კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს

24 ივლისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ქალ პატიმართა მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ. უფლებადამცველთა თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახლებური რედაქციის ჩამოყალიბება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის გამიჯვნას გასაღებისაგან, რაც მისასალმებელია, მაგრამ მსგავსი ცვლილებები არ შეეხო სსკ–ის 262–ე მუხლს, რამაც  ქალ მსჯავრდებულებში უსამართლობისა და პროტესტის განცდა გააჩინა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას ეხება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსის, თამარ ავალიანის თქმით, 2012 წელს, როდესაც პატიმრებს ამნისტია შეეხოთ და 260-ე მუხლით განთავისუფლდნენ, ლოგიკურად, ამნისტია უნდა შეხებოდა 262-ე მუხლსაც. თუმცა, ასე არ მოხდა.

„მსჯავრდებულებს, რომლებსაც თავის დროზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლი ჰქონდათ მისჯილი, ფართომასშტაბიანი ამნისტიის დროს, 2012 წელს მხოლოდ 260-ე მუხლი მოეხსნათ, ხოლო 262-ე მუხლის ნაწილში სასჯელი 1/3-ით შეუმცირდათ. ჩვენ ვსაუბრობთ ერთი მხრივ, ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე და მეორე მხრივ, 262-ე მუხლზე - ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანაზე, რომელიც არის შეძენა-შენახვის დამატებითი მუხლი. თავის დროზე, როცა ათავისუფლებდნენ სსკ-ის 260-ე მუხლით, უნდა გაეთავისუფლებინათ 262-ე მუხლითაც, რაც ამნისტიის სახით არ იყო გათვალისწინებული. ეს კი, ჩვენი შეფასებით, არასწორია. ჩვენ ვითხოვთ, რომ 262-ე მუხლსაც შეეხოს ლიბერალური მიდგომა, ამნისტიის სახით“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

თამარ ავალიანის თქმით, სასჯელაღსრულების №5 დაწესებულების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალი მსჯავრდებულების დიდი ნაწილი გასამართლებულა ნარკოდანაშაულების ბრალდებით. ამიტომ ეს სისტემური და ძალიან აქტუალური პრობლემაა. იურისტის თქმით, ამჟამად, დაახლოებით, 20-მდე მსჯავრდებულია, რომლებსაც 260-ე მუხლი კი მოეხსნათ (ვისაც გასაღება არ ჰქონდათ), მაგრამ ახლა სასჯელს სსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე იხდიან, რაც უსამართლო მიდგომაა. 

ქალ მსჯავრდებულთა უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნარკოტიკული დანაშაულისათვის სსკ-ის 262-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც მოხდილი აქვთ დანიშნული სასჯელის ნახევარზე მეტი, პრეზიდენტი და შეწყალების კომისია  უარს ეუბნება შეწყალებაზე.

„გამოიკვეთა, რომ ქალ მსჯავრდებულებს, 2012 წლამდე სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით არიან გასამართლებული, მისჯილი აქვთ არაადეკვატურად მაღალი სასჯელები, ხოლო 2012 წლის არჩევნების შემდეგ მსჯავრდებულებს იგივე მუხლით სასამართლო ათჯერ უფრო ლმობიერ სასჯელს უსჯის. შედარებისთვის, თუკი ადრე უსჯიდნენ 20-30 წლით თავისუფლების აღკვეთას სასჯელთა შეკრებითობის გამოყენებით, ან ზოგჯერ -  უვადო პატიმრობასაც, ამჟამად სასჯელის ზომად სასამართლო იყენებს 3-4 წლით, ან მაქსიმუმ 7-8 წლით თავისუფლების აღკვეთას. არის შემთხვევები, როცა ახალ პატიმრებს უკვე შეეხოთ ვადაზე ადრე გათავისუფლებაც და შეწყალებაც. ძველი პატიმრები კი ისევ იხდიან სასჯელს. ვინაიდან სხვა რაიმე ეფექტური მექანიზმი არ არის, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა შეწყალების კომისიას, რათა გაეთვალისწინებინა ეს ფაქტორი და ძველი პატიმრები შეეწყალებინა პრეზიდენტს, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა ეფექტური არ გამოდგა. ჩვენს ბენეფიციარებს შეწყალებაც არ შეეხოთ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა 3 ივლისს პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე გავრცელდა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ქალ პატიმართა ერთი ნაწილის დისკრიმინაციული მდგომარეობის თაობაზე. უფლებადამცველთა თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრი უახლოეს დღეებში გეგმავს, საქართველოს პარლამენტს მიმართოს საკანონმდებლო წინადადებით. საკანონმდებლო წინადადების მიზანია, სრულად განხორციელდეს ამნისტია 2006-2012 წლებში გასამართლებულ მსჯავდებულთა მიმართ, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაული და მათ საქმეში არ იკვეთება გასაღების მიზანი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები ახორციელებენ გეგმიურ და არაგეგმიურ ვიზიტებს ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებებში.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
 
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები