კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები ყოფილი პატიმრებისთვის

11 მაისი, 2015
 ნათია გოგოლაშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა დაიწყო, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყოფილ მსჯავრდებულთა დასახმარებლად შეიქმნა და მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. ადამიანის უფლებათა ცენტრი დაინტერესდა, ამ პროგრამაში რამდენად არიან ქალი და არასრუწლოვანი პატიმრები ჩართულები და კონკრეტულად რას სთავაზობს მათ დანაშაულის პრევენციის ცენტრი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები 4 მაისს შეხვდნენ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელს, ნინო ბისეიშვილს, პირველი რანგის სოციალურ მუშაკებსა და ცენტრის იურისტს. შეხვედრა პროექტის - ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში - ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამებს. ამასთან, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი სამუშაო გამოცდილებებიც გაუზიარეს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსის, ნინო ბისეიშვილის განცხადებით, პროგრამის საწყის ეტაპზე სირთულეებმა იჩინა თავი, რომელთა დახვეწა და განვითარება დღემდე გრძელდება.

„ჩვენი პროგრამა 2013 წლის 1-ლი იანვრიდან შეიქმნა და თავდაპირველად 4 სოციალური მუშაკისგან შედგებოდა. ცალკე სამმართველოს ფორმით 2014 წლის იანვრიდან ჩამოყალიბდა. სირთულეს ქმნიდა ის გარემოებაც, რომ პირველად მხოლოდ თბილისში შეგვეძლო ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდება. ახლა უკვე ქუთაისში, გორში, ბათუმსა და ზუგდიდში გვაქვს ჩვენი წარმომადგენლობა და მომავალშიც გაფართოებას ვგეგმავთ იმის მიხედვით, სადაც უფრო მეტი მოთხოვნა იქნება. ვცდილობთ, პროგრამაში განსხვავებული გამოცდილების მქონე სოციალური მუშაკები გვყავდეს ჩართული. ძალიან ბევრი ტრენინგ კურსი გავიარეთ, რადგან სოციალურ მუშაკებს კვალიფიკაცია ყველა მიმართულებით აუმაღლდეთ. ყველასთან სპეციფიკური მუშაობაა საჭირო. გვყავს ფსიქოლოგი, იურისტი, ინოვაციური პროგრამების მენეჯერი და კოორდინატორი“, - აცხადებს ნინო ბისეიშვილი.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველო მუშაობს მხოლოდ ყოფილ პატიმრებთან - ადამიანებთან, რომლებმაც დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება. ცენტრის წარმომადგენელთა თქმით,  არა აქვს მნიშვნელობა, რომელ წელს გათავისუფლდა, არის თუ არა ბენეფიციარი პრობაციონერი, არც ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ რებილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართვა არის ნებაყოფლობითი და მთლიანად ყოფილი პატიმრების სურვილზეა დამოკიდებული.

ნინო ბისეიშვილის თქმით, ქალი ბენეფიციარები შედარებით ნაკლები ჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ და, რეალურად, დახმარებას საჭიროებენ: „ბევრი კაცი ბენეფიციარი გვყავს, მაგრამ ქალი ბენეფიციარების მოზიდვა და დაინტერესება შედარებით გვიჭირს. ჩვენი დაკვირვებით, მათ პრობლემები ბევრად მეტი აქვთ, მაგრამ თითქოს ამის გამოაშკარავება არ უნდათ. ამაზე დაწვრილებით საუბრისგან თავს იკავებენ. ჰგონიათ, რომ ამ პრობლემებს თავად მოაგვარებენ. ქალებს არაადეკვატურად მაღალი სასჯელები აქვთ მისჯილი. თავს იჩენს ასევე მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოვების პრობლემაც. ზოგმა შვილი ძალიან პატარა დატოვა და ბავშვი მერე მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ზოგიერთი პატიმრის შვილი ქმრის ოჯახმა წაიყვანა და დედასთან კონტაქტი არ აქვთ. შესაბამისად, მშობლობა მათ შორის ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ მივხვდით, რომ ამ ადამიანებს ჯერ ეს ურთიერთობები უნდა ვასწავლოთ, რათა შემდეგ თავიანთი უფლებები ისწავლონ. მაგალითად, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხარ, გიჩერდება მშობლის უფლება,ზოგ პატიმარს კი ჰგონია, რომ ჩამორთმეული აქვს ეს უფლება. მათთან მუშაობის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ ქალ ბენეფიციარებისთვის განსხვავებული და მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ მოდული უნდა შევქმნათ, რომელიც მშობლებსა და ბავშვებზე იქნება ორიენტირებული. მათთან მარტო ინდივიდუალური მიდგომა არ არის საკმარისი“.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს პირველი რანგის სოციალური მუშაკის ბექა გოთუას თქმით, ქალების შემთხვევაში, რამდენიმე წარმატებული  საქმის შემდეგ, მომართვიანობა გაიზარდა.

„იყო შემთხვევები, როცა ქალბატონმა დაწესებულებიდან მოიწერა, შევხვდით და დაწესებულებაშივე დავიწყეთ მასთან მუშაობა. ეს საქმე, საბედნიეროდ, წარმატებული აღმოჩნდა. ამ ქალმა მოიყვანა კიდევ თავისი ხუთი მეგობარი და ჩვენ შესახებ ინფორმაცია გადასცა. ამგვარად, თოვლის გუნდის პრინციპით, გაგვეზარდა ქალ ბენეფიციართა რაოდენობა. ისინი რეკომენდაციას ერთმანეთში გასცემენ“, - აღნიშნა ბექა გოთუამ. 

პრობლემებია ასევე რესოციალიზაციის პროცესში არასრულწლოვან ბენეფიციართა ჩართულობის მხრივაც. ასაკის გათვალისწინებით, პროგრამაში ჩასართავად არასრულწლოვანს მშობლის ნებართვა სჭირდება, რაც ასევე ხშირ შემთხვევაში პრობლემებს ქმნის.

„შეიძლება ითქვას, რომ არასრულწლოვანი ბენეფიციარი არ გვყავს. ორი შემთხვევა გვქონდა, როცა ბენეფიციარებთან მუშაობა დავიწყეთ, ორ კვირაში კი მათ განმეორებითი დანაშაული ჩაიდინეს და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შებრუნდნენ. სამი შემთხვევა გვქონდა, როდესაც მშობელმა ჩვენთან ურთიერთობა საჭიროდ არ ჩათვალა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არასრულწლოვნებთან ბევრად ადრეა ჩვენი ჩართვა საჭირო“, - აცხადებს ნინო ბისეიშვილი.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს წარმომადგენლების განცხადებით, განახლდება ტატუს მოცილების პროგრამაც, რაზეც ყოფილი პატიმრებისგან დიდი მოთხოვნაა. ამ მხრივ, სიახლეა ის, რომ წელს პროგრამაში მონაწილეთა ასაკი გაიზრდება. 

დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები მსჯავრდებულებთან მუშაობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე იწყებენ. ამ ეტაპზე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს. სოციალური მუშაკი, შეფასების ფორმის გამოყენებით, ყოფილი მსჯავრდებულის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას ახდენს და, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო პროგრამებში რთავს. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, თამარ ავალიანის განცხადებით კი, სასურველია, რესოციალიზაციის პროგრამებისა და სერვისების შესახებ მსჯავრდებულებს გათავისუფლებამდე გაცილებით უფრო ადრე მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, ვიდრე ეს 1-3 თვეა.

„დაახლოებით, ერთი წელია, გარდამავალი მენეჯმენტის პროცესი მიმდინარეობს  ჩვენს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და პრობაციის სამსახურს შორის. სახელმწიფო მიდგომაა, რომ რეაბილიტაციის პროცესში ყოფილ პატიმართა მაქსიმალური რაოდენობა იყოს ჩართული.  პატიმარი დაწესებულებას როცა ტოვებს, შესაძლებლობა აქვს, წავიდეს პრობაციის სამსახურში ან მოვიდეს ჩვენთან და ჩაერთოს რეაბილიტაციის პროგრამებში. გარდამავალი მენეჯმენტის ფარგლებში ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლა და ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. ჩვენ ბენეფიციარის საჭიროებებს სრულად ვადგენთ მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ციხიდან გამოვა. შეფასებას როდესაც დავასრულებთ, მაშინ იწყება საჭიროებების განსაზღვრა. ჩვენ პატიმარი შეგვიძლია მხოლოდ დვაკვალიანოთ, სამოქმედო გეგმის გაწერის შესაძლებლობა კი მხოლოდ მაშინ გვაქვს, როცა ეს ადამიანი დაწესებულებას დატოვებს და ჩვენთან მოვა“, - აცხადებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს პირველი რანგის სოციალური მუშაკი შოთა ვაშაყმაძე.

ნინო ბისეიშვილის თქმით, იგეგმება ქალებსა და არასრულწლოვნებთან ფოკუს ჯგუფების ჩატარება, რათა უკეთ გამოიკვეთოს მათი საჭიროებები.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა ყოფილ პატიმრებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს: ფსიქო-სოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლება/ტრეინინგები; ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრთან მუშაობა; იურიდიული დახმარება. ამ ეტაპზე კი, აუცილებელია მსჯავრდებულთათვის ამ სერვისების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება, რათა პროგრამამ ეფექტურად იმუშაოს და ბევრი ბენეფიციარი დააინტერესოს.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები