კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს

19 ნოემბერი, 2015
 
Civil Georgia

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი, რომელიც საქართველოს 9–13 ნოემბერს სტუმრობდა, მიესალმა ქვეყნის მთელ რიგ „დადებით მიღწევებს“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასა და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის საქმეში შემდგომი ძალისხმევაა საჭირო. 

„მისასალმებელია მთელი რიგი პოზიტიური მიღწევები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების კუთხით, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში“, – განაცხადა მან 16 ნოემბერს გავრცელებულ პრეს–რელიზში, რომელშიც საქართველოში გასულ კვირას სტუმრობას აჯამებს.

„დამაიმედებელია, რომ სახეზეა წინასწარ პატიმრობაზე მიმართვიანობის შემცირება, თუმცა მისი გამოყენება პრობლემატური რჩება გარკვეულ შემთხვევებში“, – განაცხადა ნილს მუიჟნიეკსმა, რომელსაც სავარაუდოდ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეები ჰქონდა მხედველობაში.

იმისათვის, რომ სრულად იყოს გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისი თქმით, მოსამართლეების შერჩევა, დანიშვნა და გადაყვანა უნდა იყოს „გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული და მკაფიო კრიტერიუმების შესაბამისად განხორციელდეს“ და მოსამართლეები „უკეთ უნდა იყვნენ დაცულნი შიდა და გარე ჩარევისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გახმაურებულ საქმეებს ეხება“.
ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ იმ პროცედურის შემოღება, რომელიც მოსამართლეებს შორის საქმეების შემთხვევითი შერჩევით განაწილებას ეხება, როგორც ეს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია გათვალისწინებული, „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ თვალსაზრისით“.
მან ასევე განაცხადა, რომ კვლავ შეშფოთებას იწვევს ახლად დანიშნული მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის არსებობა და გაუმჭვირვალე დისციპლინარული პროცედურები.
ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ  „უფრო ძლიერი სასამართლო კონტროლის“ მიუხედავად, საპროცესო შეთანხმების გამოყენება „გარკვეულ შემთხვევებში შეშფოთებას“ კვლავ იწვევს.
ცოტა ხნის წინ პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ნილს მუიჟნიეკსმა განაცხადა, რომ მართალია ამან „გარკვეულწილად გააუმჯობესა“ მთავარი პროკურორის შერჩევის და დანიშვნის პროცედურები, მაგრამ „უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადაიდგას პროკურორების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან იქნას აცილებული არასათანადო პოლიტიკური ჩარევა მათ საქმიანობაში“.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს საპროკურორო საბჭოს 19 ნოემბერს წარუდგენს. საბჭო ერთ–ერთ მათგანს შეარჩევს, რომელიც შემდეგ მთავრობამ უნდა მოიწონოს და ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცოს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა შეშფოთება გამოხატა „პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე სერიოზული შემთხვევის გამო“ და აღნიშნა ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმე, რომელიც 8 ნოემბერს თბილისის პოლიციის ერთ–ერთ განყოფილებაში სცემეს.
„საქართველოს ხელისუფლებამ ამ საქმეების ეფექტური გამოძიება უნდა აწარმოოს, რასაც დამნაშავეების შესაბამისად დასჯა უნდა მოყვეს“, – განაცხადა მან.
კომისარმა ასევე გამოხატა შეშფოთება „შეუწყნარებლობის გარკვეული შემთხვევების“ გამო მუსლიმი თემის წევრების წინააღმდეგ და 2014 წელს მოხესა და ქობულეთში მომხდარ ინციდენტებს გაუსვა ხაზი.
იგი მიესალმა პროკურატურის განზრახვას იმ პირთა გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების თაობაზე, რომელთაც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს 2013 წლის 17 მაისს გამართული აქციის დროს ძალადობაში ედებოდათ ბრალი. სასამართლომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და კიდევ სამი ადამიანი რომელთაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის დარბევაში ედებოდათ ბრალი, 22 ოქტომბერს გაამართლა. ზოგიერთმა არასამთავრობო და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ პროკურატურა იმაში დაადანაშაულა, რომ მან საქმე, სავარაუდოდ, მასში სასულიერო პირის მონაწილეობის გამო, ზედმიწევნით არ გამოიძია. 
ვიზიტის დროს ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე  ბათუმს და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სტუმრობდა.


ახალი ამბები