კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერი მის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე საუბრობს

12 თებერვალი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ჩემ წინააღმდეგ ბინძური კამპანია ხორციელდება. ადამიანებს სურთ, ქუთაისის მერი და მთლიანად მერია საზოგადოების თვალში დააკნინონ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მზადდება კამპანია, რომელიც ჩვენს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ეს განცხადება ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ 11 თებერვალს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

მერიის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის დაანონსების შემდეგ მურღულიამ ქუთაისის საკრებულოს ყოფილ წევრს, გიორგი შავგულიძეს ტყუილსა და პროვოკაციაში დასდო ბრალი.
 
„შავგულიძე ტყუის, როცა ამბობს, რომ მე 2012 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ვიდექი და მის მხარდამჭერ კამპანიას ვეწეოდი. მას სურს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და გაურკვეველ ფოტოებს ავრცელებს. ეს ფოტოები კი, თუ დააკვირდებით, სპეციალურადაა დაბურული, რომ ადამიანების სახეები არ გამოჩნდეს“, - ამბობს შოთა მურღულია.

გიორგი შავგულიძე, რომელიც ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ასევე, ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორია, შოთა მურღულიას „ნაციონალური მოძრაობის“ იდეების გამტარებელს უწოდებს და აცხადებს, რომ მიუხედავად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მის დაბრუნებას ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე, სწორედ, ქუთაისის მერი ეწინააღმდეგება.

„მას არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ თანამდებობაზე არ აღმადგინოს. მით უფრო, რომ არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი აღდგენის შესახებ. ჩემი თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არაერთხელ მივმართე ქუთაისის მერიას, უშუალოდ ქალაქის მერს, მაგრამ უშედეგოდ. მურღულიას ბრძანება, რომელიც მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოსცა, მისი წინამორბედების მიერ გამოცემული ბრძანებების ანალოგიურია“,  - აცხადებს გიორგი შავგულიძე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დასჯადია. თუმცა, ქუთაისის მერიის იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამართლებრივი აქტი, რომელზეც შავგულიძე საუბრობს, ქუთაისის მერიას არა მისი ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას, არამედ მისი სამსახურით უზრუნველყოფას ავალდებულებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შავგულიძე ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის  დირექტორის  თანამდებობიდან 2007 წელს გაათავისუფლეს. 

ახალი ამბები