიაშენის მოსახლეობისთვის ძირითადი შემოსავალი ბაღებიდან მიღებული მოსავალია“, - აღნიშნა სოფელ ჯარიაშენის მკვიდრმა, დიმიტრი თევდორაშვილმა.

სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა მიმართავს ხელისუფლებას, უსაფრთხოების მიზნით, ქართულმა სამართალდამცველებმა სოფელში საგუშაგო გახსნან, რათა ადგილობრივებს მიწის ნაკვეთების დამუშავების საშუალება მიეცეთ.

„ერთხელ მაინც მოვიდეს მთავრობის წარმომადგენელი და გაეცნოს ჩვენს პრობლემებს. ნაკვეთები თუ ვერ დავამუშავეთ  სოფელი მშიერი  დარჩება. შიშის ქვეშ ვართ, ამიტომ მოვითხოვთ მთავრობიდან, ყურადღება მოგვაქციონ. საგუშაგოები სასწრაფოდ უნდა დაიდგას“,- განაცხადა ადგილობრივმა, თამარ კაპანაძემ.

არასამთარობო ორგანიზიაციის „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი ჯარიაშენში შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა. „ხალხი  დახმარებას ითხოვს და დღემდე მთავრობიდან არავინ არ მოსულა ადგილზე სიტუაციის გასაცნობად. ამასთან, არ წყდება რუსი სამხედროების თავნებობა. ხალხი დიდი საფრთხის ქვეშაა. იმედია, მთავრობა  რეაგირებას მოახდენს. მთავრობას მოვუწოდებ, დროულად მიხედონ ხალხს“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

„როგორც კი მივხვდებით, რომ იქ ჩემს ჩასვლას შედეგი ექნება, ჩავალ“, - ასე პასუხობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ჟურნალისტების მიერ ჯარიაშენში ჩასვლისა და ადგილზე სიტუაციის გაცნობის შესახებ დასმულ კითხვას. 

პაატა ზაქარეიშვილი უარყოფს განცხადებას ოკუპაციის ხაზის გადმოწევის შესახებ. რაც შეეხება სოფელში საგუშაგოს გახსნას, ამბობს, რომ ეს მისი სამინისტროს პრეროგატივა არ არის. „არ ვადასტურებ საზღვრის გადმოწევას, რადგან საზღვარი არ არსებობს და არც ე.წ. „საზღვარი“ არ არსებობს. საგუშაგოს შექმნის საკითხი, ალბათ, უსაფრთხოების  საბჭოში ან შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა განიხილონ“,- აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა.

ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. „საოკუპაციო ხაზის“ სადერმაკაციო სამუშაობის დასრულების შემდეგ, რუსეთისა  და არაღიარებული სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა პატრულირება  გააძლიერეს. გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს.

ახალი ამბები