კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში C ჰეპატიტის ახალი სამკურნალო პროგრამა ამოქმედდა

28 აპრილი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

გასულ კვირას  საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნულ ფაქტს წინ მთავრობის ინიციატივა უძღოდა - 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. პროგრამა კი, რომელსაც 200 ათასი ინფიცირებული (საქართველოს მოსახლეობის 6,7%) მოუთმენლად ელის, პაციენტთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით უზრუნველყოფის გარდა, დიაგნოსტიკასა და საჭირო სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.

სპეციალისტთა განმარტებით, ახალი თაობის ძვირადღირებულ მედიკამენტს, რომელიც საქართველოში ამერიკიდან რამდენიმე დღეში შემოვა,  C ჰეპატიტის განკურნების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს და გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. 

პრეპარატის საქართველოში შემოსვლას ათასობით ადამიანი ელოდება. მით უფრო,  რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მკურნალობა უფასო იქნება. თუმცა, ჩნდება კითხვა - რამდენად ხელმისაწვდომი გახდება ეს სერვისი ყველა ინფიცირებულისთვის, ვინ იქნება პრივილეგირებული და როდის მოიცავს იგი დაავადებულთა სრულ კონტიგენტს. 

„ჩემი მეუღლე უკვე 7 წელია ინფიცირეულია. მისი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობას გაცილებით აღემატება. შესაბამისად, ვერ მკურნალობთ. ორი წლს წინ ჩავიტარე გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ მეც ინფიცირებული ვარ. ეს კი, მოგეხსენებათ, რაც არის, პრაქტიკულად სიკვდილს ნიშნავს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადოდ არ იმკურნალე. როგორც ირკვევა, დღეს გაჩნდა გადარჩენის შანსი. მთავარია, ამ პროგრამაში მოვხვდეთ", - ამბობს humanrights.ge-თან  საუბარში 32 წლის მაკა არაბიძე.
      
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით: „აღნიშნული პროგრამა სამიდან ხუთ წლამდე პერიოდს მოიცავს და მასში ეტაპობრივად ყველა პაციენტი  ჩაერთვება, ვისაც კი მკურნალობა ესაჭიროება. თუმცა, პირველ რიგში  სოციალურად დაუცველებს და შედარებით მძიმე პაციენტებს მოვემსახურებით.  რაც მთავარია და ძალიან მნიშვნელოვანი, C ჰეპატიტით საქართველოში ადამიანები აღარ დაიხოცებიან".

C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  უკვე ერთი წელია, 2014 წლის 1 მარტიდან მოქმედებს. 

„აღნიშნული პროგრამა ჩვენთან აქტიურად ხორციელდება და იგი გულისხმობს  C ჰეპატიტის როგორც დიაგნოსტიკას, ასევე პრევენციასა და მკურნალობას. ამ ეტაპზე კვლევა 4 700 პატიმარს აქვს ჩატარებული. აქედან 519-ს C ჰეპატიტი დაუდგინდა. მკურნალობის პროცესში ამ მომენტისთვის ასამდე პატიმარია ჩართული. რა თქმა უნდა, ეს ციფრი თანდათან, გარემოებების მიხედვით, გაიზრდება, ვინაიდან, არიან პაციენტები, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ამ ეტაპზე მკურნალობის პროგრამაში ვერ ერთვებიან. თუმცა, მათ მოგვიანებით უტარდებათ განმეორებითი გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც იგეგმება შემდეგი პროცესები", - ამბობს humanrights.ge-თან საუბარში ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარი ექიმი, ნატალია რევიშვილი. 

როგორც ირკვევა, მსჯავრდებულებისა და  ბრალდებულების გარდა, აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეები ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კონტაქტში მყოფი სხვა პირებიც არიან. ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევა, თუმცა, მკურნალობის პროგრამაში  მხოლოდ მსჯავრდებულები ერთვებიან. 

C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე საუბრობს ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ექიმი, თემურ ნადირაძე. მისი თქმით, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ ჯანდაცვა და სოციალური სფერო წარმოადგენს და შესაბამისად, სხვადასხვა  აქტივობა იგეგმება.

„ამ მიმართულებით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. ყველაფერი კეთდება, რომ  მკურნალობა გახდეს უფასო, ისევე, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ჩვენ კი, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ჩვენი მხრივ, თუნდაც მცირედი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან კამპანიაში. პირველ ეტაპზე ჩვენ ვიზრუნეთ იმ ფენაზე, რომელიც სოციალურად შეჭირვებულია და არა აქვს იმის საშუალება ებრძოლოს ამ მძიმე, თუმცა, არა უკურნებელ დაავადებას", - ამბობს თემურ ნადირაძე.

C ჰეპატიტის მართვისა და ელიმინაციის პროექტი, რომელიც, როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივად ამოქმედდება, მედიკამენტით უზრუნველყოფის გარდა, პაციენტთა დიაგნოსტიკასაც ითვალისწინებს. აღნიშნული სერვისი კი, ჩვენს ქვეყანაში 800-დან 1 200 ლარამდე ღირს, რაც ათასობით ბენეფიციარისთვის არახელმისაწვდომია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

რამდენად წარმატებით განხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი პროგრამა  და შეცვლის თუ არა იგი საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებას, ამას კონკრეტულად პროცესი გვიჩვენებს, რომელიც უკვე დაიწყო და, დაპირებისამებ, აქტიურ ფაზაში უახლოეს დღეებში შევა.

ახალი ამბები