კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავა მეურვეობაზე

16 ნოემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის მოსახლეობა ამავე სოფელში მცხოვრები ძმების - ნიკოლოზ და დავით კაპანაძეების დაცვას ითხოვენ. ძმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, მშობლები 8 წლის წინ გარდაეცვალათ. მარტხოელად დარჩენილი ძმების მოვლა მეზობლებმა კაპანაძეების ნათესავს, გია მირიანაშვილს სთხოვეს. ამ უკანასკნელმა კი ძმების ქონება მიითვისა.

„მირიანაშვილმა ძმების კუთვნილი ნაკვეთი, პირუტყვი და საყოფაცხოვრებო ნივთები მიითვისა. ნიკოლოზსა და დავითს რუსთავში ბინა აქვთ, სადაც, სავარაუდოდ, მირიანაშვილის შვილები ცხოვრობენ. ძმების კუთვნილი პენსიაც გია მირიანაშვილს გამოაქვს. ძმები ვერ სარგებლობენ კომუნალური მომსახურეობით. სახლი, სადაც ცხოვრობენ ავარიულ მდგომარეობაშია. კაპანაძეების გამოკვებაზე მეზობლები ზრუნავენ“, - აღნიშნა ადგილობრივმა ზეინაბ შუბითიძემ.

კაპანაძეების მეზობლები ძმების მეურვეობის უფლებას ითხოვენ, რადგან მათ სამედიცინო დახმარება სჭირდება, რასაც მათი ამჟამინდელი მეურვე გია მირიანაშვილი ვერ უზრუნველყოფს. მირიანაშვილთან ინახება ძმების პირადობის მოწმობებიც, რომელიც მოთხოვნის მიუხედავად, არ დაუბრუნა მათ.
 
„გვითხრა, რომ ჩემთან გადავიყვან საცხოვრებლად და იქ კარგად მივხედავო. როგორც გავიგეთ, ვიღაც ფერმერს გაურიგდა, რომ ბიჭებს მწყემსებად გაუგზავნიდა. ალბათ, ფულს თავად აიღებდა. ჩვენ არ მივეცით მათი წაყვანის უფლება. გვეშინია, საცხოვრებელი სახლიც არ გაუყიდოს”, -განაცხადა მაყვალა ჩალაბაძემ.

ადგილობრივებმა 24 სექტემბერს ერთობლივი განცხადებით №2933 მიმართეს სოციალური სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილების უფროსს თამაზ კაკიაშვილს.  

„ძალიან გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, შეამოწმოთ თუ რა ცუდ მდგომარეობაში არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმები დავით და ნიკოლოზ კაპანაძეები“, – აღნიშნულია განცხადების ბოლოს.

3 ნოემბერს, კართუბნის მოსახლეობამ დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს მიმართა. ისინი მოითხოვდნენ, რომ ძმებს თავიანთი ქონება თავად მოხმარებოდათ და არა მათ ნათესავს.
კართუბნის გამგებლის წარმომადგენლის, იოსებ ვარდიაშვილის განცხადებით, სოციალური აგენტი იყო მისული ძმებთან, რომელიც აუცილებლად დაეხმარება მათ.
სოციალური სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილების უფროსმა, თამაზ კაკიაშვილმა კი აღნიშნა, რომ ძმებ კაპანაძეების მდგომარეობის მონიტორინგს სოციალური აგენტი ახორციელებდა და მისი დასკვნით, ძმები მართლაც რთულ პირობებში ცხოვრობენ. კაკიაშვილის თქმით, მოვლენების განვითარებას 20 ნოემბრამდე დააკვირდებიან.

Humanrights.ge გია მირიანაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ძმებ კაპანაძეების საცხოვრებელ ოთახს არემონტებს, რისთვისაც 8 წლის მანძილზე ვერ მოიცალა. მირიანაშვილის განცხადებით, ძმები მისი ბიძაშვილები არიან და მათ მეზობლებზე უკეთ მოუვლის: „ნაკვეთი არ გამიყიდია, ოთახები ბიჭებმა თავად დაანგრიეს, დენი ორჯერ შევუყვანე და გააფუჭეს, იმიტომ აღარ ვუკეთებ, რომ დენმა არ დაარტყათ“.
კართუბნის მკვიდრ მაყვალა ჩალაბაძის განცხადებით, ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, სოციალური სააგენტოდან მიიღეს პასუხი, რომ ძმების მეურვეობა კვლავ გია მირიანაშვილს დაეკისრა, ის კი ძმებს საკუთარ სახლში წაიყვანს მოსავლელად. აღნიშნულის გამო მეზობლები აღშფოთებული არიან, მათი თქმით, ძმებს მირიანაშვილს არ დაუთმობენ. 

კართუბნის მოსახლეობამ ძმებ კაპანააძეების საკითხთან დაკავშირებით შსს ლაგოდეხის რაიონულ პოლიციაში შეიტანა საჩივარი. ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტის, ლია ხუროშვილის განმარტებით, კაპანაძეებმა უნდა გამოხატონ თავიანთი სურვილი, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალონ.  თუ გია მირიანაშვილი სასამართლოს მიერ არ არის ცნობილი მხარდამჭერად, უფლება არა აქვს ისინი წაიყვანოს თავისთან. 

ახალი ამბები