კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანტისანიტარია სოფელ სართიჭალაში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

20 მაისი, 2015
 
ნინო ქიმაძე

გარდაბნის რაიონ სოფელ სართიჭალას, დიდი ხანია, რაც გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა აქვს. საცხოვრებელი სახლებიდან გამომავალი ფეკალური მასა საძოვრებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გამოდის. მოსახლეობას საკუთარ მიწის ნაკვეთებზე გადაადგილება უჭირს, ამასთანავე, უსიამოვნო სუნი აწუხებთ და მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარია ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება, გახდეს. სართიჭალის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართა, თუმცა საკითხით არავინ დაინტერესებულა.

სოფელ სართიჭალის გამსახურდიას ქუჩისა და ე.წ. „სამხედრო ნაწილის“ მოსახლეობამ ხელმოწერები ხელახლა შეაგროვა და იმედოვნებენ, რომ გამგეობა ამჯერად მაინც დაინტერესდება მათი პრობლემით და შესაბამის ზომებს მიიღებს.

სოფელს კანალიზაციის გაუმართავი სისტემის გარდა, მოძველებული სახურავების პრობლემაც აწუხებს.  სართიჭალის მკვიდრ, ნანა მშვილდაძის განცხადებით, სოფელი ადგილობრივი ხელისუფლებიდან ორი მთავარი პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

„გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს. პირველ რიგში, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო საშინელი სუნი გვაწუხებს. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ჭერიდან ჩამოსული წყალი, შიშით რემონტსაც კი ვერ ვაკეთებთ. ხალხს უჭირს, სახურავების საკუთარი სახსრებით შეკეთება არ შეუძლია“, - აღნიშნა ნანა მშვილდაძემ.

სართიჭალაში მცხოვრებ როლანდ ლომიძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის განცხადებებზე რეაგირებას არ ახდენს: „მოსახლეობის მოთხოვნაა, დაუყონებლივ შეიცვალოს სახურავები და მოწესრიგდეს საკანალიზაციო სისტემა“.

„23 წელია აქ ვცხოვრობთ და მუდმივად კანალიზაციის პრობლემა გვაქვს. მზიან ამინდში ისეთი სუნი მოდის, რომ გაუსაძლისია ატანა. ასეთი ანტისანიტარიის ფონზე  აუცილებლად მოვიწამლებით. ყველას მივმართეთ დახმარების თხოვნით, წინასაარჩევნო პერიოდშიც მოვითხოვეთ ჩვენთვის ყურადღება მოექციათ, რამით ეშველათ, მაგრამ არანაირი დახმარება არ აღმოუჩენიათ“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას ადგილობრივმა ეთერ ლომიძემ.

სოფელ სართიჭალის მოსახლეობა აღნიშნული პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობას გამგებელს, ივანე ბიძინაშვილს აკისრებს. ისინი მოითხოვენ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში გამოცვალონ საკანალიზაციო მილები და შეაკეთონ სახურავები. 

Humanrights.ge სოფელ სართიჭალის გამგებელს, ივანე ბიძინაშვილს ესაუბრა. ბიძინაშვილი ხალხის მოთხოვნას კანონიერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 270 000 ლარია გამოყოფილი.

„წლებია, რაც სართიჭალა ამ პრობლემის წინაშე დგას. ვიმედოვნებ, რომ მალე აღმოვფხვრით კანალიზაციის გაუმართაობის პრობლემას. თუმცა, მხოლოდ გამგეობა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პრობლემის გადაჭრაში საკრებულოც გვეხმარება. უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები“,- განაცხადა ივანე ბიძინაშვილმა.

ბიძინაშვილის თქმით, საკანალიზაციო სისტემის გამართვის გარდა, გამგეობა სართიჭალის პრობლემების მოსაგვარებლად,  2015 წლის ბოლომდე, 1 200 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

„2015 წლის ბოლომდე ჩატარდება გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე ავაშენებთ კულტურის სახლს, გადაიხურება საცხოვრებელი კორპუსები. 113 000 ლარია სოფელში განათებების დასამონტაჟებლად გამოყოფილი, 30 000 ლარის ოდენობით დაიხაჯება თანხა საბავშვო ბაღების რემონტისთვის“,- აღნიშნა ივანე ბიძინაშვილმა.

Humanrights.ge სოფელ სართიჭალის დეპუტატ მიხეილ გედეხაურსაც ესაბრა. მისი თქმით, საკანალიზაციო სისტემის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

„მთავრობის დადგენილების თანახმად, ცენტრალური ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო სართიჭალაში საკანალიზაციო სისტემის შესაკეთებლად. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი 60 000 ლარი დაამატა, ჯამში კი, 260 000 ლარი საკმარისი იქნება პრობლემის მოსაგვარებლად. მიმდინარე კვირაში, საკრებულოს სხდომაზე, გამოცხადდება სამდღიანი ტენდერი, ამის შემდეგ კი, უმოკლეს ვადაში დაიწყება სარემონტო სამუშაოები“,- განაცხადა მიხეილ გედეხაურმა.

სოფელ სართიჭალაში მოვლენების განვითარებას humanrights.ge მომავალშიც დააკვირდება.                 

ახალი ამბები