15:55, Wednesday, 08.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბულინგი სკოლებში – რატომ არ დაიცვა სკოლამ 11 წლის ბავშვი თვითმკვლელობისგან

18.05.2015

 
ეთერ ფანგანი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბავშვთა შორის ძალადობის, ე.წ. ბულინგის გახმაურებული ფაქტი 2015 წლის 27 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მოხდა. მე–5 კლასელ ბიჭს თანასკოლელებმა უთხრეს, რომ ნაშვილები იყო. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ 11 წლის ბავშვმა სახლში თავი მოიკლა. სკოლის დირექტორის ნინო ღვედაშვილის თქმით, მან იცოდა, რომ მოსწავლეებს შორის კოფლიქტი იყო, თუმცა რადგან ბავშვებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სკოლის ტერიტორიაზე არ ხდებოდა, სკოლის ადმინისტრაცია ამ კონფლიქტში ჩარევისგან თავს იკავებდა.

რა არის ბულინგი

ტერმინი „ბულინგი“ ნიშნავს ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ. ის, ვინც მიმართავს ბულინგს, მიზნად ისახავს მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას.

სპეციალისტების განმარტებით, სკოლებში ბავშვები არცთუ იშვიათად განიცდიან ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ტერორს სხვა ბავშვების მხრიდან. ეს მოვლენა გვხვდება როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში. უფრო ხშირად ბულინგის მსხვერპლი უმცროსკლასელები არიან. განსაკუთრებული რისკის ჯგუფში ის ბავშვები ხვდებიან, რომლებიც თანატოლებისგან რელიგიური მრწამსით, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილებით, შეზღუდული შესაძლებლობებით და სხვა მსგავსი ნიშნებით განსხვავდებიან.
 
11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის საქმე

სოფელ ძველ ანაგაში გარდაცვლილი ბავშვის დედის ეკა ჩალაბაშვილის განცხადებით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბავშვმა კლასის დამრიგებელს უთხრა, რომ აბუჩად იგდებდნენ.

„ორი – სამი დღით ადრე უთქვამს, მასწავლებელო, გეხვეწები, მითხარით, ნაბიჭვარი და აყვანილი ერთიდაიგივეაო? ასე მეძახიან, „შე ნაბიჭვაროო“. ამ ტრაგედიის წინა დღესაც ვიყავი სკოლაში და ვუთხარი მდგომარეობა, მაგრამ არანაირი ზომები არ მიიღეს. მეორე დღეს დირექტორს ბავშვისთვის უთქვამს: „დედა პანიკიორი გყავსო“, - ამბობს ეკა ჩალაბაშვილი.

გარდაცვლილის მშობლების თქმით, 27 მარტს სკოლის ეზოში ბავშვებს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ, მასწავლებელმა, დირექტორის ნებართვით, ბავშვი სახლში გამოუშვა. არც მომხდარი კონფლიქტის და არც ბავშვის გაკვეთილებიდან დათხოვის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას მშობლებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

ეკა ჩალაბაშვილი: „თანაკლასელები ადასტურებენ, რომ ნიკა მთელი გაკვეთილი კანკალებდა. მასწავლებელი რომ ხედავდა ასეთი განერვიულებული იყო, რატომ არ გამაგებინეს? რატომ არ დამიკავშირდა დამრიგებელი და არ მაცნობა, ასეთი მდგომარეობაა, ბავშვი ძალიან გაღიზიანებულია და მოდი, დააწყნარეო. ძმა რომ გამოეყოლებინათ, ან ჩემთვის რომ დაერეკათ, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდებოდა.“ 

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს სიღნაღის პოლიცია იძიებს. გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბავშვი თვითმკვლელობამდე ნაცემი იყო.

მომხდარის შემდეგ ოჯახს არც განათლების სამინისტროდან დაკავშირებიან და არც სკოლიდან.

მშობლების თქმით, ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება ხშირია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, 27 აპრილს, მე-5 კლასის მოსწავლეებს შორის მოხდა, რის გამოც სკოლაში პოლიციაც გამოიძახეს. ეს ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს.

ფსიქოლოგის შეფასება

ბავშვთა ფსიქოლოგის მაია ცირამუას შეფასებით, ძველ ანაგაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა სკოლაში თანატოლებს შორის ძალადობის და სკოლის მხრიდან ამ პრობლემისადმი წაყრუების შედეგია.

„არ შეიძლება ასეთი შემთხვევების წაყრუება. ნებისმიერ შემთხვევაში სკოლას უნდა ჰქონდეს რეაქცია. როდესაც ხედავ მოზრდილი ადამიანი, პედაგოგი, რომ შენს თვალწინ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს ამცირებს, შეურაცხყოფას აყენებს, უსამართლოდ ექცევა, როგორ შეიძლება, რომ ამაში არ ჩაერიო, არ შეეცადო ამ სიტუაციის დარეგულირებას? სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ იდენტიფიკაციის უნარი არ გააჩნიათ. ვერც კი ხვდებიან, რომ ეს პრობლემაა და ვერ არქმევენ ამ პრობლემას სახელს. ვერ ხედავენ რომ ეს მათი, კონკრეტულად სკოლის პასუხისმგებლობაა. ასეთი შემთხვევებისთვის იმდენად უუნაროები არიან, არ იციან როგორ იკონტაქტონ, რა გააკეთონ, არ იციან ვინ ჩართონ ამ პროცესში და სამწუხაროდ ხდება ასეთი ძალიან მძიმე ფაქტები“.

- როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მოცემულ შემთხვევაში მასწავლებლები, რა უნდა გაეკეთებინათ?
- აუცილებელი იყო ამ ორ ბავშვს შორის ურთიერთობის აღდგენა, მედიაცია, ორივე მხარესთან მუშაობა თვითონ სკოლის, მასწავლებლების მიერ. შეიძლებოდა ამაში მშობლების ჩართვა.სკოლამ უნდა იცოდეს ვის რთავს, ვინ არის ის ადამიანი ვისაც ატყობინებს ამის შესახებ, ვინ იკრიბება, ვინ საუბრობს ამ პრობლემაზე, ან სად ამისამართებ. კარგი იქნებოდა ფსიქოლოგისთვის მიემართათ, მინიმუმ რამდენიმე მასწავლებელი მაინც შეკრებილიყო და გაეანალიზებინათ. ორივე ბავშვთან მუშაობა იქნებოდა ყველაზე სწორი“.

ძველი ანაგის სკოლის დირექტორი ნინო ღვედაშვილი ამბობს, რომ ბულინგი სიახლეა: „ახლა იკვლევენ ფსიქოლოგები და ძალიან ძნელად შესამჩნევია. სკოლაში არც მაშინ იყო და არც ახლაა ბულინგი“. სკოლის დირექტორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ვრცელი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 
 
ბულინგის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოს საჯარო სკოლებში ბულინგის შემთხვევების ამსახველი ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სკოლაში ძალადობის ეროვნული კვლევა ბოლოს 2007 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარდა. კვლევამ აჩვენა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობისა და ბულინგის შემთხვევების მაღალი სიხშირე. დადგინდა, რომ სხვადასხვა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვების 80%-ს ჰქონდა განცდილი. აქედან ბავშვების 47% ძალადობას უშუალოდ სკოლაში განიცდიდა. კვლევის მიხედვით, მოსწავლეებს შორის ბულინგის ფაქტები ხდებოდა არა კლასში, არამედ სკოლის სათამაშო ტერიტორიაზე, სკოლიდან ან სკოლისკენ მიმავალ გზაზე.

ბულინგის რეგულირება საქართველოში

საქართველოში ბულინგის მარეგულირებელი ცალკე საკანონმდებლო აქტი არ არსებობს. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი სკოლაში ბავშვთა მიმართ ძალადობის აკრძალვის ზოგად რეგულაციას შეიცავს. ამ მუხლის თანახმად, „დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ“. ხოლო ასეთი ძალადობის განხორციელების შემთხვევაში, სკოლას ეკისრება ვალდებულება „დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

2010 წლის 31 მაისიდან საქართველოში მოქმედებს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანება N 152/ნ – N496 – N45/ნ – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ.

აღნიშნული ბრძანების მიხედვით, სკოლების უფლებამოსილება ამ პროცედურების ფარგლებში არის ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე შემთხვევის გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში პოლიციისა თუ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმირება.

მოცემულ შემთხვევაში, ძველი ანაგის საჯარო სკოლის დირექციას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ უცნობებია 11 წლის ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. შესაბამისად, ამ ბავშვის დასაცავად ვერ გატარდა აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამიტომაც, თვითმკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიკვეთოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის და მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხიც.

საჯარო სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ფუნქციონირებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური. ამ სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარებაა. 2013 წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციებში ბულინგის მსხვერპლი პირების ფსიქოლოგიური მომსახურებაც შედის.

მანდატურის სამსახური საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ქალაქის საჯარო სკოლებში მუშაობს.
 
ბულინგი მსოფლიოში

ბულინგი მთელ მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა. კვლევების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში თანატოლების მხრიდან ძალადობა ბავშვების უმრავლესობას (55%) განუცდია, რის შედეგადაც მათ მესამედს საკუთარი თავისთვის ფიზიკური დაზიანებები მიუყენებია ან  თვითმკვლელობაზე უფიქრია.

ევროკავშირის წევრ 28 სახელმწიფოს შორის, სკოლებში ბულინგის მაჩვენებლით ლიდერობენ ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და რუმინეთი. ბულინგის მაღალი მაჩვენებელია რუსეთშიც. ევროპის ქვეყნებს შორის, ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შვედეთშია.

2014 წლის სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში მოზარდების 70% ყოველდღიურად ხედავს ბულინგის ფაქტს, მათგან უმეტესობა კი თავად არის ბულინგის მსხვერპლი. 
 
საკანონმდებლო რეგულირება უცხოეთში

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვებს აქვთ უფლება დაცული იყვნენ ყველა სახის ძალადობისგან. სახელმწიფომ ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღოს იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვას ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან. ამასთან, ყველა ბავშვს აქვს უფასო, დაწყებითი განათლების მიღების უფლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სასკოლო დისციპლინის დაცვა იმ მეთოდებით, რომლებიც ბავშვის ადამიანური ღირსების პატივისცემას ეფუძნება. საქართველო გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.

1999 წლიდან სკოლებში ბულინგის საწინააღმდეგო საკანონმდებლო აქტები აშშ-ს 49 შტატმა  მიიღო. დიდ ბრიტანეთში კი სახელმწიფო სკოლებს კანონი ავალდებულებს, რომ შეიმუშაონ ბულინგის საწინააღმდეგო პოლიტიკა.

ფოტო: გარდაცვლილის დედა ეკა ჩალაბაშვილი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC