კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ციხეში არასრულწლოვანი შიმშილობს

16 ივნისი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 14 წლის ს.თ. მიმდინარე თვის მანძილზე უკვე მეორედ შიმშილობს. მიზეზი პროტესტია, რომელსაც იგი ქართველი სამართალდამცველების, კერძოდ კი, სამტრედიის რაიონული პოლიციის, ასევე, პროკურატურის მიმართ გამოხატავს.

„მიმდინარე თვის მანძილზე ეს ამ ბავშვის მეორედ გამოხატული პროტესტია. პირველად მან შიმშილობა 4 ივნისს დაიწყო და გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 7 ივნისს შეწყვიტა.  მას პრეტენზიები ბრალდების მხარის, კერძოდ კი, სამტრედიის რაიონული პროკურატურის მიმართ აქვს.  საუბარია იმ შეთითხნილ საქმეზე, რომელიც ბრალდების მხარემ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე  დაყრდნობით და რეალურად არსებული მტკიცებულებების გაყალბებით შექმნა“, - აცხადებს არასრულწლოვანის ადვოკატი ილია ჯანელიძე.

სამტრედიის რაიონული პროკურატურა არასრულწლოვანს ძარცვის ფაქტს ედავება, რომელიც სამტრედიაში, მიმდინარე წლის 19 მარტს მოხდა. ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარის ერთადერთ მტკიცებულებას დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს, რომელსაც, მისივე განმარტებით, ჯანმრთელობის, კერძოდ კი, ფსიქიკური პრობლემები აქვს. 

„ყოველგვარი ექსპერტიზის ჩარევის გარეშე, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს ადამიანი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. გარდა ამისა, აქვს გონებრივი ჩამორჩენილობა, ასევე, მხედველობის პრობლემა. მოსამართლემ დაბადების თარიღი ჰკითხა და ვერ უპასუხა. დანარჩენი თავად განსაჯეთ“, - აღნიშნა humanrights.ge- სთან საუბარში ადვოკატმა ილია ჯანელიძემ.

მას, ისევე როგორც არასრულწლოვანი ბრალდებულის ოჯახის წევრებს, იმედი აქვს, რომ სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებას არ გაითვალისწინებს და სამართლიან განაჩენს გამოიტანს.

„სხვა შემთხვევაში ბავშვი დაიღუპება. ციხე მას საბოლოოდ დაუკარგავს იმედს, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არსებობს. შეიძლება, ის მართლა იქცეს დამნაშავედ და მომავალში საშიში გახდეს როგორც საზოგადოებისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. მგონია, ამაზე ღირს დაფიქრება. ღირს დაფიქრება იმაზე, რომ საქმის ობიექტური განხილვა დაიწყოს“, - აცხადებენ არასრულწლოვანის ახლობლები. 

humanrights.ge სახალხო დამცველის იმერეთის წარმომადგენლობას დაუკავშირდა. ომბუდსმენის რწმუნებული ქუთაისში, მადონა ბასილაძე აცხადებს, რომ საქმეს გაეცნობა, ასევე, ციხეზე მოინახულებს მოშიმშილე არასრულწლოვან პატიმარს.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი სამტრედიის რაიონულ სასამართლოში 17 ივნისსაა ჩანიშნული.

ახალი ამბები