კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაიხურება თუ არა №7 პენიტენციური დაწესებულება

20 ოქტომბერი, 2015
 
ნინო ქიმაძე

საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 19 ივნისს N7 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიში გამოაქვეყნა და ანგარიშის შედეგების გათვალისწინებით დაწესებულების დახურვის რეკომენდაცია გასცა. მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილ დასკვნაში №7 საპატიმროში ჰიგიენური ნორმების დარღვევა, პატიმართა ზედმეტი რაოდენობა, არასათანადო სამედიცინო დახმარება და სხვა ბევრი ხარვეზია შეტანილი. 

„2013 წელს განხორციელებული ვიზიტისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების შემდგომ, სახალხო დამცველმა №7 დაწესებულებაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გასცა; ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არა თუ არ გამოსწორებულა ვითარება წინა ვიზიტთან შედარებით, არამედ გაუარესდა, ვინაიდან ერთი მესამედით (25 პატიმრით) გაიზარდა პატიმართა რაოდენობა და შესაბამისად, დაწესებულება გადაიტვირთა. ამდენად,  უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.

ანგარიშში ძირითად მიზეზებად, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დაიხუროს, უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების შესახებ დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა, დაწესებულების ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, დროული და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების ხარვეზები და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო აქტივობების არარსებობა სახელდება. 

Humanrights.ge-მ აღნიშნულ პრობლემებზე სასაუბროდ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართა. სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა და სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა №7 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

 „№7 დაწესებულებაში არსებული საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ მინისტრი, ბუნებრივია, საქმის კურსშია და ვითარების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მუშაობა დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ №7 დაწესებულება 11 წელია ექსპლუატაციაშია და მსჯავრდებულებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად დაწყებულია რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მოძველებული ინფრასტრუქტურისა, იქ განთავსებული მსჯავრდებულები კანონით დასაშვები ყველა სერვისით და სრული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ. ამ მხრივ, აღნიშნულ დაწესებულებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს”, - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, მე-7 დაწესებულებაში 77 მაღალი რისკის მსჯავრდებული იხდის სასჯელს. ამიტომ, მათი გადაყვანა ღია ტიპის დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებს უქმნის პრობლემას, რის გამოც, უახლოეს პერიოდში გაიხსნება მაღალი რისკის მე-6 დაწესებულება, სადაც სწორედ მე-7 დაწესებულების მსჯავრდებულთა ნაწილი გადავა.

 „როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ლაითურის მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობაც, რომელიც ასევე, ამ კატეგორიის პატიმრებისთვის იქნება განკუთვნილი. მე-6 დაწესებულების გახსნის შემდეგ, მე-7 დაწესებულების პირველი სართული საერთოდ გაუქმდება და მხოლოდ 21 მსჯავრდებულზე გათვლილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა“, - ვკითხულობთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის, იურისტ ეკა ქობესაშვილის განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება სასწრაფოდ უნდა დაიხუროს, რადგან სტანდარტებს არ შეესაბამება.

„№7 დაწესებულება ნამდვილად დასახურია, რადგან იქ არსებული მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც გათვალისწინებულია პატიმრებისთვის. ნებისმიერი მსჯავრდებულის იქ განთავსების შემთხვევაში ირღვევა ამ ადამიანის უფლება. საპატიმროში არსებული მდგომარეობა გათანაბრებულია ადამიანის ღირსების შემლახველ მდგომარეობასთან“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

ეკა ქობესაშვილი №7 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს სამართლებრივ დახმარებას უწევს. როგორც იურისტი humanrights.ge -სთან საუბარში განმარტავს, საპატიმროში არსებული პირობების მიმართ უკმაყოფილებას იქ განთავსებული პატიმრებიც გამოთქვამენ.
„პატიმრები აცხადებენ, რომ იქ ყოფნის დროს უვითარდებათ სხვადასხვა ტიპის მძიმე დაავადება, რადგან საკნები არის ნესტიანი. მათი თქმით, დაწესებულებაში არ არის სიცოცხლისთვის საჭირო საკმარისი ჰაერი. არ ხდება საკნების სრულფასოვანი განიავება. ისინი მიიჩნევენ, რომ დაწესებულება ადამიანის სასიცოცხლო ბუნებრივ გარემოსთან შეუსაბამობაშია“, - განმარტავს ქობესაშვილი.

აღსანიშნავია, რომ №7 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები იხდიან.

ახალი ამბები