19:03, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბოშები საქართველოში

08.05.2015

 
გიორგი ჯანელიძე,humanrigtshouse.org

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 1500-მდე ბოშაა რეგისტრირებული. მათი დიდი ნაწილი თბილისსა და გაჩიანში ცხოვრობს. უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის პროექტების მკვლევარის, გიორგი სორდიას კვლევის თანახმად, ბოშათა კომპაქტური განსახლებები არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ლენინოვკაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში, თელავში, ქუთაისში, ქობულეთსა და თბილისში, ისანი-სამგორის  რაიონში და ლილოს დასახლებაში. ყველაზე ძველი და ტრადიციული დასახლება ლენინოვკაშია, სადაც ბოშათა 18 ოჯახი (133 ადამიანი) ცხოვრობს. ყველა ამ დასახლებაში მცხოვრებ  ბოშებს საერთო პრობლემა აქვთ: მათ უმრავლესობას განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელი არ მიუწვდება.
 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესასვლელში, ე.წ. ლენინოვკას დასახლებაა, რომელსაც პატარა სოფელი, ხორნაბუჯი ესაზღვრება. ის ძირითადად რუსებითა და ბოშებით არის დასახლებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსახლეობის სიმცირის გამო ხორნაბუჯს არც სკოლა აქვს და არც ბაღი. ამიტომ ბავშვები მეზობელ სოფელში ფეხით დადიან. გარდა ამისა, სოფელს არც ბუნებრივი გაზი აქვს და არც სასამელი წყალი. ადგილობრივის ხელისუფლება აცხადებს, რომ გაზის პრობლემა მალე მოგვარდება, მაგრამ მოუგვარებელი რჩება სოფლად მცხოვრები ბოშების ყველაზე მთავარი პრობლემა  - სოფელში დასაქმების საშუალება არ არსებობს და ახალგაზრდები იძულებულები არიან, სოფელი დატოვონ. 

ვენერა მარტყოფლიშვილი, დიდი ხანია, რაც ბოშაზეა გათხოვილი. ის ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციას - კახეთის ბოშათა გაერთიანება “რომას” ხელმძღვანელობს და ბოშათა პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. ვენერა მარტყოფლიშვილის ოჯახი ბოშების რამდენიმე ოჯახთან ერთად ისანში, ბარაკებში, ქირით ცხოვრობს.  ეზო, სადაც რამდენიმე ქოხი და ორიოდე ძველი ვაგონია განთავსებული, ნაშუადღევს ცარიელი დაგვხვდა. “რომას” ხელმძღვენელი გვიხსნის, რომ ბოშა ქალები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად “ტრადიციულ” სამუშაოზე, მოწყალების სათხოვნელად არიან წასულები. ვენერა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ ბოშების ბევრი ოჯახი დღემდე კარავში ცხოვრობს, ბევრიც ბინას ქირაობს, მაგრამ იმის გამო, რომ ქირის გადახდა უჭირთ, იძულებულები არიან, საცხოვრებელი ადგილი ხშირად იცვალონ.

ვენერა მარტყოფლიშვილის მსგავსად ლალი ღორაშვილიც ბოშების რძალია. ის ბოშათა ცხოვრებას ასე აღწერს: "მთავარი პრობლემა უფულობაა. ძალიან უჭირთ. არ აქვთ განათლება და შესაბამისად, სამუშაო, ამიტომ დადიან და მათხოვრობენ".
 
ვენერა მარტყოფლიშვილი  აცხადებს, რომ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბოშებს მძიმე სოციალურ მდგომარეობას  შეუმსუბუქებდა, არ არსებობს.
  
არასამთავრობო ორგანიზაციის  -  „განიარაღება და არა ძალადობას“ თანადამფუძნებელი, ირმა გელენავა მიიჩნევს, რომ ბოშები სახელმწიფო პროგრამებს მიღმა პირადობის მოწმობების არქონის გამო რჩებიან: “ბოშების უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ისინი ვერ იღებენ სახელმწიფოს მიერ დადგენილ სხვადასხვა სოციალურ მომსახურებას”. 

"ბოშა, რომელსაც არ აქვს პირადობის მოწმობა, საყოველთაო დაზღვევით ვერ სარგებლობს. მიცკევიჩის ქუჩაზე არის დედათა და ბავშვთა სამკურნალო ცენტრი. ამ ცენტრის უმცირესობების კოორდინატორი, ქეთევან გაბრუაშვილი, მედიკამენტებით გვეხმარება. ამ წამლებით პირველად სამედიცინო დახმარებას ბევრ ბოშას ვუწევთ”,  - აცხადებს ვენერა მარტყოფლიშვილი. 

ირმა გელენავა ამბობს, რომ ავადმყოფობის დროს, ბოშები ექიმს იშვიათად მიმართავენ. მიზეზი ისევ და ისევ პირადობის მოწმობის უქონლობაა. ამავე მიზეზის გამო ბევრი ბოშა პენსიის გარეშე რჩება. 

უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის პროექტების ასისტენტი, ელენე პროშიკიანი თვითონაც ბოშაა და უკვე რვა წელია, ბოშათა პრობლემებზე მუშაობს. “იმის გამო, რომ ბავშვები სახლებში იბადებიან, 16 წლის ასაკში ვერ იღებენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს. ბოშები არ არიან ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. არ აქვთ ინფორმაცია სახელმწიფოს სოციალურ თუ ჯანდაცვის პროგრამებზე. ვერ წერენ განცხადებას - წერა-კითხვა არ იციან. განათლების დეფიციტი ის ბარიერია, რაც ყველაზე მეტად უშლის ხელს ბოშების  საზოგადოებაში ინტეგრაციას”.

ელენე ამბობს, რომ სახლში მშობიარობა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვთა ჯანმრთელობაზეც: “ორსული ქალები, როგორც წესი, მონიტორინგის მიზნით არ, ან ვერ მიმართავენ ექიმს. შესაბამისად, მუცლად მყოფი ბავშვის განვითარების პროცესი ზედამხედველობის გარეშე რჩება. ამის გამო ძალიან ბევრი ბავშვი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემით იბადება”,  - აცხადებს ელენე. 

როგორც ელენე პროშიკიანი ამბობს, ის ფაქტი, რომ ლენინოვკელ ბოშებს პირადობის მოწმობები აქვთ, სწორედ მისი და უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის დამსახურებაა.
  
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულმა საბჭომ, რომელიც კონკრეტულად ბოშათა საკითხებზე მუშაობდა, მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება და ამჟამად აღარ ფუნქციონირებს. მკვლევართა აზრით, ბოშათა უფლებების რეალიზებისათვის უმნიშვნელოვანესია იუსტიციის სამინისტროს აქტიურობა, რაც ბოშების აღრიცხვითა და მათთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთების გადაცემით უნდა გამოიხატოს.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC