კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონთან კონფლიქტში მყოფი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები

15 მაისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

ავჭალის არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების ნაწილი სასჯელს მეორედ, ზოგიერთი კი მესამედ იხდის. სახელმწიფოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი იმ ბავშვებთან მუშაობაა, ვინც ერთხელ უკვე მოიხედა სასჯელი. გარდა ამისა, ე.წ. რისკის ჯგუფში შედიან ქუჩაში მცოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებიც ხშირად სჩადიან დანაშაულს. Humanrights.ge ამ ბავშვების პრობლემატიკით დაინტერესდა.   

ახლახან დასრულდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე - ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები“. პროექტი თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-ს, თბილისისა და ქუთაისის მერიების, არასამთავრობო ორგანიზაციების (კარიტას საქართველო, ვორლდ ვიჟენი, ბავშვი და გარემოს) მონაწილეობით. 

„სახელმწიფო ეტაპობრივად ჩაერთო ამ პროგრამაში (ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს). დღეიდან კი სახელმწიფო მთლიანად საკუთარ თავზე იღებს ამ პროგრამის დაფინანსებას. პროექტი 2012 წლის აგვისტოში დაიწყო და 2015 წლის მაისში დასრულდა. ამ სამი წლის განმავლობაში მოვამზადეთ კონცეფცია და განვავითარეთ შესაბამისი სერვისები. ვფიქრობ, ეს წარმატებული პროექტია“, - ამბობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნუცი ოდიშარიას თქმით, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ხშირად ექმნებათ კანონთან კონფლიქტი. თუმცა, მისი თქმით, სოციალური მუშაკები აკეთებენ ყველაფერს, რათა ეს ბავშვები სასჯელის უკიდურეს ზომას აარიდონ.

„დიდი რისკია, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები გახდნენ შემდგომში დანაშაულის ჩამდენები და აღმოჩნდნენ კანონთან კონფლიქტში. დღის ცენტრები ცდილობენ, ამ ბავშვებთან სიღრმისეულად იმუშაონ, საზოგადოებაში მათი ინტეგრირებისთვის. მნიშვნელოვანია, სოციალურმა მუშაკებმა მათ ასწავლონ წესები, კანონები, ქცევის წესები და აუხსნან, რა რეზულტატი შეიძლება მოჰყვეს მათ ამა თუ იმ საქციელს. სოციალური მუშაკები აკეთებენ ყველაფერს, რომ ეს ბავშვები აარიდონ სასჯელის უკიდურეს ზომას. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ასე არ გამოდის“, - აცხადებს ნუცი ოდიშარია.

ერთ-ერთი არასრულწლოვანი დღეს ქურდობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, მას ორწელიწადნახევარი აქვს მისჯილი. ციხეში მოხვედრამდე იგი ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა და ამბობდა: „ერთადერთი კაცი ვარ ოჯახში და ოჯახს უნდა დავეხმარო“. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის, ნინო დანელიას თქმით, შეეცადნენ, არასრულწლოვანი სამრეცხაოში დაესაქმებინათ, მაგრამ მას ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმთან შეგუება გაუჭირდა და „ფულის შოვნის“ დანაშაულებრივი გზა აირჩია. 

„გვყავს ისეთი ბენეფიციარებიც, რომლებიც 14 წლის ქვემოთ არიან და წვრილმან ხულიგნობას სჩადიან, მაგრამ მათი ასაკის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არ ხვდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვები ხშირად არიან კანონთან კონფლიქტში, რადგან ბევრს ეკონომიკური პრობლემები აქვს. ისინი მეორე დონის პრევენციის ჯგუფს შეგვიძლია მივაკუთვნოთ. ვცდილობთ, თავისუფალ დროს ისინი დავაკავოთ დღის ცენტრში. ჩვენი მიზანია, დღის განმავლობაში ბავშვებმა პოზიტიურად დახარჯონ ენერგია, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, იარონ ექსკურსიებზე. ინფორმაციასაც ვაწვდით, მაგალითად, როპმ ცივი იარაღის ტარება პრობლემებს შეუქმნით, ასევე - რა სანქციები მოჰყვება მათ ამა თუ იმ საქციელს, იქნება თუ არა ესა თუ ის ქმედება კანონიერი“, - ამბობს ნინო დანელია.

არის შემთხვევები, როცა სოციალური მუშაკების მუშაობა ბენეფიციართან უშედეგოდ მთავდება. მცცელობის მიუხედავად, ხანდახან პრობლემასთან გამკლავება ვერ ხერხდება. ნინო დანელია კიდევ ერთ წარუმატებელ შემთხვევას იხსენებს. საქმე 17 წლის არასრულწლოვან გოგონას ეხებოდა (ამჟამად, იგი უკვე 18 წლისაა).

„ჩვენ მასთან კომუნიკაცია როცა დავიწყეთ, 17 წლის იყო. ორ თვეში ხდებოდა 18 წლის. არ იკვეთებოდა ოჯახთან რეინტეგრირების შესაძლებლობა, რადგან ოჯახთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა. გოგონას ბევრი ძლიერი მხარე, ინტერესი და სამუშაოს დაწყების სურვილი ჰქონდა. იგი, დაახლოებით, 5 წელი ცხოვრობდა თბილისის ბავშვთა კრიზისულ ცენტრში. მას ქუჩაში ცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდა. გოგონას ინტერესებიდან გამომდინარე, დავაბრუნეთ სკოლაში. ჩაირიცხა მე-10 კლასში. ფსიქოლოგმაც დაიწყო მასთან ინდივიდუალური მუშაობა. მისი სურვილის გათვალისწინებით, ერთ-ერთი რესტორნების ქსელთან დავაკავშირეთ, სადაც შეეძლო სტაჟირება გაევლო, რაც გარკვეულ ანაზღაურებასაც ითვალისწინებდა. ასევე, სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებით დავაკმაყოფილეთ. პრობლემა იყო ის, რომ გოგონა ცენტრიდან ხშირად გარბოდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს იგი ბათუმში გაიქცა. სამწუხაროდ, ბათუმში ყოფნისას მას კანონთან პრობლემები შეექმნა - მოიპარა. საქმე სასამართლომდე მივიდა. პირობითი სასჯელის მისჯის შემდეგ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით მასთან. მას სისტემატიურად უნდა ევლო პრობაციის სამსახურში. ამის შემდეგ გოგონამ გვითხრა, რომ არ აპირებდა სკოლაში სიარულს. შესაბამისად, ჩვენ მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე უნდა მოგვერგო ჩვენი პროგრამა. იანვარში მან კვლავ დატოვა ცენტრი. 18 მაისს, სამწუხაროდ, სკოლა მას უკვე შეუჩერებს მოსწავლის სტატუსს. რაც ჩვენგან წავიდა, პრობაციის სამსახურშიც აცდენს ყოველკვირეულ ვიზიტებს, სამწუხაროდ, მას უკვე დააკისრეს 3 000-ლარიანი ჯარიმა. ამ ეტაპზე არსებობს იმის რისკი, რომ იგი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხვდეს, თუ სასამართლო ასე გადაწყვეტს“.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში. ამის მიზეზად გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი, ქეთევან მელიქაძე ფინანსური რესურსების ნაკლებობას ასახელებს. მისი თქმით, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ეს ფინანსები არა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რაოდენობის განსაზღვრას, არამედ მათ მომსახურებას მოხმარდება.

„2008 წლის სტატისტიკა გვაქვს, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით, 1050 ბავშვამდე არის ქუჩაში. იმ რესურსების პირობებში, რაც გვქონდა, ჩვენ წინაშე იდგა გამოწვევა, რაზე დაგვეხარჯა ფული: გაგვეგო ბავშვების ზუსტი რაოდენობა თუ ეს თანხები მიგვემართა მათ მომსახურებებზე? სტატისტიკის დასადგენად კვლევა უნდა ჩაგვეტარებინა, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა, რადგან ბავშვები სხდასახვა ადგილას იმყოფებიან და საჭიროა, ერთდროულად სოციალურ მუშაკთა ბევრი მობილური ჯგუფი გავიდეს სამუშაოდ, რათა აღწერონ ისინი. ამიტომ ჩვენ სხვა გზას მივმართეთ. მათი რაოდენობის დადგენის პროცესი დროში გაიწელება, მაგრამ საბოლოოდ სრული სტატისტიკა გვექნება. მობილურმა ჯგუფებმა ამ ეტაპზე, დაახლოებით, 600-მდე ბავშვი მოიცვეს“, - განაცხადა ქეთევან მელიქაძემ. 

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2014 წლის მარტში დაამტკიცა მართლმსაჯულების განახლებული სტრატეგია ბავშვებისათვის, რომელიც ეფუძნება გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს. სტრატეგიის ძირითადი ამოცანა კანონთან კონფლიქტში მყოფი ყველა ბავშვისადმი კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნაა. ქეთევან მელიქიძის თქმით, არასრულწლოვანთა ახალი მართლმსაჯულების სისტემა მიმართულია იმისკენ, რომ ბავშვის საჭიროებებს მოერგოს.

„ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემა გაფართოვდა. ის ხედავს არა მარტო დანაშაულის ჩამდენს, არამედ მსხვერპლს. უფრო მეტი ძალისხმევა იქნება მიმართული, რომ ეს ბავშვი, რომელიც რაღაც ეტაპზე მსხვერპლი იყო, მეორე შემთხვევაში, მოძალადედ არ იქცეს. ეს არის ის ციკლი, რაც საერთოდ, ძალადობას ახასიათებს, როცა მსხვერპლი ხდება მოძალადე. სოციალური მუშაკები ერთჯერადად და რეგულარულად გადამზადდებიან, რათა იცოდნენ, რა არის ძალადობა, გამოიცნონ მისი ნიშნები, გამოვლინებები, როგორ გაუმკლავდნენ მათ, ქუჩის სპეციფიკას“, - აცხადებს ქეთევან მელიქაძე.

პროექტის - „ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე - ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები“ ერთ-ერთი მიზანია, სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები დაექვემდებარონ არსებულ სახელმწიფო სერვისებს, როგორიცაა: მინდობითი აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლი ან, შესაძლებლობის ფარგლებში, განხორციელდეს ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია. ამ მხრივ კი, სახელმწიფოს მხრიდან, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები