კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მევენახეებმა აქცია გამართეს

15 სექტემბერი, 2015
 
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანში, მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ყურძნის ჩაბარების დაბალ ფასებთან დაკავშირებით მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. აქციაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იმყოფებოდა. მევენახეები ითხოვენ, რომ ღვინის ქარხნებმა ყურძნის შესყიდვის ფასები გაზარდონ, შესაბამისად,  1 კილოგრამი რქაწითელი 1 ლარად და – საფერავი 2 ლარად ჩაიბარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თბილისი–თელავის ცენტრალურ მაგისტრალზე პერმანენტულ გამოსვლებს მოაწყობენ.
 
„ყურძენს თუ არ ჩაიბარებენ, გამგეობის წინ უნდა დავყარო. მეღვინეებს ამდენი ვენახი რომ მიყიდეს მასხრად აგვიგდეს. მეღვინეს უნდა ჰქონდეს ღვინის ქარხანა, ვენახები კი - გლეხებს, რათა მათ მხოლოდ თავისი ყურძენი არ დაწურონ“,- განაცხადა მევენახე ივანე ტურიაშვილმა.

გურჯაანელი მევენახეების განცხადებით, ვაზის მოვლა ძვირი ჯდება. მარტო ერთი შეწამვლა 140 ლარი ღირს, მუშა ხელს კი დღეში 25- 30 ლარს უხდიან.
„ადრე რქაწითელს 70 თეთრად იბარებდნენ, ახლა ამბობენ, 60 თეთრად ჩავიბარებთო. მთავრობას მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა არჩევნებია, სხვა დროს კი უყურადღებოდ გვტოვებს“,- აღნიშნა მევენახე ტარიელ ზარდიაშვილმა.

 აქციის მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი შეხვდა. როგორც მან განაცხადა როდესაც რთველი აქტიურ ფაზაში შევა, ყურძენს  ოთხმოცამდე კომპანია მიიღეებს.

 „ფასი ჯერ გამოკვეთილი არ არის. დაფიქსირდა 65- 85 თეთრი. ალბათ, უფრო მოიმატებს, უფრო დამწიფდება ყურძენი და ხარისხიანი იქნება. სახელმწიფომ ის მინიმალური ფასი გამოაცხადა, რასაც მევენახე მიიღებს, რათა ზარალზე არ წავიდეს.  ფასი იმაზე მეტია, რაც მოვლა ჯდება. ეს არის მაქსიმუმი დაზღვევა, რაც შეუძლია სახელმწიფომ გააკეთოს, რათა გლეხმა არ იზარალოს. რა იქნება ფასი, ეს გამოჩნდება სექტემბრის მეორე ნახევარში“,- განაცხადა სამანიშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დღეიდან ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან იწყებს.1 კგ რქაწითელში და მწვანეში გადაიხდის 25 თეთრს, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი, რაც ჯამში 60 თეთრს შეადგენს. 1 კგ საფერავში კი, მევენახეს სახელმწიფო გადაუხდის 60 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით მიაღწევს 75 თეთრს.  თუკი მოსახლეობას ყურძენი ჩაუბარებელი დარჩება, მოსავალს სახელმწიფო იმაზე მაღალ ფასად შეისყიდის, ვიდრე მოყვანა ჯდება.

აქციაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძეც მივიდა. როგორც გამგებელმა humanrights.ge-ს განუცხადა სახელმწიფო მაქსიმალურს აკეთებს რომ გლეხებს დაეხმაროს, დანარჩენს ბაზარი დაარეგულირებს.

აქციის მონაწილეებში უკმაყოფილება გამოიწვია კახეთის გუბერნატორის მოადგილის ზურაბ არსენიშვილის მიმართვამ -  „თქვენ წელს გაქვთ მოგებიანი ფასი“.
„რთველი 2015“–ის დაწყებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა სადაც მევენახეების პროტესტს გამოეხმაურა და პროცესს მართული უწოდა.

აქცია კახეთში რთველის ოფიციალურ დაწყებას მოჰყვა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ყურძენს უკვე იბარებენ:  დედოფლისწყაროში, დაბა წნორში, გურჯაანსა და გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში მდებარე საწარმოები. თუმცა, მევენახეებისთვის ყურძნის ჩაბარების ფასები მიუღებელია. 

ახალი ამბები