კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

19 აგვისტო, 2015
 
ნინო ქიმაძე

17 და 18 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის ორი წერილი მიიღო. დაწესებულების დირექტორი ორგანიზაციას აწვდის ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. 

წერილს თან ერთვის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისადმი ნანა ფარჩუკაშვილის განცხადების ასლი, რითაც მსჯავრდებული მინისტრს აყენებს საქმის კურსში, რომ მან დაიწყო შიმშილობა.

„იმის გამო, რომ არ წყდება ჩემზე ზეწოლები, შანტაჟი და პროვოკაციები #5 დაწესებულების დირექტორისა და მისი „ფავორიტი“ (ასეთი სულ ათიოდეა) მსჯავრდებულების მხრიდან; იმის გამო, რომ მივარდებიან საკანში ან მესხმიან თავს და ისევ მე მიცხადებენ საყვედურს; მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ ინახავენ „ინციდენტების“ ამსახველ კადრებს, რის გამოც არ მეძლევა საშუალება, დავამტკიცო სიმართლე; იმის გამო, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციას დღემდე არ მოიხდენია რეაგირება ჩემს საჩივრებზე, ვიწყებ შიმშილობას“, - წერს მსჯავრდებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს.

განცხადების ასლის თანახმად, მსჯავრდებული მოითხოვს: 1) მის მიმართ შანტაჟისა და ზეწოლის შეწყვეტას №5 დაწესებულების დირექტორის, თანამშრომლებისა და რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან, რომლებიც პროვოკაციებს „დირექტორის დავალებით“ ახორციელებენ; 2. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლოს 2015 წლის 23 ივლისს მასზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი; 3. დაწესებულების სოციალურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყოს 10:00 საათზე, ნაცვლად 12:00 საათისა.

მსჯავრდებული ასევე წერს, რომ პროტესტის ნიშნად იგი უარს აცხადებს დილა-საღამოს შემოწმებაზე.

სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა ნანა ფარჩუკაშვილის შიმშილობის დაწყების თაობაზე ინფორმაცია და პატიმრის განცხადების ასლი, ადამიანის უფლებათა ცენტრის გარდა, ასევე გაუგზავნა საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსსა და საქართველოს პარლმენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას. ეს წერილი 12 აგვისტოს რიცხვით თარიღდება. 13 აგვისტოს მსგავსი შინაარსის ინფორმაცია #5 სად-ის დირექტორმა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს, თამარ ავალიანსაც მიაწოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციამ პატიმრის შიმშილობის თაობაზე ინფორმაცია დროულად გაუგზავნა დაინტერესებულ უწყებებსა და ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა კორესპონდენციები 5 დღის დაგვიანებით მიიღო - 17 და 18 აგვისტოს მიიღო. 

18 აგვისტოს Humanrights.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ნესტან ვერულაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ ნანა ფარჩუკაშვილი კვლავ აგრძელებს შიმშილობას. მისივე თქმით, მსჯავრდებულის მიმართ უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში შესაძლებელია დოკუმენტაციის მოძიება, რომელიც ციხის თანამშრომლებისა და სხვა მსჯავრდებულების მხრიდან ნანა ფარჩუკაშვილზე ძალადობას გამორიცხავს“. დირექტორი მოუწოდებს საკითხით დაინტერესებულ პირებს, საქმის მასალების მოკვლევის საფუძველზე გააკეთონ დასკვნები. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულ ნანა ფარჩუკაშვილის განცხადების თაობაზე humanrights.ge-სთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული ნ.ფ.-ს წერილის საფუძველზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. ოფიციალურ დასკვნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს“, - აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახური.

მსჯავრდებული ნანა ფარჩუკაშვილი პროფესიით იურისტია. იგი აქტიურად მოითხოვს ქალთა #5 დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრას ე.წ. სრული შემოწმებისას. ამ პრობლემებზე მან ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის მონიტორებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალ პატიმრებს დაწესებულებიდან გაყვანისას ან შემოყვანისას მთლიანად აშიშვლებენ და ბუქნებს აკეთებინებენ. ფარჩუკაშვილმა მოიძია ამ პროცედურის სამართლებრივი საფუძველი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება, რომელიც, საიას დახმარებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

ახალი ამბები