კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ქალი მსჯავრდებულის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე

23 სექტემბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი  სად-ის #5 დაწესებულების მსჯავრდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამოძიებას  მოითხოვს.

აგვისტოს თვეში, სად-ის #5 დაწესებულების მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საკონსტიტუციო სარჩელი  მსჯავრდებულთა ე. წ. სრული შემოწმების ღირსების შემლახველი პროცედურის არაკონსტიტუციურად ცნობას შეეხებოდა. ე. წ. სრული შემოწმების თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებს ამომწურავი ინფორმაცია ნანა ფარჩუკაშვილმა მიაწოდა, რაც შემდეგ აისახა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ .

როგორც მსჯავრდებული ნანა ფარჩუკაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისა და მსჯავრდებულის ხელმოწერის დადასტურების შემდეგ, სად-ის #5 დაწესებულების ადმინისტრაციამ რამდენიმე დღით დააყოვნა სასამართლო რწმუნებულების დამოწმება, რითაც ნანა ფარჩუკაშვილს  ხელი შეეშალა  სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში დროულად შეტანაში. 

მსჯავრდებულ ნანა ფარჩუკაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, მის მიმართ სად-ის #5 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, რომელიც მიზნად ისახავდა, მსჯავრდებულს გადაეფიქრებინა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა. მისგან ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ითხოვდნენ, უარი ეთქვა საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე. 

მსჯავრდებული ნანა ფარჩუკაშვილი ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ სად-ის #5 დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი მას დაემუქრა, რომ ძვირად დაუჯდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა.  

2015 წლის 12  აგვისტოს, ნანა ფარჩუკაშვილმა დაიწყო შიმშილობა, რის შესახებაც ინფორმაცია დაწესებულების დირექტორმა თვითონვე მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს. ფარჩუკაშვილი მოითხოვდა სად-ის #5 დაწესებულების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლების შეწყვეტას . 

ნანა ფარჩუკაშვილის განმარტებით, 14 აგვისტოს,  იგი  სად-ის #5 დაწესებულების თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაშიც სხვა თანამშრომლებთან ერთად, ბრალს სდებს  სად-ის #5 დაწესებულების დირექტორის მოადგილეს.

მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა გენინსპექციაში შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება და #5 დაწესებულების თანამშრომელთა დასჯა. გენინსპექციამ მსჯავრდებულს მხოლოდ ორი წინადადებით უპასუხა, რომ დაასრულა მოკვლევა და დაწესებულების თანამშრომელთა ქმედებებში არ იკვეთებოდა ადმინისტრაციული გადაცდომა ან კანონსაწინააღმდეგო ქმედება. 

ნანა ფარჩუკაშვილის განმარტებით, იგი დღემდე უშედეგოდ ითხოვს იმ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც დაფიქსირებულია 14 აგვისტოს მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტი.

17  სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა სად-ის #5 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, გაატაროს შესაბამისი ზომები და მიუკერძოებლად შეისწავლოს სად-ის #5 დაწესებულებაში ნანა ფარჩუკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევები;
 საქართველოს მთავარ პროკურორს, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს სად-ის #5 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ნანა ფარჩუკაშვილის მიმართ ამავე დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი;
 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, შეისწავლოს მსჯავრდებულ ნანა ფარჩუკაშვილის განცხადებები და ეფექტური საპარლამენტო კონტროლი გაუწიოს მთავარი პროკურატურის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს.   

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები