კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო იზოლაცია თუ ენის პრობლემა?

9 ოქტომბერი, 2015
 
ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოში და საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში

გუნელ მოვლუდი

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ქართველების შემდეგ მეორე ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანელები (მოსახლეობის 7%) წარმოადგენენ. რა წვლილი შეაქვს 400-ათასამდე აზერბაიჯანელს იმ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან? რა წილი შეაქვთ მათ ქართული ლიტერატურის, მუსიკის, კინოსა და ტელევიზიის განვითარების საქმეში? 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე, 2015 წლის 15 იანვარს, Media.TV-სთან საუბარში აცხადებს: “ამჟამად კონსერვატორიაში სულ ორი აზერბაიჯანელი სტუდენტია. მგონი, მხოლოდ ისინი არიან.  რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტაა. ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მათთვის შექმნილი შესაძლებლობებით უფრო მეტად სარგებლობდნენ და მათი რაოდენობა უფრო მეტი იყოს“.

2015 წლის მაისში, თბილისში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით ლიტერატურის დიდი ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივი მწერლებისა და პოეტების გამოსვლების, წიგნების პრეზენტაციებისა და პოეზიის საღამოების მომსწრენი გავხდით. ფესტივალზე, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა,  ეთნიკური აზერბაიჯანელი პოეტი და მწერალი ვერსად ვნახეთ. არიან თუ არა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი მწერლები საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაში ინტეგრირებულნი? ამ კითხვით ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნატალია ლომოურის მივმართეთ. 

„მწერალთა სახლის შექმნის დღიდან მისი მისია ნათელია. ჩვენ წიგნების პრეზენტაციებს, შემოქმედებით საღამოებს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს ვაწყობთ. არა მხოლოდ მწერლებისთვის, არამედ მხატვრებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, რეჟისორებისთვის, ერთი სიტყვით, შემოქმედებით დაკავებული ყველა ადამიანისთვის კარი ღიაა. კულტურული ღონისძიების გამართვის თხოვნით მწერალთა სახლისთვის მიმართვა ნებისმიერ დამოუკიდებელ ხელოვანს შეუძლია. დღემდე არცერთ ეთნიკურ აზერბაიჯანელ მწერალს და პოეტს მწერალთა სახლისთვის შემოქმედებითი საღამოს გამართვის თხოვნით არ მოუმართავს. სინანულით ვამბობ, რომ ჩვენ არც ერთი ეთნიკური აზერბაიჯანელის სურვილით შემოქმედებითი საღამო არ ჩაგვიტარებია. ლიტერატურაში, შემოქმედებით სფეროებში მათი მოღვაწეობა არ ჩანს. მიზეზი, შესაძლოა, ენიობრივი ბარიერია“.

„ახალი საუნჯე“ საქართველოში ცნობილი ლიტერატურული ჟურნალია. ჟურნალი თავის ფურცლებზე ადგილობრივი და უცხოელი მწერლების ცხოვრებასა და შემოქმედებას დიდ ადგილს უთმობს. ჩვენ დავინტერესდით, ქვეყნდება თუ არა ამ ჟურნალში ეთნიკური აზერბაიჯანელების შემოქმედება. 

ჟურნალი „ახალი საუნჯის“ მთავარი რედაქტორი პოეტი შოთა იათაშვილი ამბობს: „გულახდილად რომ ვთქვათ, ეთნიკური აზერბაიჯანელების შემოქმედება „ახალ საუნჯეში“ არ ქვეყნდება. ჟურნალი მხოლოდ ქართულ ენაზე გამოიცემა, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ქართულ ენაზე დაწერილ ან ქართულად თარგმნილ ნიმუშებს ვიღებთ. მე ამავდროულად რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროში გადაცემა „ბიბლიოთეკა“ მიმყავს. ვისურვებდი, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელი პოეტებისა და მწერლების წიგნებზეც მესაუბრა ამ გადაცემაში, მაგრამ, ფორმატი ისეთია, რომ მხოლოდ ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებზეა საუბარი შესაძლებელი. ქართულ ენაზე კი მხოლოდ ძალიან ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის შემოქმედება  შეიძლება იყოს თარგმნილი. ვიცნობ პოეტსა და მთარგმნელ ოქტაი ქაზიმოვს, იმიტომ, რომ ოქტაიმ ქართული ენა ძალიან კარგად იცოდა. კიდევ იმირ მამმადლის ვიცნობდი. იმირმაც ქართული ენა ძალიან კარგად იცოდა. მაგრამ, ის, ათ წელიწადზე მეტია აზერბაიჯანში გადავიდა“.

ქართველი ჟურნალისტი, პოეტი ეკა ქევანიშვილი პრობლემას არა მხოლოდ ენის არცოდნაში, არამედ საინფორმაციო პოლიტიკის დაუგეგმაობაში ხედავს: „ეთნიკური აზერბიჯნელი შემოქმედი ადამიანების შესახებ ინფორმაცია ცოტაა. ისინი სხვა ენაზე წერენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მე ამ ინფორმაციის სიმცირეს ვგრძნობ. ამ შემოქმედმა ადამიანებმაც თავი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად რომ იგრძნონ, მედიამ მათზე და მათ შემოქმედებაზე ყურადღება უნდა გაამახვილოს“.

