კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ - ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

14 სექტემბერი, 2015
 
ნინო ქიმაძე

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 

პროექტი ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით და სახალხო დამცველთან პარტნიორობით 2015 წლის 15 თებერვლიდან 15 აგვისტომდე ხორციელდებოდა. პროექტის მიზანს ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის კვლევა წარმოადგენდა.  სახალხო დამცველის მიერ მონიჭებული სპეციალური რწმუნებულების საფუძველზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები, პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით გეგმიურ და არაგეგმიურ ვიზიტებს ახორციელებდნენ რუსთავის #5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თბილისის #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების არასრულწლვანთა განყოფილებაში.

ანგარიშის მიხედვით, საპატიმროში ქალები  სრული შემოწმებისას დამამცირებელ პროცედურებს გადიან. მსჯავრდებულ ქალებს საპატიმროდან დროებით გაყვანისას და შემოყვანისას სრულიად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ. ასევე პრობლემას წარმოადგენს ჰიგიენური საშუალებების არასაკმარისი მიწოდება, ხანგრძლივი პაემნების არასებობა და არასათანადო მკურნალობა. რაც შეეხება არასრულწლოვანთა დაწესებულებას, აქ გამოვლენილ პრობლემათა შორისაა პრივილგიები არასრულწლოვან პატიმრებს შორის, განმეორებითი დანაშაულის ხშირი შემთხვევები, არასაკმარისი ფსიქოლოგები და სხვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამართულ პრეზენტაციას ბულგარეთის საელჩოს წარმოადგენელი და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.
კვარაცხელიამ მონიტორინგის მნიშვნელობასა და კვლევის მინდინარეობის დროს გამოვლენილ პრობლემებზე ისაუბრა.

„მონიტორინგის დროს  რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოვლინდა. ეს პრობლემები  ქალთა შემთხვევაში უკავშირდება სრული შემოწმების პროცედურას, რომელიც ჩვენი შეფასებით, რუტინულ პრაქტიკას წარმოადგენს და ეს შეიძლება, იყოს დამამცირებელი მოპყრობა. ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშნელოვანია, ამ მიმართულებით სამინისტრომ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს რა შემთხვევაში და როგორ მოხდება სრული შემოწმება. ვფიქრობ, ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება ეს მეთოდი ჩანაცვლდეს ალტერნატიული ღონისძიებით, კერძოდ, სკანირებით. სწორედ ამ მეთოდს მოითხოვს ე.წ. „ბანკოკის წესები“, რაც გაეროს დოკუმენტს წარმოადგენს. ასევე მნიშნელოვანია, რომ გამოიყოს ქალთა რეფერალის ელექტრონული რიგი, რომელიც მათ მიმართ რეფერალურ, ანუ სტაციონარებში მომსახურებას უკავშირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ელექტრონული რიგი ქალი პატიმრებისთვის იყოს ცალკე, რათა გათვალისწინებული იყოს გენდერული საჭიროებები და დროულად მიეწოდოთ მათ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. გარდა ამისა, ჰიგიენურ საშუალებებთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, რომელთა მიმართებაშიც სამინისტრომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა შესაბამის ბრძანებაში, რომ ეს საჭიროებები დაკმაყოფილებული იქნება ადმინისტრაციის მიერ. რაც შეეხება არასრულწლოვანთა პრობლემებს, მათთვის აუცილებლობას წარმოადგენს ფსიქო-რეაბილიტაციის გაძლიერება, რადგან ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევებია. უნდა აღინიშნოს რომ არ არსებობს გარკვეული რესურსი სათანადო რეაბილიტაციისთვის. საგულისხმოა, რომ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში შეიმჩნევა ციხის სუბკულტურის გარკვეული ფორმა და ამ მიმართულებითაც არის კომპლექსური ზომები მისაღები“, - განაცხადა სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ. 

საზოგადოებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმცირესობების თემაც აქტუალურია. ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორმა ნინო ცაგარეიშვილმა ისაუბრა.
„უმცირესობების საკითხს  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტაბუ ადევს. მნიშვნელოვანია, ჩაკეტილი გარემო გაიხსნას და ამ მიმართულებით სპეციალისტებმა იმუშაონ“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტის არსებობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დახურულ სასჯელაღსრულების სისტემაში მონიტორინგი აწარმოონ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა სახალხო დამცველთან პარტნიორობით განახორციელა პროექტი, რომელიც გულისხმობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს. ადამიანის უფლებათა ცენრის მონიტორები აკვირდებოდნენ ქალთა და არასრულწლოვან პატიმართა დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას და ამ ანგარიშით, რომელიც დღეს წარვუდგინეთ საზოგადოებას, გამოვაქვეყნეთ შედეგები. აღსანიშნავია, რომ პროექტის განმავლობაში როგორც ჟურნალისტური სტატიების, ასევე პრესკონფერენციების და სხვა ტიპის არხებით ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია არსებული გამოვლენილი პრობლემების შესახებ“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ანგარიშში - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ მომზადდა რეკომენდაციები, რომლის თანახმად: უნდა აღმოიფხვრას ქალთა დაწესებულებაში სრული შემოწმების დამამცირებელი პრაქტიკა; ქალი პატიმრებისთვის დაწესდეს გრძელვადიანი პაემნის უფლება; სატელეფონო ჯიხურები განთავსდეს #5 დაწესებულების შიგნით; გარემონტდეს საპატიმროები; ქალი პატიმრებისთვის გამოიყოს საკმარისი ჰიგიენური საშუალებები; არასრულწლოვანთა დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნების გადასახადი გაუქმდეს; ხელი შეეწყოს არასრულწლოვანთა საპატიმროში ციხის სუბკულტურის არსებობის გაკონტროლებას და აღმოფხვრას; შეიქმნას რესოციალიზაციის პროგრამები; არასრულწლოვანთა კოლონიაში დამატებით შევიდნენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. აგრეთვე ჩამოყალიბდა სხვა ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არის  აუცილებელი.

ახალი ამბები