კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ

17 თებერვალი, 2015
 
ნინო წოწორია 

სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობა, მედიკამენტების არარსებობა, საკვები პროდუქტის მავნებლობა, ვენტილაციის და წყლით მომარაგების საკითხი, ციხის თანამშრომლების აგრესიული და პროვოკაციული დამოკიდებულება იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზე რეაგირებასაც მსჯავრდებულები ითხოვენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელზე გაგზავნილ წერილში ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. 

„სასმელი წყალი  გრაფიკით გვაქვს, არ მუშაობს საჰაერო ვენტილაცია, საკნის ეგრეთ წოდებული „სარკმელი“ პატარაა და ჰაერი არ მოგვეწოდება. ზოგიერთი თანამშრომელი აგრესიით და ირონიული საუბრით გამოირჩევა.
მძიმე დაავადებებით  ვართ დაინფიცირებულები, გვესაჭიროება გამოკვლევები და მკურნალობა,  ასევე შესაბამისი მედიკამენტები, მაგრამ მთავარი ექიმი ზურა ორაგველიძე ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევს.  ჩვენ ყოველ მიმართვაზე ცრუობს და თავიდან გვიშორებს, შეხვედრაზე უარს აცხადებს  მისივე სამედიცინო ნაწილში მომუშავე პერსონალიც“, - ნათქვამია მსჯავრდებულების მიერ ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელზე გაგზავნილ წერილში. 

როგორც მსჯავრდებულები აცხადებენ, მათ მიმართ აგრესიამ და პროვოკაციამ შეგნებულად იმატა. პატიმრების მიერ ანალოგიური დამოკიდებულება კი პაემნების, ტელეფონზე საუბრის,  მაღაზიითა და ამანათით სარგებლობის აკრძალვით ისჯება. ბათუმის #3 დაწესებულების პატიმრების პრობლემებს სახალხო დამცველის აპარატის დასკვნაც ადასტურებს, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ დაიდო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ლუკავას განცხადებით, ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პირობები არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და სასჯელაღსრულების სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრებისთვის ადამიანური გარემოს შექმნა. 

„კანონში პირდაპირ არის გათვალისწინებული რომ პატიმრები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ხელსაყრელ გარემოში უნდა იმყოფებოდნენ. საკანში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები იყოს დაცული და პატიმრებს ჰქონდეთ კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენების შესაძლებლობა“,- აცხადებს თამარ ლუკავა. 

სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ბათუმის #3 დაწესებულების დირექტორს რეკომენდაციებით მიმართავს, რათა პატიმრებისთვის კანონით შესაბამისი პირობები უზრუნველყონ და არ შეილახოს მათი მორალური უფლებები.

ახალი ამბები