2010 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად საქართველოს დედაქალაქში კავკასიის ჯაზის ფესტივალი იმართება. ამ ფესტივალში ჯაზის შემსრულებლები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნიდან არიან მოწვეულნი. არიან თუ არა საქართველოს მხრიდან მოწვეულ შემსრულებლებს შორის ეთნიკური აზერბაიჯანელები?

ფესტივალის ორგანიზატორი ელენე მეჩითოვა ამბობს: „ეთნიკური აზერბაჯანელი ჯაზშემსრულებლების შესახებ არასდროს გვსმენია. ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ელემენტარული განათლების მიღების ძალიან სერიოზული პრობლემა აქვთ. ასე, რომ, მუსიკალურ განათლებაზე საუბარიც კი არ ღირს... მე კონსერვატორია დავამთავრე. იმ წლებში, როდესაც ვსწავლობდი, ერთი ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტიც კი არ გვყოლია...“

ასეთია ეთნიკური აზერბაიჯანელების საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის შესახებ ქართველ ხელოვანთა პოზიცია. როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე შემოქმედი ადამიანები პრობლემის საფუძველს ძირითადად განათლების და ენის ბარიერში ხედავენ. რას ფიქრობენ აქ მცხოვრები აზერბაიჯანელი შემოქმედი ადამიანები კულტურულ ინტეგრაციაზე? ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელი საზოგადოების ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, სტატიების ავტორმა, ელვინ ბუნთურქმა გაგვცა: „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ინტეგრაცია ვერ შევძელით. განათლება სუსტია. განათლებული, შემოქმედი, ნიჭიერი ადამიანების მზერა თბილისისკენ კი არა, ბაქოსკენაა მიმართული. აზერბაიჯანში არსებული შესაძლებლობები მათთვის უფრო მიმზიდველია. თან ენის ბარიერიც არსებობს. ჩვენ და ქართველები საერთო ენაზე არ ვსაუბრობთ, ერთმანეთის არ გვესმის. ეთნიკური ქართველის მიერ ფორმირებული პოლიტიკური სისტემა და სახელმწიფო ჩვენთვის ღია არ არის. ისინი ჩვენი, როგორც მათი მოქალაქეების კარგი განათლების მიღებით არ არიან დაინტერესებულნი“.

ახალგაზრდა პოეტი, საქართველოში აქტიურად მოქმედი საიტის Renessans.ge-ს ავტორი ჯოშღუნ ჯეფერი კი ამბობს: „ყველაზე ძირითადი პრობლემა ენის ფაქტორია. ქართული ენის მცოდნე მწერლებმა ეს ენა იმ დონეზე არ იციან, რომ ლიტერატურულ ენაზე საკუთარი თავი კარგად გამოხატონ. თანაც, ჩვენი  - ეთნიკური აზერბაიჯანელი ავტორების თემების სივიწროვე არ იძლევა ისე წერის საშუალებას, რომ ჩვენი შემოქმედება ქართული ლიტერატურული ელიტისთვის საინტერესო აღმოჩნდეს, მას შეერიოს და შეეთვისოს. შუაში ღრმა უფსკრული არსებობს. შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი კულტურული კონტაქტი, კავშირი არ არსებობს ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის. გარდა ამისა, სარწმუნოების, ენის, ეროვნული იდენტობის პრობლემებიც გვაქვს. ამ ყველაფერს კი საფუძვლად განათლება უდევს“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აიდა თაღიევა კი მიზეზს მენტალურ პრობლემებში ხედავს: „მე ეთნიკური აზერბაიჯანელების ინტეგრაციას ვერ ვხედავ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ინტეგრაცია არ არსებობს. მიზეზი მენტალურ პრობლემებშია. გადაუჭრელი მენტალური პრობლემების მქონე შემოქმედი ადამიანი ცივილიზებულ, შემოქმედებით ელიტასთან ინტეგრაციას როგორ შეძლებს?“

რამდენად რეალურია ორივე მხარის მიერ საგანგებოდ ხაზგასმული ენის ბარიერი და განათლების პრობლემა? შეძლებენ ეთნიკური აზერბაიჯანელი შემოქმედი ადამიანები ენის ბარიერის გარეშე და სერიოზული განათლებით საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციას?

ჩვენ, სირთულის მიუხედავად, ასეთი მაგალითი ვიპოვეთ.

ფოტოგრაფი საქართველოდან, შაჰვალად აივაზოვი ეთნიკური აზერბაიჯანელია. ის სპეციალობით ომის ფოტოგრაფია. შაჰვალადი უკვე 23 წელია Associated Press-ის სააგენტოს ფოტორეპორტიორია კავკასიაში. ამჟამად ის საქართველოში აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა. წელს ის საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და „ქოლგა თბილისი ფოტო“-ს  ინიციატივით გამართულ ფოტოგრაფთა კონკურსის გამარჯვებული გახდა. შაჰვალად აივაზოვი ქართული ფოტო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო ალექსანდრე როინიშვილის სახელობის ჯილდოს მფლობელია. 2015 წლის მაისში, თბილისში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის ისტორიულ მუზეუმში შაჰვალად აივაზოვის მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენაზე  - „ომის ხაზი“,  მისი 60-ზე მეტი ფოტო იყო გამოტანილი.

სტატიას ახლავს  newsjey.wordpress.com-ის ფოტო 

აღნიშნული პუბლიკაცია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგბელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და შესაძლებელია შეხედულებები არ ემთხვეოდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს. 

ახალი ამბები