კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური მოძრაობა შუალედური არჩევნების ბოიკოტს უერთდება

21 აგვისტო, 2015
 
სივილ ჯორჯია

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ის ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში მარტვილისა და საგარეჯოს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში იგეგმება.
ამ განცხადებით ნაციონალური მოძრაობა, რომელიც უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფია პარლამენტში, შეუერთდა 11 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს მოახლოებული შუალედური არჩევნების მიმართ, რომლის შედეგადაც საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ორი ახალი მაჟორიტარი დეპუტატის შეემატება.

კიდევ ერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ არც ისინი გეგმავენ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას.

დეპუტატმა სერგო რატიანმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანია, 21 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო, რომელსაც არაფორმალურად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მართავს, „კრიზისშია“ და ორი დეპუტატის მანდატი ვითარებას ვერ შეცვლის.

„შუალედური არჩევნები მარტვილსა და საგარეჯოში არის მოსახლეობის შეყვანა შეცდომაში და ბიუჯეტის ფუჭი ხარჯვა. უნდა ითქვას ისიც, რომ ორი არჩეული დეპუტატი  ვერ შეცვლის ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან“, - განაცხადა მან.
 
„ჩვენ ვუერთდებით პოლიტიკური პარტიების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს“, - განაგრძო რატიანმა, „ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელს არსებულ ყველა კონსტიტუციურ მექანიზმს იმისათვის, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ჩამოვაშოროთ ხელისუფლებიდან ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი“.

ძირითადი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებიც არცერთი პოლიტიკური პარტიის მიერ არ არიან წარდგენილნი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლონ შუალედურ არჩევნებში, რომლის თარიღიც ცესკოს ჯერ არ დაუნიშნავს.

მარტვილში შუალედური არჩევნები იმის გამო ტარდება, რომ ამ ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა მარტში; ხოლო საგარეჯოში მაჟორიტარის ვაკანსია ყოფილი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამ განაპირობა მაისში.

ახალი ამბები