კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიძულვილის ენის პრობლემა ქართულ მედიაში - ადამიანის უფლებათა ცენტრის ტრენინგი

12 თებერვალი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

7 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრის გურჯაანის ოფისში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგ-კურსი სიძულვილის ენის პრობლემის შესახებ. ტრენინგი ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის, „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება თურქეთში არსებული კანადის საელჩოს დაფინანსებით. ტრენინგს ესწრებოდნენ ჟურნალისტები, იურისტები, სტუდენტები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. სიძულვილის ენის შესახებ ერთდღიან კურსს  მედიატრენერი სალომე აჩბა უძღვებოდა.

მედიაში არსებული სიძულვილის ენა ის თემაა, რომელიც საზოგადოების მხრიდან მეტ ჩართულობას საჭიროებს, რადგან სწორედ საზოგადოებაა ის ძალა, რომელსაც შეუძლია, მედიას უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდოს. ამ თემების გარშემო ტრენერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. 

სალომე აჩბა, მედიატრენერი: „ბოლო წლებია, ქართულ მედიაში მუდმივად არსებობს სიძულვილის ენის ტირაჟირების პრობლემა. ქვეყანაში იღებენ კანონებს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და ახლა უკვე, გარკვეულწილად, სიძულვილის ენის კრიმინალიზაციაც კი ხდება. ამიტომ, ვფიქრობ, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. საზოგადოება ამ თემაზე უნდა მსჯელობდეს და ბევრს უნდა საუბრობდეს. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ მედიის მიერ ყველაზე ხშირად ხდება პოლიტიკური სიძულვილის ენის გამოყენება. ასევე საკმაოდ ხშირია ეთნიკური სიძულვილის ენის გამოყენებაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მისამართით. მედიაში სიძულვილის ენის რეგულირება უნდა ხდებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მედიამ ყოველთვის უნდა გაიაზროს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმას, რასაც ის აქვეყნებს თავის ვებ-გვერდზე, გაზეთში თუ ტელევიზიის მეშვეობით. მედიამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და ამ პროცესში საზოგადოებას დიდი როლი აქვს. სწორედ საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს ის, რომ მედიამ იმუშაოს მეტი პასუხისმგებლობითა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვით“.

ტრენინგის მონაწილე იეჰოვას მოწმეთა ადვოკატის, მანუჩარ ციმინტიას თქმით, დღეს საკმაოდ ხშირია სიძულვილის ენის ტირაჟირება, განსაკუთრებით, რელიგიურ თემებთან მიმართებაში: „სიძულვილის ენა რელიგიასთან მიმართებაში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია. ამ კუთხით, მწარე წარსული გვაქვს და დალხენილად არც ახლა არის სიტუაცია. მრავალი საკითხია გამოსასწორებელი და ამ მხრივ, პრობლემების არსებობას ახლახან მიღებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონიც მოწმობს. ვფიქრობ, ამ კანონის მიღება სწორედ  ქვეყანაში არსებულმა სიძულვილის ენის ტირაჟირების მაღალმა სტატისტიკამ განაპირობა. ახლა საჭიროა, ამ კანონმა იმუშაოს. საჭიროა მეტი პრაქტიკა, ბევრი განცხადება და მიმართვა ამ საკითხებზე. ბოლო პერიოდში რამდენიმე მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ჩვენი რელიგიის მიმდევრები სიძულვილის ენის მსხვერპლნი გახდნენ. მათ შორის გამოვყოფდი ერთ-ერთ რეიტინგულ ტელეგადაცემას, როცა გადაცემაში გამოყენებულმა სიძულვილის ენამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამან ორგანიზაციაზეც იმოქმედა და ფაქტობრივად, უარყოფით შედეგებს დღემდე ვიმკით. თუმცა, ჩვენმა რეაქციამაც არ დააყოვნა. შედეგიც ის იყო, რომ ამ ტელეკომპანიამ ბოდიში მოიხადა“.

კახეთის რეგიონული ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ჟურნალისტი, ერეკლე ცოცანიძე ფიქრობს, რომ, ტრადიციებიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებობს გარკვეული სტერეოტიპები, რაც ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს: „ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები არის გაკულტებული. ხშირად ადამიანები თავისდაუნებურად სხვებს უნგრევენ პირად ცხოვრებას, რადგან აქტიურად განიხილავენ სხვების ცხოვრებას. საზოგადოება რაღაც დოგმებსა და ცხოვრების წესებს აწესებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების ცნობიერება მივიდეს იქამდე, რომ თვითონვე დაიწყონ სტერეოტიპების მსხვრევა. მაგალითად, 2013 წლის 17 მაისს მოხდა ის, რომ ათასობით ადამიანი დაეჯახა 100-150 ადამიანს. დასამსხვრევია სტერეოტიპი, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს არ აქვთ არსებობის უფლება. ამ სტერეოტიპმა გამოიწვია ადამიანების ფიზიკურად დაზიანება, შინაგანად შეშინება. მათ მიმართ არის დიდი აგრესია და არსებობს საფრთხე, რომ ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლები გახდებიან. სტერეოტიპებით დაავადებულმა საზოგადოებამ კი შეიძლება ადამიანი ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს“, - ამბობს ერეკლე ცოცანიძე.

ერეკლე ცოცანიძის თქმით, ხშირად სწორედ მედია უწყობს ხელს საზოგადოებაში სტერეოტიპების გამყარებას: „თუნდაც ტოკ-შოუების მაგალითი ავიღოთ. შშმ პირებზე მომზადებულ სიუჟეტებში ხშირია ამბის დრამატიზება. ერთმა კონკრეტულმა სიუჟეტმა კი შეიძლება, შინაგანად ყველაზე ძლიერი ფსიქიკის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანიც კი ცრემლებამდე მიიყვანოს და ჩაკეტოს. მედიის მიერ სტერეოტიპების გამყარების მაგალითია ასევე იუმორი და სატირა. ვფიქრობ, ამ ტიპის გადაცემები ყველაზე მეტად უნდა ემსახურებოდეს სტერეოტიპების მსხვრევას. ამ დროს კი პირიქით ხდება - ისინი სტერეოტიპებს კიდევ უფრო ამყარებენ. საზოგადოება კი ამას ვერ ხვდება, რადგან სტერეოტიპი მისი ცხოვრების წესად არის ქცეული“. 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობასა და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ დისკრიმინაციაზე საუბრობს ტრენინგის მონაწილე ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ჟურნალისტი მაგდა ბეჟანიშვილი, რომელიც პირველი ჯგუფის უსინათლოა.

„საქართველოში იყო და არის პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ცდილობს სახელმწიფო, მაგრამ იმდენად ბევრი პრობლემაა, რომ, ალბათ, თვითონ სახელმწიფომაც არ იცის, საიდან დაიწყოს. უპირველესად, გარემოსთან ინტეგრაციის პრობლემა გვაქვს. ქუჩებში არ არის პირობები იმისა, რომ შშმ პირის ეტლმა თავისუფლად იმოძრაოს, რომ უსინათლო დამოუკიდებლად გადაადგილდეს. სახელმწიფომ, ჩემი აზრით, ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულოს ასეთი ადამიანების ინტეგრაციისთვის, რადგან, რეალურად, არის ამის შესაძლებლობა. პრობლემურია, ასევე, საზოგადოების შეხედულება შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ. ვფიქრობ, ძალიან დიდი დრო დასჭირდება ადამიანების შეხედულებების შეცვლას. ჟურნალისტებიც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ შშმ პირების თემატიკის გაშუქებას. არ უნდა ხდებოდეს ამგვარი თემების დრამატიზება. ხშირად სიუჟეტებში უფრო შოუს ელემენტებია ნაჩვენები, ვიდრე რეალური პრობლემა. შედეგად, არასწორი გაშუქება საზოგადოებაში შშმ პირების შეცოდებას იწვევს“, - ამბობს მაგდა ბეჟანიშვილი.

„ამ ეტაპზე, ვფიქრობ, კანონის გამკაცრება, სიძულვილის ენის ტირაჟირებასთან დაკავშირებით, აუცილებელი არ არის. ჩემი აზრით, უფრო მეტად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული არა კანონის გამკაცრებასა და მედიასთან კანონის ენით საუბარზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და თვითრეგულირებადი მექანიზმების ეფექტურად მუშაობაზე, რადგან ვხედავთ, რომ ქვეყანაში თვითრეგულირების მექანიზმები არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც უნდა იყოს“, - აცხადებს სალომე აჩბა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მედიის პროფესიული სტანდარტების ზრდა.

დღესდღეობით, საქართველოში სიძულვილის ენა კრიმინალიზებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სიძულვილის ენის ტირაჟირებისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება. 2014 წლის მარტის ცვლილებების თანახმად, ქართულ კანონმდებლობაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება გაჩნდა. შესაბამისად, ამ ცვლილების შედეგად, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა. რაც შეეხება მედიის რეგულირებას, მედია ამ სფეროში მაუწყებლობის შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით რეგულირდება. კანონის მიხედვით, მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამების გაშვება, რომელიც დისკრიმინაციასა და შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს. 

ახალი ამბები