კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იკვეთება თუ არა „იმედის ფესტივალის“ დაგეგმვისას დისკრიმინაციის ფაქტები

23 თებერვალი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

2014 წლის 6-8 ივნისს სპორტის სასახლეში „იმედის ფესტივალი“ უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე გაჩენილი ხანძრის მიზეზით, სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ ფესტივალის მიღებაზე უარი განაცხადა. ორგანიზატორებს პრობლემები შეექნათ ასევე, სარეკლამო კამპანიის წარმოების პროცესშიც. იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი დაგეგმილი იყო და მზადებაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩართული იყვნენ, თბილისში ფესტივალი მაინც ჩატარდა, მაგრამ გაცილებით ნაკლები მასშტაბით. 

„იმედის ფესტივალს“ დიდუბეში მდებარე სახარების რწმენის ეკლესიამ უმასპინძლა. ფესტივალს უმსხვილესი ამერიკული პროტესტანტული ორგანიზაციის - ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის (BGEA) დირექტორი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელთა ქისის“ პრეზიდენტი - ფრანკლინ გრემი ეწვია.

„იმდის ფესტივალის“ პიარ-მენეჯერი, ლელა ხონელიძე  იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რასაც სარეკლამო კამპანიის დროს სამუშაო ჯგუფი წააწყდა: „პიარსა და გარე რეკლამებზე როცა მიდგა საქმე, გარკვეულ წინააღმდეგობებს გადავაწყდით. ბევრ სარეკლამო კომპანიასთან ვითანამშრომლეთ, მაგრამ ყველაზე დიდი გართულება „აუთდორ.ჯი“-სთან თანამშრომლობას მოჰყვა. მათთან სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული. ერთ-ერთი იყო მეტროში სარეკლამო პლაკატებისა და ქუჩებში ბილბორდების განთავსება. თანხაც გადახდილი გვქონდა, ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ სამი დღის შემდეგ აეროპორტის გზიდან ჩვენი ბილბორდები გაქრა. სარეკლამო კომპანიას ამის მიზეზი როცა ვკითხეთ, გვიპასუხეს - სხვა კომპანიის ადგილას გაგვიკრავს ბილბორდებიო. ოფიციალურ მიზეზად ეს დაასახელეს. მერე აღმოჩნდა, რომ იტყუებოდნენ, რადგან სამი დღე იმ ადგილას არაფერი გაკრულა და დავის შემდეგ ისევ ჩვენი დააბრუნეს“.

ოფიციალური მიზეზის პარალელურად, ლელა ხონელიძე იმ მიზეზზე საუბრობს, რაც მას კომპანიის წარმომადგენელმა უთხრა. როგორც ხონელიძეს სარეკლამო კომპანიაში განუცხადეს, ბილბორდების მოხსნით პრემიერ-მინისტრი იყო დაინტერესებული. „პრემიერი დელეგაციას უნდა დახვდეს და არ სურს, გზაზე არაპატრიოტული ხასიათის ბილბორდები იყოსო“, - იხსენებს ლელა ხონელიძე. 

როგორც პიარ მენეჯერი გვეუბნება, სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთან „იმედის ფესტივალის“ გამართვის თაობაზე ხელშეკრულება ერთი წლით ადრე დაიდო. თუმცა, ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე სპორტის სასახლის ერთ-ერთი ფლიგელის სახურავზე ხანძარი გაჩნდა, რაც, ადმინისტრაციამ ფესტივალის ჩატარებაზე უარის თქმის საკმარის  გარემოებად მიიჩნია.

„ფესტივალამდე 4-5 დღით ადრე შენობაში მცირე ხანძარი გაჩნდა. ჩვენი ჯგუფი ამ პერიოდში დეკორაციებსა და განათებებზე მუშაობდა. მოკლე ჩართვა რომ მოხდა,  ადმინისტრაციას მივუთითეთ, მაგრამ მათ ჩვენი შენიშვნა ყურად არ იღეს. ამ საქციელით კი ეჭვის მიზეზი დაგვიტოვეს. ამის შემდეგ დაახლოებით ერთ საათში მოკლე ჩართვა კვლავ განმეორდა. მყისიერი ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან არც მაშინ ყოფილა. მოლოდინი შესრულდა - დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ“, - აცხადებს ლელა ხონელიძე.

როგორც პარლამენტარი თამარ კორძაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, იგი ცდილობდა, სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთან პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ მცდელობა უშედეგო გამოდგა: „თინა ხიდაშელი და მე ვცდილობდით, რომ  როგორმე სპორტის სასახლის ადმინისტრაციას ფესტივალის ჩატარებამდე მოეგვარებინა ხანძრის შედეგად გაჩენილი პრობლემები. თუმცა სსეს ვერ მოხერხდა“. დეპუტატმა სპორტის სასახლეში მომხდარის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამტკიცების გარეშე ფაქტის შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა. 

ლელა ხონელიძის თქმით, მათ სპორტის სასახლის ადმინისტრაციას შესთავაზეს, რომ თავად შეიყვანდნენ ჯგუფს, რომელიც იმუშავებდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ სპორტის სასახლეს შესძლებოდა ფესტივალის მიღება: „ვუთხარით, რომ იმ ფართსაც არ გამოვიყენებდით, სადაც ხანძარი გაჩნდა, მაგრამ მათი პასუხი იყო - არა. გვითხრეს, რომ 4-5 დღე არაფერი ჩატარდებოდა. ფესტივალის მოსამზადებლად ამხელა რესურსი დავხარჯეთ და ბოდიშიც კი არავის მოუხდია. შემდეგ ექსპერტი მოიყვანეს და ხმამაღლა ალაპარაკებდნენ, იაფფასიან სცენებს დგამდნენ. ჩვენი ექსპერტიც არ შეგვაყვანინეს. სპორტის სასახლის ხანძრის შემდეგ კი, თბილისში არსებულმა არც ერთმა დარბაზმა არ მიგვიღო, „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ სტადიონებიც ვცადეთ, თუმცა - უშედეგოდ“.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, თამთა მიქელაძის განცხადებით, რელიგიური უმცირესობები საკუთარი რწმენის საჯარო რეპრეზენტაციის პროცესში ხშირად აწყდებიან შეზღუდვებსა და უფლებების სერიოზულ დარღვევას. ბოლო პერიოდში კი დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიერ საჯარო სივრცეების ინდოქტრინაციისა და რელიგიური ძალადობის ვერც ერთ მცდელობას ხელისუფლებამ ეფექტურად ვერ უპასუხა. 

ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის საფუძველზე, სახალხო დამცველს მიმართა განაცხადით, განიხილონ „იმედის საერთაშორისო ფესტივალის“ დაგეგმვის დროს კერძო პირების - სპორტის სასახლის ადმინისტრაციისა და სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-ს მიერ სახელშეკრულობო ვალდებულებების დროს რელიგიური ნიშნით ჩადენილი სავარაუდო  დისკრიმინაციის ფაქტები.

თამთა მიქელაძის თქმით, EMC-თვის მიცემულ დეტალურ ახსნა-განმარტებაში თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა, თეიმურაზ გიორგაძემ აღნიშნა, რომ სპორტის სასახლეში გაჩენილი ხანძარი იმდენად სუსტი იყო, რომ მას პირობითად შეიძლება საშუალო ხარისხის ხანძარი ეწოდოს. 

„ახსნა-განმარტებაში მოწმე [თეიმურაზ გიორგაძე] აღნიშნავს, რომ მომეტებული საფრთხის მქონე შენობა-ნაგებობებში, თავის დაზღვევის მიზნით, ქვტომატურად ხდება 10-11 სახანძრო მანქანის გაშვება, თუმცა სპორტის სასახლიდან 5-6 მანქანა (წყლის ცისტერნა) გაუხარჯავი დაბრუნდა. თ. გიორგაძე ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ გაჩენილ ხანძარს, მისი მასშტაბებისა და ხარისხიდან გამომდინარე, არ შეეძლო საფრთხე შეექმნა შენობის მდგრადობისთვის“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.

ამასთან, შეგვიძლია, გავიხსენოთ თეიმურაზ გიორგაძის განცხადება, რომელიც მან 2014 წლის 3 ივნისს მედიასთან საუბრისას გააკეთა: „ხანძარი იყო გამთენიისას, სპორტის სასახლის ფოიეში რაღაც ნარჩენები იწვოდა. არაფერი დაზიანებულა სერიოზული, არც არავინ დაზარალებულა. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. რაც შეეხება მიზეზებს, ამას უკვე გამოძიება დაადგენს".

EMC-სთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მეხანძრეები ამბობენ, რომ ხანძრის ლოკალიზება 9 წუთში მოხდა და 5-6 (ან უფრო ნაკლები) ტონა წყალი გაიხარჯა ცეცხლის ჩასაქრობად. მათი აზრით, ამ მოცულობის წყალს შენობის მდგრადობისთვის საფრთხის შექმნა არ შეეძლო. „ძირითადად იწვოდა და აალებული იყო ფარდები და ხის მასალები. ჩემი დასკვნით, არსებულ ხანძარს არ შეეძლო, საფრთხე შეექმნა შენობის მდგრადობისათვის, ასევე არც წყალი არ იქნა იმდენი გამოყენებული, რომ რაიმე საფრთხე შეექმნა შენობის სიმყარისათვის“ - წერს მეხანძრე ალექსანდრე გურგენიძე თავის ახსნა-განმარტებაში.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სპორტის სასახლის შენობაზე ხანძრის ზემოქმედების საკითხზე საბოლოო დაკსვნა ხანძრიდან 27-ე დღეს მიიღო. 2014 წლის 30 ივნისით დათარიღებული დასკვნის შესაბამისად, შენობის მე-15 სექტორში გაჩენილმა ხანძარმა არ იქონია გავლენა რკინაბეტონის კონსტრუქციების მდგრადობასა და მზიდუნარიანობაზე.

EMC-ის ინფორმაციით, ამას წინ უსწრებდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 6 ივნისს გაცემული დასკვნა, სადაც მითითებული იყო, რომ სპორტის სასახლის კონსტურქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩატარებული უნდა ყოფილიყო დეტალური ლაბორატორიული კვლევა, ხოლო დეტალური გამოკვლევის შედეგების მიღებამდე შენობის ექსპლუატაცია უნდა შეჩერებულიყო. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე გამორიცხავდა სპორტის სასახლის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში შენობაში რაიმე ღონისძიების გამართვის შესაძლებლობას.  

„სპორტის სასახლის ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ უმოქმედობასა და გულგრილობას, რაც ფესტივალის გარშემო შექმნილი კონტექსტის გათვალისწინებით, წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას“,  - აღნიშნულია EMC-ის მიერ ომბუდსმენის სახელზე გაგზავნილ განაცხადში.   

ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრმა სახალხო დამცველს განაცხადით  2015 წლის 13 თებერვალს მიმართა.

როგორც humanrights.ge-ს სახალხო დამცველის ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა გიოშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე საქმის მასალების შესწავლა მიმდინარეობს. მისი თქმით, სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა და ექსპერტიზის ჩატარებაც შეიძლება გახდეს საჭირო. ამ დროისთვის კი, მაკა გიოშვილმა, საქმის მასალების შესწავლის გარეშე, ფაქტის შეფასებისგან თავი შეიკავა.

ახალი ამბები