კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ცომაია სასამართლომ გაამართლა

7 მაისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

6 მაისს ბრალდებული გიორგი ცომაია თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო. გიორგი ცომაიას საქმეს საქალაქო სასამართლოს სიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა განიხილავდა. სასამართლოზე ცომაიას ინტერესებს მარიამ ნეფარიძე და ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი თამარ ავალიანი იცავდნენ. 

2014 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით, ღამის ორ საათზე, მოქალაქე გიორგი ცომაიამ, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დახმარებისათვის ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე პოლიციის მე-2 განყოფილებას მიმართა და მორიგე პოლიციელს სთხოვა, წინა ნასამართლეობის დროს, პოლიციის მიერ ჩამორთმეული კუთვნილი ნივთების დაბრუნებაში დახმარებოდა. გიორგი ცომაიას განმარტებით, დაახლოებით, თერთმეტმა პოლიციელმა იგი სასტიკად ცემა. როგორც ცომაია აცხადებს, მას ხელებითა და ფეხებით ურტყამდნენ გულმკერდის, თავისა და მუცლის არეში.

„პოლიციის შენობაში, დაახლოებით, თერთმეტმა პოლიციელმა სასტიკად მცემა. ბრალდება კი აქეთ წამიყენეს, ვითომ მე ვიყავი დამნაშავე და ვატარებდი ცივ იარაღს. 9 თვის განმავლობაში ვიყავი უკანონო პატიმარი. ვითხოვ, დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი“, - აცხადებს გიორგი ცომაია.

2014 წლის 14 აგვისტოს გიორგი ცომაია ბრალდებულის სახით დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სხეულის მძიმე დაზიანებების გამო, იმის შიშით, რომ დაკავებული არ გარდაცვლილიყო, დროებითმა იზოლატორმა ფორმა №100-ის წარდგენამდე უარი განაცხადა გიორგი ცომაიას მიღებაზე. 15 აგვისტოს კი გიორგი ცომაის წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება. ხოლო 16 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული 9 თვის განმავლობაში გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა.

„სასამართლომ გაამართლა გიორგი ცომაია და დაადგინა, რომ იგი პოლიციელს თავს არ დასხმია და არც დანა ჰქონია. სასამართლომ ასევე მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, რომ გამოიძიონ ვაკე-საბურთალოს მე-2 რაიონულ განყოფილებაში მომხდარი გიორგი ცომაიას ცემის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ გიორგი დღემდე არ არის დაკითხული, როგორც დაზარალებული, ამიტომ ჩვენ გიორგის დაკითხვას ვითხოვთ. ამასთანავე, ვითხოვთ გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ვითხოვთ, რომ იმ თერთმეტ პოლიციელს, რომელმაც  გიორგი ცომაია ცემა, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს  და, ასევე, ვითხოვთ ზედამხედველი პროკურორის დავით კიკაჩეიშვილის მიმართ მინიმუმ დისციპლინური ღონისძიებების განხორციელებას“, - აცხადებს გიორგი ცომაიას ადვოკატი თამარ ავალიანი.

თამარ ავალიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს გიორგი ცომაიას ინტერესების დაცვას და მოითხოვს, პროკურატურამ დროულად გამოიძიოს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გიორგი ცომაიას ცემის ფაქტი.

ახალი ამბები