07:30, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ყოფილი პოლიტპატიმარი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს

02.04.2015

 
ნინო წოწორია

ყოფილი პოლიტპატიმარი პატიმრობის პერიოდში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს და დამნაშავეების სამართლებრივ პასუხისგებას ითხოვს. humanright.ge-თან საუბრისას, ალექსანდრე ჭუმბურიძე იმ დეტალებს იხსენებს, რომლებიც სასჯელის მოხდის პერიოდში, მის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევით მიმდინარეობდა. 

ალექსანდრე ჭუმბურიძე ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ  2013 წელს საყოველთაო ამნისტიით გათავისუფლდა. ყოფილი პოლიტპატიმარი ნაციონალური მოძრაობის შტაბბინის აფეთქების ბრალდებით 2006 წლის სექტემბრიდან გლდანის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. თუმცა, ყოფილი პატიმარი ბრალდებას უარყოფს და არც აღიარებაზე მოუწერია ხელი. 

„დაპატიმრების შემდეგ ანტიტერორისტულ ცენტრში გადამიყვანეს, სადაც პირდაპირ მითხრეს, რომ იგორ გიორგაძეზე, მაია თოფურიაზე ან თემურ ჟორჟოლიანზე დამედო ხელი. უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ვარ. იგორ გიორგაძესთან ვმუშაობდი და ვფიქრობ, კარგ საქმეს ვაკეთებდი. მე არაფერი ჩამიდენია, შესაბამისად, ვერც ვერავის დავადანაშაულებდი. მათ კი ცემა დამიწყეს და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ჩემი დაპატიმრება ფარული მოწმის საფუძველზე მოხდა, ამიტომ საკუთარი უდანაშაულობა ვერ დავამტკიცე“, - ამბობს ალექსანდრე ჭუმბურიძე.

ყოფილი მსჯავრდებული ალექსანდრე ჭუმბურიძე პატიმრობის პერიოდში მასზე განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყობის ფაქტებზე საუბრობს. წამების დამკვეთად გლდანის მე-6 დაწესებულების მაშინდელ დირექტორს, დავით მარგებაძეს ასახელებს, უშუალოდ წამებაში კი, ყოფილ პატიმრებს გიორგი ყუფარაძესა და გიორგი გოშაძეს ადანაშაულებს. ალექსანდრე ჭუმბურიძეს სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს და ყველა იმ პირის კანონის ფარგლებში დასჯას ითხოვს, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ.

 „ციხიდან გადაყვანის მიზეზით გამომიყვანეს საკნიდან, რეალურად კი, სხვა კამერაში შემიყვანეს, სადაც ყუფარაძე და გოშაძე იმოფებოდნენ. ამ ადამიანებისთვის ჩემ სიცოცხლეს არანაირი ფასი არ ჰქონდა, მკვლელობისა და განსაკუთრებული სისასტიკის გამო ისხდნენ ციხეში.  მარგებაძე პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას, თვითონ არ დაურტყამს, მაგრამ იქვე იყო. მეშინოდა, ამდენ ცემას ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენა არ მოეხდინა. ამხელა კაცი ვტიროდი უკვე. ისიც კი არ ვიცოდი, გადავრჩებოდი თუ არა. მოითხოვდნენ ხელი დამედო დამკვეთზე, მაგრამ მე არავისთვის არაფერი დამიბრალებია“, - აცხადებს ალექსანდრე ჭუმბურიძე.

ყოფილმა პოლიტპატიმარმა წამების ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურასა და სახალხო დამცველის აპარატში პატიმრობის პერიოდშივე დაწერა განცხადება, თუმცა უშედეგოდ. განცხადების პასუხად პროკურატურატურამ ჭუმბურიძის საქმე შეისწავლა და წამებაში მონაწილე პირების დაკითხვის საფუძველზე აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა. ამნისტიის შემდეგ ჭუმბურიძემ ისევ მიმართა პროკურატურას იმავე მიზეზით, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების დახმარებით, ყოფილი პოლიტპატიმარი წამების ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურას მესამედაც მიმართავს. ალექსანდრე ჭუმბურიძეს ამჯერად სამართლიანი გამოძიების იმედი აქვს.

„ამჯერად შევძლებ სიმართლის დამტკიცებას. ციხეში ზის ჩემი მეგობარი  ბაჩო  შარაშენიძე, რომელიც ჩემს წამებას დაადასტურებს. მისივე ინფორმაციით ვიცი, რომ ციხის ოფიცერიც მისცემს ჩვენებას, რომელიც ჩემი გაყვანის დროს მორიგეობდა. ამასთანავე, თანასაკნელებიც დაადასტურებენ ამ ინფორმაციას. ეს ადამიანები თუ დაიკითხებიან, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა სიმართლეს დაადგენს“, - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი. 

ალექსანდრე ჭუმბურიძის თქმით, ბაჩო შარაშენიძე მის კამერაში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც ის გამომძიებლის ვიზიტის მიზეზით გაიყვანეს, სადაც ბაჩოსა და მის ურთიერთობაზე დაკითხეს და მოსთხოვეს შარაშენიძე მკვლელობაში დაედანაშაულებინა, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრნენ. ალექსანდრე ჭუმბურიძე ბაჩო შარაშენიძის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოიძახეს, სასამართლოს მიმდინარეობის დროს მან ის გამომძიებელი ამოიცნო, რომელიც მისი მეგობრის დადანაშაულებას სთხოვდა, თუმცა, ეს გამომძიებელი რეალურად შარაშენიძის პროკურორი აღმოჩნდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, ალექსანდრე ჭუმბურიძის საქმეს შეისწავლიან და საქართველოს მთავარ პროკურატურას მსჯავრდებულის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დეტალური აღწერით მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავენ.

„ალექსანდრე ჭუბურიძის წამება სხვა მსჯავრდებულთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა, მას აიძულედნენ ეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც ამ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია და ამის დამამტკიცებელი საბუთები დღეს უკვე არსებობს. ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სასწრაფო გამოძიება და აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე.

ალექსანდრე ჭუმბურიძეს ნასამართლევობა მოხსნილი აქვს, თუმცა, სამუშაოს პოვნა მაინც უჭირს. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი თავს  დის დახმარებით ირჩენს. 

„სარდაფივით შენობაში მძინავს. მხოლოდ  და მეხმარება, სხვა არავის მყავს. ისეთ პირობებში ვარ, ციხეში დაბრუნება მინდოდა, იქ უფრო ადვილი იყო ჩემთვის ცხოვრება, ვიდრე ახლა, როდესაც თავისუფალი ვარ და  არც სამუშაო მაქვს, არც სახლი და არც რაიმე პერსპექტივა მომავალში“, - ამბობს ალექსანდრე ჭუმბურიძე.

ყოფილი პატიმარი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მუშაობის დაწყებას და საცხოვრებელი სახლის შეძენას ვერ ახერხებს. ჭუმბურიძის თქმით, დაპატიმრების შემდეგ მას ოჯახი დაენგრა, სახლი დაკარგა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციაც უჭირს. 

„მნიშვნელოვანია, პატიმრების გარესამყაროსთან შეგუების პროცესი ციხეში ყოფნის დროსვე დაიწყოს, რადგან ამ ადამიანებმა საზოგადოებასთან რეაბილიტაცია უკეთესად შეძლონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პატიმრების შემთხვევაში, რომელთაც არაერთი წელი აქვთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული. გათავისუფლების შემდეგ ყოფილ პატიმრებს ბევრი პრობლემა ხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროში რეაბილიტაციის ცენტრი მოქმედებს, მსჯავრდებულების რესოციალიზაციისთვის ეს საკმარისი მაინც არ არის“, - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის 2012 წლის დეკემბრიდან რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა მოქმედებს, რომელში ჩართვაც ნებისმიერ ყოფილ მსჯავრდებულს ნებაყოფლობით შეუძლია. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC