04:59, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ეკომიგრანტი ოჯახები სამართლებრივი დაცვის გარეშე

01.08.2015

ფოტო: emc.org.ge
 ნინო წოწორია

საქართველოში, ლტოლვილთა სამინისტროს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული 35 ათასი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა სოციალურ, ეკონომიკურ ან საცხოვრებელი ფართებით დახმარებას საჭიროებს. ეკომიგრანტების მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ არ არსებობს საკანონმდებლო დონეზე „ეკომიგრანტის“ ერთიანი განმარტება. ეკომიგრანტების მდგომარეობა „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა“ (CENN) შეისწავლა და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სამთავრობო სტრუქტურებს სპეციალური რეკომენდაციებიც წარუდგინა.

ეკომიგრანტი ოჯახების საკითხის კვლევისას ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ კანონია, თუმცა, არსებული კანონი არ ვრცელდება ეკომიგრანტ ოჯახებზე, რადგან ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების დეფინიცია არ მოიაზრებს ბუნებრივ და ტექნოლოგიურ კატასტროფებს, როგორც იძულებით გადაადგილების წინაპირობას. საკანონმდებლო ექსპერტ გიორგი დვალაძის განმარტებით, რეალურად ეკომიგრანტ ოჯახებზე  სამართლებრივი ჩარჩო ვერ ვრცელდება და ისინი სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარეშე რჩებიან.

„იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტების გადაადგილების საფუძველი განსხვავებულია, თუმცა საჭიროებები ახალ გარემოში საცხოვრებელის, ინტეგრაციის და მათი სოციალური და ეკონომიკური დახმარების თვალსაზრისით აბსოლუტურად იდენტურია. სახელმწიფოს პოლიტიკა ისე უნდა წარიმართოს, რომ მინიმალური საცხოვრებლიდან დაწყებული, ინტეგრაციის კომპონენტის ჩათვლით ყველა საჭიროების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს“,- განაცხადა CENN-ის ექსპერტმა გიორგი დვალაძემ. 

ლტოლვილთა სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების დეფინიციას მინისტრის #779 ბრძანებულების მიხედვით განმარტავს, რომლის თანახმადაც, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ის ოჯახი მიიჩნევა, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეული ან დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება. ამავე ბრძანებულების მიხედვით, ეკომიგრანტებად მიიჩნევიან ის ოჯახებიც, რომელთა სახლები დანგრეული არ არის, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებაში არსებულ ქონებას საფრთხეს უქმნის მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის ან თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

გიორგი დვალაძის განცხადებით, აღნიშნული დეფინიცია დასახლების წესით ეკომიგრანტი ოჯახების საკითხის მარეგულირებელი დოკუმენტია, რომელიც ეკომიგრანტის განმარტებას მხოლოდ კონკრეტული მიზნისთვის განსაზღვრავს, ვის აქვს საჭიროება, რომ საცხოვრებელი ადგილი მიიღოს.

„არ შეიძლება, ეკომიგრანტი ოჯახის დეფინიცია შემოიფარგლოს საცხოვრებელი საჭიროების მქონე ოჯახის განმარტებით, უფრო ზოგადი განმარტებაა საჭირო. მაგრამ 2014 წელს მიღებულ ამ განმარტებასაც აქვს ხარვეზები.  კონკრეტულად კი,  ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასითის კატასტროფები დეტალურად არის ჩამოთლილი, ეს არის სტიქიური მოვლენების ამომწურავი ჩამონათვალი და დეფინიცია არ მოიაზრებს  ვულკანს  და მიწისძვრას სტიქიურ მოვლენებში. შესაბამისად, ამ სტიქიური უბედურებებისგან დაზიანებული პირები მომავალში ავტომატურად გამორიცხულები იქნებიან ეკომიგრანტთა დეფინიციიდან. ეს არის კანონპროექტის ერთი ასპექტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და ვულკანით და მიწისძვრით დაზარალებული პირების გამორიცხვა არ მოხდეს, რადგან ამ ადამიანებსაც სჭირდებათ ადეკვატური სამართლებრივი დაცვის გარანტიები და ისინი არ უნდა დარჩნენ სამართლებრივი დაცვის გარეთ“, - განაცხადა საკანონმდებლო ექსპერტმა გიორგი დვალაძემ.

ეკომიგრანტი ოჯახების დეფინიციის არარსებობა შემდგომში სხვა პრობლემებსაც იწვევს. რთულია სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, არ არსებობს ოჯახებში საჭიროებების კვლევა და შესაბამისად, ვერ ხერხდება ეკომიგრანტებისთვის ადგილზე დახმარების აღმოჩენა, განსახლება, სოციალური ბენეფიტების გაცემა თუ ახალ გარემოში ინტეგრაციის პრობლემების მოგვარება. 

„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) რეკომენდაციებით, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე ერთიანი განმარტების მიღებაა საჭირო, რაც შემდგომში სხვა პრობლემების თავიდან არიდებას გამოიწვევს.

„ეკომიგრანტი ოჯახების ერთიანი და ყოვლისმომცველი განმარტების მიღებაა საჭირო, რათა ამ ოჯახებისთვის ყველა საჭიროების გადაწყვეტა მაქსიმალურად მოხდეს. გაუმჯობესდეს კანონპროექტზე მუშაობა, ვგულისხმობთ, პროცესის განახლებას და წარმართვას და ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ იძულებით გადაადგილებულ პირთა დეფინიციაში ეკომიგრანტ ოჯახებს მოვიაზრებთ და მათზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის სამართლებრივ გარანტიებს გავავრცელებთ, ეს ნაწილობრივ მოაგვარებს ეკომიგრანტების ცალკეულ პრობლემებს, თუმცა, იმ ოჯახების დაკმაყოფილებისთვის, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთა განმარტებაში ვერ მოხვდნენ, აუცილებელი იქნება ცალკე კანონის მიღება“, - განაცხადა ექსპერტმა გიორგი დვალაძემ.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია კანონქვემდებარე აქტების მიღება, რადგან მხლოდ კანონი ეკომიგრანტი ოჯახების დასაცავად ეფექტური პოლიტიკის წარმართვას ვერ უზრუნველყოფს. კანონქვემდებარე აქტების მიღებაში კი სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა კონკრეტული სფეროს ექსპერტები უნდა მონაწილეობდნენ.

გიორგი დვალაძის რეკომენდაციით,  უნდა შეიქმნას ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც  ამ პოლიტიკის ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფს. 

„ამ ყველაფრის იმპლემენტაციისთვის საჭიროა შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფა და ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი, რათა აღნიშნული საკითხი წარიმართოს ისე, რომ მოხდეს ეკომიგრანტი ოჯახების დაცვა“ - განაცხადა CENN-ის საკანონმდებლო ექსპერტმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ეკომიგრანტების შესახებ კანონპროექტზე მუშაობს და არგუმენტირებული რეკომენდაციების მისაღებად მზად არის.

„კანონპროექტი ფაქტობრივად მომზადებულია, შესაძლებელია ზოგიერთი დამატებები ან გამოკლებები მოხდეს კანონთა შესაბამისობაში. სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ მოხდა, შეიძლება ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული, რადგან საკმაოდ დიდ თანხებზეა ლაპარაკი. მაგრამ ჩვენ დავაყენეთ საკითხი და ვფიქრობ, რომ მოხდება კანონპროექტის ნორმალიზება  ისე, რომ ორივე  მხარე კმაყოფილი იყოს, როგორც ეკომიგრანტები, ასევე მთავრობაც. ამ პროცესში არსამთავრობოები და სხვადასხვა სამინისტრო მონაწილეობს და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ეს საკითხი მოგვარდება,“ - განაცხადა ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, გოგი ფაცაციამ „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ მიერ ეკომიგრანტების შესახებ გამართულ კონფერენციაზე.

განსახლებისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის დიმიტრი გაფრინდაშვილის განცხადებით, სამინისტრო და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები მოწყვლად ჯგუფებთან ინტენსიურად მუშაობენ.

„ინტეგრაციის საკითხის მიმართულებით ჩვენი მიდგომა გაუმჯობესებულია. როდესაც დაზარალებული, მაგალითისთვის, დუშეთიდანაა და აქვს იმის საშუალება, რომ ისევ დუშეთში მოძებნოს საცხოვრებელი სახლი, ჩვენ ამ სახლს ვყიდულობთ მისთვის. ამ დროს დამატებითი ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა აღარ არის საჭირო. ოჯახი იმავე საზოგადოებაში აგრძლებს ცხოვრებას, იმავე სამსახურში მუშაობს და მხოლოდ უბნის ან სოფლის შეცვლა უწევს. ეს მიდგომა არ არის ცუდი. სამინისტრო ცდილობს ეტაპობრივად ყველა დაზარალებულს დაეხმაროს, უბრალოდ ამისთვის დროა საჭირო“, - განაცხადა განსახლებისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა დიმიტრი გაფრინდაშვილმა.

„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ ეკომიგრანტების საკითხებზე მუშაობას აგრძელებს და სახელმწიფო უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC