01:35, Friday, 29.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველო აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშში

29.06.2015

 სივილ ჯორჯია

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად შარშან საქართველოში ოჯახური და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, უმცირესობების მიმართ გაზრდილი შეუწყნარებლობა, მათ შორის სიძულვილის ენის გამოყენება და  რელიგიურ ღვთისმსახურებაში ჩარევა, ხარვეზები სამართლებრივ სისტემაში და წინასწარი პატიმრობის არასწორი გამოყენება დასახელდა.

სხვა პრობლემებს შორის ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 25 ივნისს გამოქვეყნდა და 2014 წლის მოვლენებს მოიცავს, აღნიშნავს „არასათანადო მოპყრობას სამართალდამცავების მხრიდან, სტანდარტულზე დაბალი  პირობები ციხეებში, ბრალდებები მართლმსაჯულების განხორციელებაში პოლიტიკური ზეგავლენის თაობაზე, ბრალდებები სამართალდამცავი უწყებების მხრიდან უკანონო მიყურადების შესახებ და იძულებით გადაადგილებულ პირთა არასახარბიელო საცხოვრებელი პირობები“.

ანგარიშში, რომელიც მეტწილად საქართველოს სახალხო დამცველის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ მიუხედავად 2012 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესისა, კვლავ რჩევა ჩივილები სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულებით, კვლავაც იყო „ცნობები უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომელიც დაუსჯელი დარჩა“.

„არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის მტკიცებით, პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების რაოდენობა აღემატებოდა პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმეების რაოდენობას, ხოლო იმ ფაქტმა, რომ გამოძიებებს სისტემური ხასიათი არ ჰქონია და ასევე არ ხდებოდა სავარაუდო კანონდამრღვევთა გასამართლების ბოლომდე მიყვანა, ხელს უწყობდა დაუსჯელობის კულტურის ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, რომლებშიც „სასამართლო სისტემაზე შიდა და გარე ზეგავლენის“ პრობლემაზე იყო საუბარი, ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ შარშან „სასამართლო დამოუკიდებლობის ზრდის ნიშნები“ შეინიშნებოდა. თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „გამოწვევები“ ამ კუთხით კვლავაც რჩება.

დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციაზე დაყრდნობით ანგარიში აცხადებს, რომ „სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარ გამოწვევებს შორის იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და თავმჯდომარის შერჩევის არასრულყოფილი პროცესი და მოსამართლეთა დისციპლინირების არამკაფიო პროცედურები“. დოკუმენტი ასევე აღნიშნავს იმ კრიტიკას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს ახალი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე მათთვის გამოსაცდელი ვადის დაწესების თაობაზე.

„მოსამართლეები, როგორც წესი, უფრო მაღალ სტანდარტებს უყენებდნენ პროკურატურის მოთხოვნებს მოსმენების განხორციელებაზე, საცხოვრებლის ჩხრეკაზე და წინასწარ პატიმრობაზე იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებშიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ფიგურირებდნენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პროკურატურა „საკანონმდებლო ხვრელებს“ იყენებს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასაგრძელებლად.

„ბრალდებების ახალი წყების წაყენებასთან ერთად ცხრათვიანი საათის ათვლა ახლიდან იწყება და პროკურატურა ხშირად სწორედ თავდაპირველ ბრალდებებთან დაკავშირებული ვადის გასვლას ელოდა, რომ ახალი ბრალდებები წაეყენებინა“, – ნათქვამია ანგარიშში.

როდესაც თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თავდაპირველი ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა დასასრულს უახლოვდებოდა, პროკურატურამ 2015 წლის მარტში მის ერთ–ერთ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა, რათა პატიმრობაში დაეტოვებინა.  მართალია ეს საქმე არ შევიდა ანგარიშში, ვინაიდან ის 2014 წლის მოვლენებს მოიცავს, მაგრამ აშშ–ის საელჩომ განაცხადამარტში, რომ პროკურატურის ქმედება „წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს“.

უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა იმ საკანონმდებლო დებულებების გასაუქმებლად, რომლებიც მისი აზრით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელიც წინასწარი პატიმრობის მაქსიმალურ ვადად ცხრა თვეს განსაზღვრავს.

რაც შეეხება შარშან უგულავასთვის შეფარდებულ თავდაპირველ წინასწარი პატიმრობას, ანგარიშში ნახსენებია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს შეფასებები, რომლის თანახმადაც, თბილისის ყოფილი მერის დაკავებას აკლდა შესაბამისი დასაბუთება და კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა. უგულავა იმ დროს ნაციონალური მოძრაობის კამპანიას ხელმძღვანელობდა 2014 წლის ივნისის ადგილობრივი არჩევნებისთვის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ვრცელდებოდა ინფორმაცია გარკვეული პირების მხრიდან ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ აგრესიის თაობაზე და ასევე სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების თავისუფლების არასაკმარისი დაცვის თაობაზე“.  

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში ადგილი ქონდა შემთხვევებს როდესაც ოპოზიციური პარტიის აქტივისტებს ფიზიკურად ესხმოდნენ თავს რამდენიმე ქალაქში ქვეყნის მასშტაბით. მასში ნახსენებია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატზენუგზარ წიკლაურზე და ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრზეზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმები. ანგარიშში ასევე საუბარია ხონის ყოფილი გამგებლის და მისი ყოფილი მოადგილის დაპატიმრებაზე. „არასამთავრობო ორგანიზაციებმააღნიშნეს, რომ ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრების დაკავება ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ იმ დანაშაულების გამო, რომლებიც სავარაუდოდ რამდენიმე წლის წინ იქნა ჩადენილი, ამ დაკავებების მოტივებთან დაკავშირებით კითხვებს აღძრავს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ოქტომბრის ბოლოს ე.ს. „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ხუთი ყოფილი თანამშრომლის დაკავებასაც ეხება. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა მაშინ, რომ იმ ეტაპზე რთული იყო საქმეში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირება. გასულ კვირას ხუთივე დაკავებული წინასწარი პატიმრობიდანგაათავისუფლეს; თუმცა სასამართლო პროცესი ამ საქმეზე კვლავ გრძელდება.

ანგარიშის თანახმად, მთავარი პრობლემები ადამიანის უფლებათა კუთხით, რამაც მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შარშან დაძაბულობა გამოიწვია, იყო „უკონტროლო მიყურადება, პატიმართა არასათანადო მოპყრობა და სამსახურებიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა“.

ანგარიშში ასევე საუბარია მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ, რომელიც პარლამენტმა შარშან მიიღო.

მართალია, ანგარიში აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა „გააკრიტიკეს ეს კანონი იმის გამო, რომ ის სამოქალაქო თავისუფლებების სათანადო დაცვას არ უზრუნველყოფს“, მაგრამ ანგარიში ასევე ამბობს, რომ ეს ცვლილებები დამატებით შეზღუდვებს უწესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც სასამართლო ნებართვას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანხმობას ითხოვს მოსმენების განსახორციელებლად.

ამ რეგულაციების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შესული. ოპონენტები აცხადებენ, რომ სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩება პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, შსს მარტივად შეძლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით  უკანონო ფარული მოსმენების წარმოებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ოჯახური და სხვა ძალადობა ქალების წინააღმდეგ მნიშვნელოვან პრობლემად დარჩა“.

„ოჯახში ძალადობის თაობაზე სახალხო დამცველისთვის წარდგენილი საქმეების უმეტესობაში, პოლიცია მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებებით და პრევენციული ზედამხედველობის დაწყებით შემოიფარგლა, რამაც ვერ უზრუნველყო არასათანადო მოპყრობის გამეორებისაგან დაცვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია შსს–ს მონაცემებზე დაყრდნობით, რომ 2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ოჯახური ძალადობის დანაშაულზე 636 საქმე აღიძრა; 2013 წელს ეს მაჩვენებელი 399–ს შეადგენდა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაცილებით მეტია და პოლიციაში მიმართვიანობა დაბალი.

ანგარიშის თანახმად, 2014 წელს უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციის რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი. დოკუმენტს ის შემთხვევა მოყავს, როდესაც ქობულეთში ადგილობრივების ერთმა ჯგუფმა ღორის თავი მიაჭედა შენობის კარზე, რომელშიც მულსიმთა პანსიონი უნდა გახსნილიყო.

„არასამთავრობოებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ეფექტური გამოძიების განხორციელება რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ წინა შემთხვევებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად საზოგადოებაში კვლავაც ძლიერია ლგბტ პირების მიმართ ნეგატიური განწყობები.

„მედიის განვითარების ფონდი მიუთითებს იმ უამრავ ჰომოფობიურ განცხადებაზე, რომლებიც მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრებმა, მედია საშუალებებმა გააკეთეს, უმეტესწილად, ანტი–დისკრიმინაციული კანონის კონტექსტში“, რომელიც პარლამენტმა შარშან მიიღო, ნათქვამია ანგარიშში.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC