კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურის გაჭიანურებული საქმეები

2 აპრილი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

2 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს გაჭიანურებული საქმეების დროულად და ეფექტურად გამოძიებისაკენ მოუწოდებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დარღვევებზე სახელმწიფოსა და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არაეფექტური რეაგირება წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

„დღემდე, იმ საქმეებზე, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს, ეფექტური და დროული გამოძიება არ მიმდინარეობს. დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ იმ ადამიანებს მინიჭებული, ვინც წარსულში იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ან დაზარალდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ასეთი საქმეების გამოძიების შეფერხება იწვევს ისეთ თანმდევ რეციდივებს, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენისა და ყოფილი პოლიტპატიმრის ბესიკ ხარძიანის მკვლელობა. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა შესაძლოა, იყოს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გაგრძელება, რაც გამოწვეულია, სავარაუდოდ, ისეთი ადამიანების შესაძლო დევნით, რომლებიც სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არაერთი საჩივრით მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა პატიმართა სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება, თუმცა, იურისტების თქმით, საჩივართა დიდ უმრავლესობასთან დაკავშირებით გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს.

„ყოფილი პოლიტპატიმრების საქმეებზე ვითხოვთ ეფექტურ გამოძიებას. მაგალითად, მაისაიას საქმე, ყინწვისის პოლიტპატიმრების საქმე, ზაზა აზარიაშვილის საქმე. ასევე, ადამიანის უფლებათა ცენტრს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ოთხი შემთხვევა აქვს წარმოებაში, რომელთა დაკავშირებითაც ასევე ვითხოვთ ეფექტურ გამოძიებას. თუმცა, ეს ახალი დეპარტამენტის განსჯადი საქმეები არ არის, რადგან მათი საქმიანობა დროით არის შემოსაზღვრული, ჩვენ არ ვიცით, რა ობიექტური და მიუკერძოებელი მექანიზმით აპირებს პოლიციელთა გადაცდომების გამოძიებას პროკურატურის ახალი დეპარტამენტი. აუცილებელია, ყველა იმ საჩივარზე, რომელიც პოლიციელთა სავარაუდო გადაცდომების კუთხით შევა პროკურატურაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათ აცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა , თამარ ავალიანმა.

„ვფიქრობთ, ის საქმეები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებულ სასჯელებს ეხება,  განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სწორედ ასეთ საქმეს წარმოადგენს რასოიანის საქმე. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11 წელი დაემატა, მას ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, მივმართეთ ასევე პრეზიდენტს, რათა შეწყალების აქტით გათავისუფლებულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე ამ კუთხით არანაირი რეაგირება არ მომხდარა“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი მთავარი პროკურატურის ახლადშექმნილი დეპარტამენტის საქმიანობაზე. 

ახალი ამბები