კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრგვალი მაგიდა - „ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემები“

30 მარტი, 2015
 
ნინო წოწორია

26 მარტს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემების განხილვა მოაწყო. დისკუსიის მონაწილეებმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ რეგიონში მარგანეცის მოპოვებითა და დამუშავებით შექმნილი გარემოს დაბინძურების პრობლემები განიხილეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მრგვალი მაგიდა - „ეკოლოგიური პრობლემები ჭიათურაში“ მედიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ფილმის  ნაცრისფერი ჭიათურა ჩვენებით გაიხსნა. 

„ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგომ ქალაქში არსებული მდგომარეობა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ამ პრობლემის გადაჭრაში. ვგეგმავთ, ადვოკატირების კამპანიის წარმოებას, ასევე სახელმწიფოს დონეზე კანონების ინიცირებას და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაზე მუშაობას, რადგან არსებული საკანონმდებლო ბაზა პრობლემის ეფექტურად მოგვარების საშუალებას არ იძლევა“, - განაცხადა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო ელბაქიძემ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში გარემოს დაბინძურების პრობლემა დიდი ხანია, დგას. ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში გარემოზე მიყენებული ზიანის, დაახლოებით 80%  მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიქსირდება. ადგილობრივების განცხადებით, ჭიათურას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

ჭიათურის კავშირის თავმჯდომარის, შოთა გაფრინდაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პრობლემის გადასაჭრელად ეფექტური და სწრაფი გზის პოვნა, რათა შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ.

„ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ ის მიზანმიმართული გეგმა, რომელიც ჩვენს ქალაქს გარემოსდაცვითი პრობლემებისგან დაიხსნის. ჭიათურა არა თუ ეკოკატასტროფის ზღვარზეა, არამედ ჭიათურაში ეკოკატასტროფაა. ვიტყოდი, მოსახლეობის ეკოციდი დგას. უნდა ვაიძულოთ ყველა მხარე, მეწარმეც და სახელმწიფოც, რომ ჩვენ ქალაქში ნედლეულის  წარმოება კანონიერების ფარგლებში მოექცეს. წინააღმდეგ შემთხვევში, სანამ მარგანეცის მოპოვება დასრულდება, მანამ ჭიათურაში ცხოვრება შეწყდება“, - აცხადებს შოთა გაფრინდაშვილი humanright.ge-თან საუბრისას.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმაზე ბევრად მაღალია. ორგანიზაცია მომავალში ნიადაგის და სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის ჩატარებასაც გეგმავს.
„2011 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ ატმოსფერული ჰაერის ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა,  რომელმაც აჩვენა, რომ ჰაერში მტვრის შემცველობა სამჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას. მნიშვნელოვანია,  კვლევების ჩატარებას კომპლექსური სახე მიეცეს და არ იყოს ეპიზოდური. ჩვენი ორგანიზაცია უახლოეს მომავალში ნიადაგის და სასმელი წყლის კვლევის საზღვარგარეთ ჩატარებას გეგმავს, შედეგებს კი საზოგადოებას აუცილებლად გავუზიარებთ“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის პროექტების მენეჯერმა, ნინო გაფრინდაშვილმა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში გარემოს დაბინძურების საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი პრობლემაა დაავადების პრევენციისა და შრომის უფლებების ინსპექტირებაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის, ნანა ნინაშვილის განცხადებით, შრომითი უფლებების ინსპექტირება საწარმოს პრეროგატივაა და ვალდებულია, ჰყავდეს შესაბამისი სამსახური, რომელიც შრომითი უფლებების საკითხს მოაგვარებს. დისკუსიის მონაწილეებს ჭიათურის ეკოლოგიური და მოსახლეობის პრობლემის მოგვარების გზად სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კოორდინირებული მუშაობა მიაჩნიათ.

„მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომლებიც ჭიათურის მუნიციპალიტეტს აწუხებს. აღნიშნულის გადაჭრას კი კომპლექსური მიდგომები სჭირდება. არსებობს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც ყველა მეწარმემ და იმ სტრუქტურებმა უნდა დაიცვას, რომლებიც ბუნებრივი რესურსების მოპოვებას აწარმოებენ. პრობლემის მოგვარებაში ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რადგან გარკვეული წლების შემდეგ ჭიათურა ეკოლოგიური და ადამიანური რესურსების ნაკლებობის ზონად არ გადაიქცეს“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრე მინდორაშვილმა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლის, სოფო ბერიშვილის, ინფორმაციით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რისკების შემცირებას და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას. ბერიშვილის განცხადებით, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოების მიზნით კი, საწარმო თანამედროვე სტანდარტების ქარხნის ექსტლუატაციაში გაშვებას აპირებს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი სტანდარტისაა და ხმაურის დეციბალები და ქარხნის სხვა პარამეტრები ნორმების გათვალისწინებითაა შერჩეული.

ახალი ამბები